ამჯერად, თქვენს ყურადღებას საჯარო მოხელეთა პირად საქმეებზე შევაჩერებთ, რომლებიც, ასევე, საინტერესოა.
ვლადიმერ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. საკმაოდ ვრცელი სამსახურეობრივი ბიოგრაფიის გრაფაში ვკითხულობთ: “2011 წლის ოქტომბრიდან პოლიტიკური პარტია “თავიუფალი დემოკრატები _ ენი საქართველო” ჩოხატაურის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლის იანვრიდან კი “კუალიცია” “ქართული ოცნების” წევრი.”
ივანე კეკელიძეც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს. პირად საქმეში მითითებულია, რომ უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა, თანდართულ საარქივო ცნობაში ვკითხულობთ: “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის არქივის საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ივანე კეკელიძე 1991-1994 წლებში ნამდვილად სწავლობდა ქ. ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში საწარმოთა და სამოქალაქო შენობების ელექტრო-მოწყობილობების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სპეციალობაზე #119 ჯგუფში, სადაც ჩაირიცხა 1991 წელს. ამასთან, კოლეჯის დირექტორის, 1994 წლის 14 აპრილის #14 ბრძანებით, კვალიფიკაცია მიენიჭათ სამრეწველო და სამოქალაქო შენობების ელექტრომოწყობილობის მონტაჟი და ექსპლოატაციის სპეციალობის #119 ჯგუფის კურსდამთავრებულებს. აღნიშნულ ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული ივანე კეკელიძე”.
სოფელ ზოტის რწმუნებული, რაულ კონცელიძე წერს: “დაბადებული ვარ 1970 წლის 29 აპრილი. განათლებით საშუალო დავამტავრე ზოტის საშუალო სკოლა”
სოფელ ერკეთის რწმუნებულს, ირაკლი თედორაძეს კადრების აღრიცხვის პირად ფურცელში, გრაფაში _ სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება უწერია _ “ვიმყოფები”. იმავე გრაფაში, სოფელ გუთურის რწმუნებული აღნიშნავს _ “არ ვიმყოფები”.
სოფელ ნაბეღლავის რწმუნებულის, ჭაბუკა კვაჭანტირაძის კადრების აღრიცხვის ფურცელში აღნიშნულია, რომ ის 2002 წლიდან 2007 წლამდე შსს “კრიმინალისტურ” სამსახურში მუშაობდა.
“საშოფრო” დაუმთავრებია სოფელ ქვენობნის რწმუნებულს, დავით კვაჭანტირაძეს.
მისი თანაშემწის, კახა ბერაძის კადრების აღრიცხვის ფურცელში, გრაფაში _ სამუშაო, რომელსაც ასრულებდით შრომითი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ვკითხულობთ: “რიგითი, სამხედრო სავალდებულო სამსახური”.
გაცილებით საინტერესოა მის მიერ დაწერილი განცხადება.
“გთხოვთ ამიყვანოთ ქვენობნის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე”.
ამ განცხადებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის რეზოლუცია ადევს. ჯინჭარაძე ამბობს, რომ ყველა განცხადების წაკითხვა მისი მოვალეობა არ არის.
_ ბატონო თამაზ, როდესაც განცხადებებს რეზოლუციას ადებთ, მის შინაარსს კითხულობთ?
_ როგორ თუ შინაარსს?!
_ სანამ განცხადებას რეზოლუციას დაადებთ, მანამდე ეცნობით თუ არა რა წერია განცხადებაში?
_ რა მნიშვნელობა აქვს მაგას…
_ მნიშვნელობა არ აქვს?
_ გავიგე, რომ ზოგს ასო აკლია, ზოგს რაღაც.
_ დავანებოთ თავი ასოებს. როდესაც ადამიანი გწერთ, რომ “აიყვანოთ ქვენობნის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის თანაშემწედ”, და თქვენ ამაზე რეზოლუციას ადებთ, ეს როგორ გავიგოთ? სოფელ ქვენობანს მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა?
_ დღის განმავლობაში შეიძლება, ჩემთან 200 განცხადება შემოდიოდეს. ამისთვის კონკრეტული სამსახურის უფროსს და სპეციალისტს გამოეცხადათ საყვედური. უამრავი განცხადება შემოდის და მაშინ უნდა ვიჯდე და ვიკითხო ეს ყველაფერი.
_ ე.ი. განცხადებებს რეზოლუციას ისე ადებთ, რომ არ კითხულობთ…
_ პირდაპირ ვამბობ _ მე რომ ეს ყველაფერი გავიარო, მაშინ უნდა ვიჯდე და ვიკითხო. რაღაც შეცდომები არის.
_ რაღაც შეცდომაა, როდესაც სოფლის რწმუნებულის თანაშემწე განცხადებაში სოფელს მუნიციპალიტეტად მოიხსენიებს?
_ გავიგე. ეს იყო ადრე. შემდეგ იმ სამსახურში ახალი კადრები მოვიყვანე, რომლებიც ამოწმებენ ამ ყველაფერს. რამდენჯერ უნდა ატრიალოთ ეს ამბავია. ოზურგეთშიც ასე ხდება და ლანჩხუთშიც.
_ ეს მისაღებია და უნდა ხდებოდეს?
_ არავინ ამბობს, რომ მისაღებია, მაგრამ ხომ ამოიწურა ეს თემა. ხომ გააგებინეთ მთელ საქართველოს. რაც გინდათ, ის დაწერეთ და პირდაპირ გეუბნებით, კომენტარს აღარ გავაკეთებ არაფერზე.
_ რატომ ჩხუბობთ?
_ იმიტომ, რომ თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი. ასოების შეცდომას მისდევთ.
_ ეს მხოლოდ ასოების შეცდომაა?
_ გავიგეთ. დაბეჭდეთ და წერეთ. ადამიანს რომ არ უნდა შეეშალოს, რა უნდა გითხრათ, როგორ კითხვას მისვამთ.
_ რა არის უცნაური ჩვენ შეკითხვაზე? გვაინტერესებს ეცნობით თუ არა განცხადებებს რეზოლუციის დადებამდე….
_ ეს უნდა წაიკითხოს შესაბამისმა სამსახურმა. მიიღეს საყვედური.
_ ბატონო თამაზ, თქვენ გამგებელი ხართ, მუნიციპალიტეტი გაბარიათ და შეიძლება, რომ განცხადებებს რეზოლუცია წაკითხვის გარეშე დაადოთ?
_ ჩემთან განცხადება არ შემოაქვთ(?!).
_ განცხადებებს თქვენი რეზოლუცია ადევს…
_ გავიგე, მაგრამ ის ჩემთან არ შემოდის, პირდაპირ. ატარებენ და შესაბამისი სამსახური იბარებს.
_ თუკი თქვენი თანამშრომლები ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას თავს, თქვენ არ უნდა წაიკითხოთ?
_ გავიგე და ხომ გააგებინეთ საზოგადოებას. რაც გინდათ, ის დაწერეთ. როგორც წერს, ისე წერს.
_ როგორც წერს, ისე წერს? პირადი საქმეები რომ მოუწესრიგებელია, ელემენტარული განათლება რომ არ აქვთ თანამდებობის პირებს, დიპლომებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს არაფერია?
_ განათლება არ ნიშნავს, რომ დიპლომი უნდა ჰქონდეს. თქვენ თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებთ, _ დაგვიკონკრეტა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.
მსგავსი “თითიდან გამოწოვილი თემები”, რომელსაც თურმე გამგებელი წაუკითხავად ადებს რეზოლუციას, სამწუხაროდ, ბევრია.
ამავე თემაზე: “გტხოვტ დამაცხებინოთ რაიმე მუშაობა” _ როგორ არ უნდა დავწეროთ განცხადება სამსახურის დაწყების მოთხოვნით; “მამლობითი”, “დედრობითი”, “ბუხ.ეკონომისტი”, ორგანიზატორ-ბიზნესმენი”_ ამონარიდები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა CV-ებიდან; “ითხოვე და მოგეცემა” _ რა არის საჭირო საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად; საჯარო მოსამსახურეთა CV_ები _ “ცოლიანია”, “საშვალო განათლებით”, “ამორიცხულია სტუდენტთა სიიდან” და ა.შ.