ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩემი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს იყო არაპროფესიონალიზმის მაგალითი”. _ ასეთ კომენტარს აკეთებს ნინო ბურჯანაძე “გურია ნიუსთან.”
დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ იმ ამბის გაგება “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს”ლიდერისგან, რომლის შესახებაც დიდი ვნებათაღელვა იყო ატეხილი უზენაესს სასამართლოში და რომლის შესახებაც “გურია ნიუსი” 2013 წლის 22 აპრილს წერდა სტატიაში: მანანა კობახიძე, ყოფილი მოსამართლეები და ზაზა ხატიაშვილი _ პასუხის პასუხი უზენაეს სასამართლოს
“როდესაც თქვენ უზენაესი სასამართლო დააკომპლექტეთ, რაც არა 2/3-იანი ქვორუმით, არამედ ჩვეულებრივი უმრავლესობით მოხდა და აირჩიეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მოსამართლეები, მაშინ რა პრინციპით იხელმძღვანელეთ? მაგალითად, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პროკურატურიდან მისული კადრი მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა და სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით სარგებლობდა, მაშინ რით იხელმძღვანელეთ?
პირველი ვიცე-სპიკერის ამ განცხადებას, მყისიერად მოჰყვა პასუხი უზენაესი სასამართლოსგან.
“ქალბატონი მანანა კობახიძე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როდესაც აცხადებს, რომ მ. ჩინჩალაძეს და ლ. მურუსიძეს სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდათ მანამდე, სანამ გახდებოდნენ მოსამართლეები. ორივე მათგანი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს აპარატში და შემდეგ უკვე ლ. მურუსიძემ 11 თვე, ხოლო მ . ჩინჩალაძემ დაახლოებით 3 წელი იმსახურეს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, რის შემდეგაც უკვე ჯერ ლ. მურუსიძე, შემდეგ კი მ. ჩინჩალაძე შეუდგნენ მოსამართლედ მუშაობას…
უზენაესი სასამართლო ასევე სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის განცხადებას, რომ თითქოს სასამართლო პროცესზე მ. ჩინჩალაძემ ისარგებლა დუმილის უფლებით, რაც არის მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაცია. ამგვარ ფაქტს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს მოსამართლის და შესაბამისად პიროვნების პროფესიული ღირსების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რაც დასანანია ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად, როდესაც ასეთი განცხადების ავტორად გვევლინება მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ავრცელებს სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ქალბატონ ვიცე–სპიკერს, გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, რომ ამგვარი რამ მოხდა, ვთხოვთ დაასახელოს კონკრეტული საქმე, მისი განხილვის თარიღი და სასამართლო, სადაც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასეთს, ცხადია იგი ვერ დაასახელებს თუნდაც ელემენტარულად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროკურატურაში მუშაობისას, მაღალი რანგობრივი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მ. ჩინჩალაძეს არ უწევდა სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლო პროცესებზე გამოსვლა,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მანანა კობახიძის გამოსვლის პასუხად გაავრცელა.
მაშინდელი პროკურორის, მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე გამოყენებული დუმილის უფლება, რამდენიმე წლის წინ, ელვის სისწრაფით მოედო მთელს საზოგადოებას და მათ შორის მედიას. ამ თემაზე არაერთგზის ითქვა და დაიწერა. ხშირად საუბრობდა ამაზე ადვოკატთა კორპუსიც, როგორც უპრეცედენტო შემთხვევაზე.
თუმცა, მაშინ უზენაეს სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია და არც ჩინჩალაძის პროფესიული ღირსების შელახვაზე ჰქონია პრეტენზია.
ყოფილ მოსამართლეებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ჟურნალისტებს კი დღემდე კარგად ახსოვთ ეს ფაქტი, რომელიც წითელ ზოლად გასდევდა მიხეილ ჩინჩალაძის პერსონას და ავტობიოგრაფიას.
უფრო მეტიც, “გურია ნიუსთან“ საუბარში რამდენიმე მათგანს ისიც კარგად ახსოვს, რომ ჩინჩალაძის “დუმილის უფლებაზე” განცხადება ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
მერაბ ტურავა (უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე): “ჩინჩალაძის “დუმილის უფლების” ამბავი იმდენად გახმაურებული თემა იყო, რომ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ოპოზიციაში, თავისი პოზიცია გამოხატა. როგორც მახსოვს, მაშინ მან პარლამენტში განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში არის მოსამართლე, რომელმაც პროკურორობის დროს დუმილის უფლება აირჩიაო. ყოველთვის, როდესაც საუბარი ჩამოვარდება უზენაესი სასამართლოს პალატის თავმჯდომარეებზე, ყველას ჩინჩალაძის დუმილის უფლება ახსენდება და ამ თემაზე საუბრობენ“
აღნიშნული ფაქტის უტყუარობას კი მცხეთის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც, ჯემალ ლეონიძეც ადასტურებს:
“მე როგორც ვიცი, როდესაც ჩინჩალაძე იყო შიდა ქართლის სამხარეო პროკურორი, სწორედ მაშინ მოხდა ეს ფაქტი. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა განცხადება, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
“პროკურორები, რომლებიც დუმილის უფლება იყენებენ, სისტემაში არ გვჭირდებაო” _ ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ მაშინ გააჟღერა, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ეს ძველი ამბავია, მაგრამ ნამდვილი ფაქტია. ჩემს პროცესზე არ მომხდარა ეს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ არანაკლები მე პირადად მინახავს და მომისმენია. ეს კაცი, ანუ ჩინჩალაძე ცალკე საუბრის თემაა საერთოდ.”
როგორც შესავალში მოგახსენეთ, მოსამართლეების განცხადება “მდუმარე პროკურორზე” ბურჯანაძემ დაადასტურა და ამავე თემაზე ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა:
ნინო ბურჯანაძე: “საერთოდ, მე ერთ რამეს ვიტყოდი, პრობლემა არის ის, რომ ყოფილი პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები რჩებიან თანამდებობებზე. რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. იყვნენ ისეთებიც, ოღონდ ძალიან ცოტანი, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ არც პრეტენზიები უნდა გვქონდეს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც თავი შეირცხვინეს თავიანთი უსინდისო მოქმედებით და რომელთა სახელები და გვარები კარად იცის ქართულმა საზოგადოებამ, არ უნდა აგრძელებდნენ ახალი ხელისუფლების პირობებში თანამდებობებზე ყოფნას და მუშაობას. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა და პრინციპული აუცილებლობაა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღსდგეს ქვეყანაში. გავიდეს გარკვეული პერიოდი, მოინანიონ ამ ადამიანებმა და დაგვანახონ, რომ არასდროს პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებენ. მაგრამ დღეს, იმ ადამიანებს, რომლებმაც უამრავი ოჯახი გაუბედურეს, პასუხი უნდა მოეთხოვოთ”.