თუმცა, ბოლო წლების პრაქტიკა, რომელსაც ხელისუფლებაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩინოვნიკები პრემიებს კონკრეტული დამსახურების გარეშე იღებენ.
ასე იყო წინა წლებშიც და ასე გრძელდება ახლაც. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია აღნიშნავენ, რომ პრემიები არასწორად გაიცემა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” 2013 წლის 23 აპრილის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრემიების გაცემის დროს, კვლავ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენციები, კერძოდ: “პრემიის გაცემა ხდება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით _ სათანადო დასაბუთების გარეშე; გაუგებარია, რა განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის გაიცემა პრემიები საჯარო მოხელეებზე; ასევე, გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა პრემიის გაცემის ნაწილში სხვა სახის მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეგულაციებს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ უწყებაში დასაქმებული პირებისთვის პრემიის გაცემის გადაწყვეტილევა, უმრავლეს შემთხვევაში, ერთპიროვნულად მიიღება. პრემიის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები კი მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და არ ეფუძნება კონკრეტული პირის სათანადო შეფასების კრიტერიუმებს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ საჯარო დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოსამსახურისთვის პრემიის გაცემის წესს დაარეგულირებს. ასეთი სამართლებრივი აქტის არარსებობა კი თავისთავად ხელს უწყობს დამკვიდრებული უსამართლო პრაქტიკის გაგრძელებას,” _ აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოუწოდებს ყველა შესაბამის დაწესებულებას, დროულად შეიმუშაონ პრემიის გაცემის გამჭვირვალე და ობიექტური რეგულაციები, ამგვარი რეგულაციების შემუშავებამდე კი თავი შეიკავონ პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკის გამოყენებისგან.
თუმცა, ეს მოწოდებები, მოწოდებებად რჩება. ძველი და ახალი ხელისუფლება, კოჰაბიტაციას პრემიების გაცემასთან დაკავშირებითაც მშვენივრად ახერხებს და როგორც რამდენიმე დღის წინ გიამბეთ, ხელფასის ოდენობის პრემიებს ირიგებს.
არადა, სანამ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდოდა, მათი ერთ-ერთი ბრალდება “ნაციონალური მოძრაობის” მისამართით, სწორედ პრემიების დარიგება გახლდათ.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებზე (სულ 20 ადამიანია) 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით 49 200 ლარის ოდენობის პრემიაა გაცემული.
ანტონ ხუნდაძის 2012 წლის 4 იანვრის #4 ბრძანების თანახმად, “2011 წელს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და ბიუჯეტის შესრულების საქმეში გაწეული მუშაობისთვის, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს” პრემიები დაურიგდათ: საკრებულოს თავმჯდომარეს, ანტონ ხუნდაძეს _ 2 360 ლარი; მის მოადგილეს, მიხო უნგიაძეს _ 1 100 ლარი; ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ზაზა ბასილიას _ 650 ლარი; ფრაქცია “მაჟორიტარების” თავმჯდომარეს, თემურ ხუხუნაიშვილს _ 650 ლარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, შალვა ჩანტლაძეს _ 650 ლარი; სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ერეკლე მრელაშვილს _ 650 ლარი; სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ოსეფაიშვილს _ 650 ლარი; სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ ურიდიას _ 650 ლარი; ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარეს, ზაზა სიხარულიძეს _ 650 ლარი; აპარატის უფროსს, მერაბ ხუნდაძეს _ 700 ლარი; უმცროსი თანამდებობის პირს, იურისტ ედიშერ ჯიბუტს _ 420 ლარი; უმცროსი თანამდებობის პირს საკადრო და საოქმო წარმოების საკითხებში, ლალი თოდრიას _ 420 ლარი; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირს, კომპიუტერული უზრუნველყოფის საკითხებში, ჟანა სიხარულიძეს _ 420 ლარი; უმცროსი საჯარო თანამდებობის პირს საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის საკითხებში, მზია სიხარულიძეს _ 420 ლარი; მდივან-რეფერენტმა, მადლენა ჯანბერიძეს _ 420 ლარი.
ამავე ბრძანებით, ჩოხატაურის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა 2 360 ლარი მიიღო; გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გია გიორგაძემ _ 900 ლარი; გამგებლის მოადგილემ, დიმიტრი კორიფაძემ _ 900 ლარი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, დავით ჯინჭარაძემ _ 700 ლარი; გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა სანიკიძემ _ 450 ლარი.
პრემიები დარიგდა საქმის წარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილებაში; ქონების მართვის სამსახურში; საფინანსო სამსახურში; ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურში; სოციალურ საკითხთა სამსახურში; იურიდიულ სამსახურში; მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში; სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურში; ზედამხედველობის სამსახურში; პრემიები სოფლის რწმუნებულებსაც ერგოთ.
ანტონ ხუნდაძის #73 ბრძანებით (2012 წელი, 6 აპრილი) პრემია კვლავ დაურიგდათ თანამდებობრივი სარგოს 50%-სა და 100%-ის ოდენობით გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს. საკრებულომ ამჯერად პრემიები შტატგარეშე მოსამსახურეებსაც მისცა _ სპეციალისტებს _ ნათია ციცაძეს, ირაკლი სიხარულიძეს და ნაზი ბერძენიშვილს _ 210-210 ლარი.
2012-2013 წლებში სამაშველო სამსახურში პრემია, ხელფასის ოდენობით (700 ლარი), თანაც რამდენჯერმე მხოლოდ ხელმძღვანელს, გულთმისან ვასაძეს აქვს აღებული. ამავე ბრძანებით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, მიხეილ უნგიაძეს ხელფასის ოდენობის პრემია მისცეს, დანარჩენებს _ ხელფასის ნახევარი.
მიხეილ უნგიაძეს 2012 წლის 15 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარის #131 ბრძანებით, 1 100-ლარიანი პრემია კიდევ აქვს მიღებული.
იმავე წლის 18 ივნისს, შალვა ჩანტლაძეს 650 ლარის ოდენობის პრემია მისცეს, ანტონ ხუნდაძემ საკუთარი თავი 20 ივნისს 1 180-ლარიანი პრემიით წაახალისა, თუმცა, არც კოლეგები დავიწყებია და 2012 წელს, უკვე ხელფასის ოდენობის მესამე პრემია მისცა ზაზა ბასილიას, თემურ ხუხუნაიშვილს, ერეკლე მრელაშვილს, ზაურ ოსეფაიშვილს, თამაზ ურიდიას, ზაზა სიხარულიძეს და მერაბ ხუნდაძეს.
მერაბ ხუნდაძეს 700-ლარიანი პრემია 2012 წლის 19 სექტემბერსაც მისცეს.
საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიები არჩევნების მეორე დღეს _ 2 ოქტომბერს აიღეს (ალბათ, არჩევნებში დამარცხების კომპენსაციის სახით. ავტ): მიხეილ უნგიაძემ 1 100 ლარი მიიღო. ზაზა ბასილიას, თემურ ხუხუნაიშვილს, შალვა ჩანტლაძეს, ერეკლე მრელაშვილს, ზაურ ოსეფაიშვილს, თამაზ ურიდიას და ზაზა სიხარულიძე 650-650 ლარი ერგოთ.
გამგეობის და საკრებულოს უკლებლივ ყველა თანამშრომელმა, ხელფასის 50% ოდენობის პრემია 2012 წლის 21 დეკემბერსაც აიღეს.
პრემიები არასამეწარმეო იურიდიულ პირებშიც დარიგდა.
სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” ხელმძღვანელის, ნინო ბარამიძის 2012 წლის 10 აპრილის #28 ბრძანების თანახმად, პრემიები მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ “წახალისების მიზნით”. ბარამიძის მიერ საკუთარი თავის წახალისება, ჩოხატაურის ბიუჯეტს 470 ლარი დაუჯდა, მისი მოადგილის, მარინა ცინცაძის _ 420 ლარი; ბუღალტრის, გულნაზ დოლიძის _ 420 ლარი; იურისტ ვარდო სიხარულიძის _ 420 ლარი; შესყიდვების სპეციალისტის, ნათია ანდღულაძის _ 400 ლარი; მეთოდისტ ნუნუ ღოღობერიძის _ 300 ლარი. 300-ლარიანი პრემია მიიღო ელენე ჩხიკვაძემ _ სპეციალისტმა კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში. ამავე რაოდენობის პრემია ერგოთ ბუღალტრებს _ მაია გიორგაძესა და თამარ სიხარულიძეს. 300 ლარი მიიღო სპეციალისტმა შესყიდვების და ინფორმაციის მიღება დამუშავების საკითხებში გიორგი დოლიძემ. დამლაგებელ ლიანა მამალაძეს 140 ლარი მისცეს; ხელშეკრულებით აყვანილ სპეციალისტს სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებში, ნანული ჩხიკვიშვილს _ 300 ლარი. 250 ლარი _ ხელშეკრულებით აყვანილ მძღოლს აკაკი სიხარულიძეს.
“მომავალის” ადმინისტრაციამ (გარდა ნანული ჩხიკვიშვილისა) პრემიები შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, “წახალისების სახით”, 2013 წლის 8 იანვარსაც მიიღეს.
სამუსიკო სკოლაში ხელფასის 50% ოდენობით პრემია, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2012 წლის 27 დეკემბერს დარიგდა.
კულტურის ცენტრში საახალწლო პრემიები, ხელფასის ოდენობით 2013 წლის 9 იანვარს ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაურიგდათ.
სამუზეუმო გაერთიანების 12 თანამშრომელს 40-40 ლარი, დედათა და ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით, 2013 წლის 4 მარტს მისცეს.
ჯანდაცვის ცენტრში, როგორც ბრძანებაშია მითითებული, ეკონომიის ხარჯზე, 2012 წლის 24 დეკემბერს გიორგი კუტუბიძეს 100 ლარის ოდენობის პრემია მიეცა; მთავარ ბუღალტერს, რუსუდან მეგრელიშვილს _ 100 ლარი; ექიმ-ეპიდემიოლოგს, ნატო ჯიბუტს _ 50 ლარი; ექიმ-პროფილაქტიკოსს, თამილა ტყეშელიაძეს _ 50 ლარი; იმუნიზაციის ექთანს, დოდო გოგიშვილს _ 40 ლარი. 40-40 ლარი აიღეს მარინა ძნელაძემ, ეკა მათითაშვილმა, ნათელა კალანდაძემ, მაია შარაშიძემ და რუსუდან სიხარულიძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მომუშავე ყველა ქალბატონს, 60 ლარის ოდენობის პრემია 2012 წლის 3 მარტს დაურიგდათ. 2013 წლის 1 მარტს კი ყველა ქალბატონს 50 ლარი მისცეს.
საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციას და მთავარი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს (სულ 12 თანამშრომელი) ხელფასის ოდენობის პრემია 2013 წლის 9 იანვარს დაურიგდათ; სპორტის განვითარების ცენტრში პრემია 2013 წლის 7 იანვარს დარიგდა და 11 თანამშრომელმა მიიღო; სამხატვრო სკოლაში პრემიები 2013 წლის 4 იანვარს დარიგდა და 13-მა თანამშრომელმა მიიღო; სასპორტო სკოლის იმდროინდელი ხელმძღვანელის, თამაზ ძნელაძის #39 ბრძანების თანახმად (10 აპრილი 2012 წელი), სააღდგომოდ პრემიები დაურიგდათ სასპორტო სკოლის თანამშრომლებს _ 2013 წლის 4 იანვარს სასპორტო სკოლის თანამშრომლებმა “სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისთვის, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, სპორტის ყველა სახეში (ალბათ, სახეობაა ნაგულისხმევი. ავტ). მიღწეული წარმატებისთვის (რომელ წარმატებას მიაღწიეს ჩოხატაურელმა სპორტსმენებმა “სპორტის ყველა სახეში”, ბრძანებაში მითითებული არ არის. ავტ.), შობის დღესასწაულთან დაკავშირებით” ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია აიღეს.
ერთადერთი აიპი, სადაც პრემიები არ გაცემულა, კომუნალური სამსახური “სხივია”.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემებზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარისგან, ანტონ ხუნდაძისგან მიგვეღო, თუმცა, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, სამსახურში რამდენჯერმე მისულებს კი ადგილზე არ დაგვხვდა.
სტატიები მომზადებულია ფონდის”ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას