“ბატონო ირაკლი, ბატონო დავით, სანამ პრობლემურ საკითხებზე დავიწყებთ საუბარს, გვინდა ჩვენი გულწრფელი სიხარული გამოვხატოთ საქართველოს მთავრობის ამერიკის შეერთებულ შტატებში უაღრესად წარმატებული ვიზიტის გამო. გილოცავთ და ვულოცავთ მთელ საქართველოს. იმედი გვაქვს, საქართველო არასოდეს გადაუხვევს ნამდვილი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.” _ ასე იწყება თუმცა, სწორედ ამ უკანასკნელის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების, საკმაოდ მასშტაბური და შეიძლება ითქვას, სისტემური უგულებელყოფის გამო, ჩვენ, საქართველოს სატერმინალო ლოგისტიკური მომსახურების დარგის წარმომადგენელი კომპანიები, იძულებულები ვართ, საჯარო ფორმით მოგმართოთ იმ იმედით, რომ პირადად დაინტერესდებით ჩვენს დარგში არსებული უმწვავესი პრობლემებით და ქმედით ზომებს მიიღებთ მათ გადასაჭრელად.
საქმე ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლება, იმ მოტივით, რომ განეხორციელებინა კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების მოძრაობის საბაჟო ფორმალობების პროცედურების გამარტივება (ერთი ფანჯრის პრინციპი), პარალელურად დაადგა ამ დარგის მონოპოლიზაციის გზას კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ დაიწყო ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც დააკანონა ერთი ცალკეული სუბიექტის უპირატესი, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში მონოპოლიური მდგომარეობა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული განხორციელდა ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სიტყვიერი განკარგულებებით. შესაბამისად, დანარჩენ საბაჟო-სასაწყობო საქმიანობის ნებართვის მქონე ლოგისტიკურ კომპანიებს შეეზღუდათ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად აეკრძალათ ამ ნებართვის პირობებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება და მომსახურეობის განხორციელება. ეს პროცესი დაიწყო 2011 წელს, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ შექმნა გაფორმების ეკონომიკური ზონა _ “გეზი”, და რაც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.
დარგის ცალკეული კომპანიების მიმართვებმა, წინა მთავრობის მისამართით, არანაირი შედეგი არ გამოიღო. არსებობს საშიშროება, რომ არსებული მთავრობის პირობებშიც იგივე გაგრძელდეს და როგორც შედეგი, საშიშროება შეექმნას უკვე – სატერმინალო მომსახურების დარგის ყველა ტერმინალს, ქართულ ბიზნესსფეროში შემოსულ სს კორპორაცია ფოთის საზღვაონავსადგურის “ეი პი ემ ტერმინალ ფოთი”-ს მხრიდან, რაც გამოიხატება ყველა საკონტეინერო საზღვაო ხაზის იძულებითი მომსახურებით მის კუთვნილ ტერმინალში,ე.წ. “გეზ”-ის ტერიტორიაზე. აქამდე უპასუხოა მიმართვები ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ბიზნესომბუდსმენის ოფისის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდან.
ამავე საკითხზე 13.01.14-ში თქვენც მოგემართათ წერილით, რომელზეც რეაგირება დაავალეთ ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენს. პასუხი დღემდე არ გვაქვს.
სწორედ ამის გამო, იძულებული შევიქენით, ასე საჯარო ფორმით მოგვემართა თქვენთვის, რათა მოხდეს დარგში დაგროვილი პრობლემების მოგვარება.
ასეთმა მიდგომამ წარმოშვა უამრავი პრობლემა სატვირთო ლოგისტიკის მთლიან დარგში.
კერძოდ:
1. სახელმწიფომ, “გეზ”-ებთან მიმდებარე ტერმინალების ამოქმედებით დაუშვა უპრეცედენტო შეცდომა – სახელმწიფომ დაიწყო სატვირთო ლოგისტიკის ბიზნესის წარმოება კერძო ბიზნესის გვერდიგვერდ, რაც იწვევს აშკარა ინტერესთა კონფლიქტს სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის.
2. შეიქმნა ხელოვნური მონოპოლიები, ან სატვირთო ლოგისტიკის ბაზარზე ხელოვნურად გაჩნდნენ დომინანტები;
3. დარღვეულია საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპი: თავისუფალი კონკურენცია ბიზნესსუბიექტებს შორის და განსაკუთრებით მომსახურების არჩევანის უფლება საზღვაო საკონტეინერო ხაზების, ავტოგადამზიდავი კომპანიებისა და ტვირთმიმღებებისათვის, ხოლო ფოთის ნავსადგურის ტერმინალის შემთხვევაში, დამატებით კიდევ გაჩნდება საზღვაო საკონტეინერო ხაზების კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების რისკი ერთი კონკურენტის სასარგებლოდ;
4. უკვე მესამე წელია სახელმწიფოს მიერ გაცემული საქმიანობის ნებართვის მქონე კერძო კომპანიებს, ზოგიერთ ნაწილში შეეზღუდათ, ხოლო ზოგიერთ ნაწილში სახელმწიფოს (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) მიერ სიტყვიერი განკარგვების დონეზე, საერთოდ აეკრძალათ საქმიანობა.
5. დაუცველია ქართველი ინვესტორების ინვესტიციები და შელახულია კერძო მესაკუთრეების უფლებები;
6. უკვე გაუქმდა რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი.
დიდი უსამართლობა იქნება არ აღვნიშნოთ, როგორ განთავისუფლდა ბიზნესი წინა ხელისუფლების პირობებში არსებული წნეხისგან, მაგრამ გვერწმუნეთ, კერძო ბიზნესში ჩარევა ინერციით (არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გამიზნულად) ისევ ხორციელდება, რადგან ამ მხრივ სახელმწიფო სამსახურების მხრიდან სიტყვიერი აკრძალვები კვლავ გრძელდება, რაც იწვევს ხელოვნურ მონოპოლიებს.
ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტრო ფოთის ნავსადგურთან ერთად მუშაობს დამატებითი რეგულაციების პროექტზე. მისი განხორციელების შემთხვევაში კი, მიმდინარე წლის მაისის თვიდან ფოთში, საკონტეინერო საზღვაო ხაზებით ჩამოტანილი კონტეინერების მიღება გემიდან აეკრძალება ყველა საკონტეინერო ტერმინალს, რაც ავტომატურად გულისხმობს გემიდან კონტეინერების ექსკლუზიურ მოხვედრას სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის, “ეი პი ემ ტერმინალს ფოთი”-ს კერძო ტერმინალში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში (ძირითადად ფოთში) ჩამოყალიბდა საზღვაო საკონტეინერო ხაზებთან ექსკლუზიურად მომუშავე ფართო ლოგისტიკური ქსელი. შეიქმნა ახალი ბიზნეს მიმართულება, კეთილმოწყობილი იქნა საბაჟო-სატერმინალო ტერიტორიები, შეძენილი იქნა მრავალპროფილიანი ტექნიკა, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. დარგის განვითარებისთვის ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულია 100 მლ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმებულია 5000-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ პირდაპირ ინდუსტრიაში, ხოლო ირიბად, თანმდევი მომსახურებისათვის, დამატებით შეიქმნა კიდევ 1000 სამუშაო ადგილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ რაც ზემოაღნიშნულმა კომპანიამ შეიძინა ფოთის საზღვაო პორტი, საკონტეინერო ტერმინალებს გაუჩნდათ იმედი, რომ ეს კომპანია მოაწესრიგებდა საკონტეინერო გემების ნავმისადგომებს მაინც, მაგრამ მათ გადაწყვიტეს საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, არსებული საკონტეინერო ლოგისტიკური ქსელის ჩანაცვლების მიზნით, ანუ, სახელმწიფო ფოთის საზღვაო ნავსადგურთან ერთად დაადგა ინდუსტრიის მონოპოლიზაციის გზას.
არსებულის განხორციელება დაგეგმილია, ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ ერთი კერძო ტერმინალის სასარგებლოდ საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების შეტანით ან შიდაუწყებრივი რეგულაცია-ბრძანების მეშვეობით, და მეორეს მხრივ ფოთის ნავსადგურის, როგორც ბუნებრივი მონოპოლისტის მიერ იმდაგვარი სატარიფო რეგულაციის შექმნით, რომელიც სრულად გამორიცხავს კონკურენციას ამ დარგში, და ბაზარზე დარჩება მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომელიც მხოლოდ ფოთის ნავსადგურის სტრუქტურის განუყოფელი ნაწილი იქნება. ეს არის ბუნებრივი მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აშკარა მაგალითი.
გარწმუნებთ, თუ ზემოაღნიშნული განხორციელდა, ამას ნამდვილად მოჰყვება ლოგისტიკურ კომპანიებში დასაქმებულების უკიდურესად მწვავე პროტესტი; ეს გამოიწვევს დარგის განვითარების გაჩერებას. ჩვენ ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან უკვე განხორციელებული ანალოგიური რეფორმით თბილისში დაიხურა ლოგისტიკური ცენტრები და ამ ცენტრებზე მიბმული საბროკერო კომპანიების უდიდესი ნაწილი, რითაც საერთო ჯამში უმუშევარი დარჩა ათასობით ადამიანი. იმ შემთხვევაში თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდა ფოთშიც, დამატებით მივიღებთ გაუქმებულ უამრავი სამუშაო ადგილს და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის დონის დაცემას.
ბატონო პრემიერ მინისტრო,
თქვენს მოსაზრებას, რომ ქართულმა ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით, რომ მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი, რომ ქვეყანამ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მიმზიდველობა და გახდეს ლოგისტიკური ჰაბი, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით და აი, უკვე ოცი წელია ამ საქმეს ვემსახურებით, რომლის განვითარების პერსპექტივა დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს მიერ დარგისთვის ხელშეწყობაზე და არა მის მონოპოლიზაციაზე.
დაგვეთანხმებით, რომ სახელმწიფო საქმეს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს ესა თუ ის სატვირთო მანქანა, ან საზღვაო კონტეინერი, რომელ ტერმინალში მოხვდება დასამუშავებლად. ეს პროცესი მხოლოდ თავისუფალმა კონკურენციამ უნდა მართოს.
აქსიომაა, რომ მონოპოლიის შექმნის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება სერვისის გაძვირება და მომსახურების ხარისხის გაუარესება. არ შეიძლება ინვესტიციად განხილულ იქნას ისეთი ქმედება, რომელიც თითქოს “ახალ” სამუშაო ადგილებს ქმნის, მაგრამ რეალურად აუქმებს რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში შექმნილ და მოქმედ გაცილებით მეტ სამუშაო ადგილს. ინვესტიციად შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ის ქმედება, რომელიც ბაზარზე არსებულ კომპანიებს გაუწევს ჯანსაღ და თავისუფალ კონკურენციას, როგორც მომსახურეობის ხარისხით, ასევე სატარიფო პოლიტიკით და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
თუ სახელმწიფოს გააჩნია რაიმე დამატებითი პირობა, ან ახალი გონივრული მოთხოვნა ამ საქმიანობის მიმართ, ცხადია, მას ეს შეუძლია ღიად გამოაცხადოს და ასახოს შესაბამის სანებართვო პირობებში, რაც ჩვენი მხრიდან უდავოდ გათვალისწინებული იქნება. სახელმწიფო უხეშად არ უნდა ჩაერიოს დარგის ფუნქციონირებაში რომელიმე ბიზნეს სუბიექტის სასარგებლოდ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მოგმართავთ თხოვნით, პირადად ჩაერიოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, რაც იმედს ჩაგვისახავს, რომ დარგი გადაურჩება განადგურებას და თავიდან აცილებული იქნება მწვავე სოციალური აფეთქება, განსაკუთრებით ფოთის რეგიონში.” _ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- შპს “კაისა”
- შპს “კავტრექს ტერმინალი”
- შპს “არაგვი”
- შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთი”
- შპს “ესპერანსი”
- შპს “ლოჯიტექსი”
- შპს “კავტრექსფოთი”
- ს.ს. “ლილო – 1”
- შპს “ტერმინალი ზაჰესი”
- ა.ო საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია
- შპს “ეტს”
- შპს “ალმარ სერვისი”
- შპს “ბარვილ ჯორჯია”
- შპს “სიემეი სიჯიემ საქართველო”
- შპს “ზიმ ინთეგრეითიდ შიფინგ სერვის ჯორჯია”
- შპს “ისთ გეით გრუპ”
- შპს “სერვის პლიუსი”
- შპს “კავლასინტერსერვისი”
- შპს „მონოლით ტრანსი“
- შპს “ნედტრანსი”
- შპს “ჯი ენდ ეი ფორვარდი”
- შპს “ექსპრეს ტრანს შიპმენტი”
- შპს “ფოთი ვნეშტრანსი”
- შპს “თი ენდ ელ ტრანსი”
- შპს “ბი ანდ თი ლოჯისტიკი”
- შპს “ვი ენდ ვი ლოჯისტიკი”
- “ტრანს ალიანს – ფოთი”
- შპს “სელა”
- შპს “გეო ექსპრესი”
- შპს “ბუდუ ტრანსი”
- შპს “აიბი ლოჯისტიკი”
- შპს “გლობალ კომპანი”
- შპს “ტრანს მალი”
- შპს “ვოლდექსი”
- შპს “კარგოტრანსი”
- შპს “სოფმარი”
- შპს “ელ ენდ ჯი”
- შპს “აპავენ ჯორჯია”
- შპს “ფოთის სანაოსნო სააგენტო”
- შპს “არსი”
- შპს “ფაზისი”