_ ალბათ არის რაღაც სტანდარტები, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა დაიცვას ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის ბუნებრივია მაშინაც, როცა საუბრობ პოლიტიკურ ოპონენტებზე. პოლიტიკური შეტევა მიღებული, ნორმალური და ლეგიტიმურია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი პოლიტიკოსისათვის ის უნდა იყოს, რომ ამ სტანდარტის, ამ პოლიტიკური შეტევის მიღმა უნდა იდგეს მედია. ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ნებისმიერი აგრესია ჟურნალისტების მიმართ უარყოფითი და დასაგმობია, მითუმეტეს ეს ცუდია, როდესაც მოდის მაღალი თანამდებობის პირებისგან იმიტომ, რომ ის აწესებს მაგალითს უკვე სხვა თანამდებობის პირისთვის და გარკვეულ წილად წახალისებაა, რომ ქვემდგომმა ჩინოვნიკებმა ყოველთვის გაიმეორონ ის, რაც ისინი ისმენენ და გრძნობენ ზემდგომისგან.
კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკოსი საკუთარ თავს აიძულებს იყოს კორექტული მედიის მიმართ, ეს ეხება პრემიერსაც, მეხება მეც და ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე არიან. მათი აგრესია მედიის წინააღმდეგ ყოველთვის აღიქმება მწვანე შუქად ქვედგომი ბიუროკრატიისთვის, რომ ის უარესად მოიქცეს. ამის ცუდი მაგალითები წარსულში გვქონია და ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ცუდი მაგალითების გზას. როდესაც საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკაზე, მე მას არაფერს არ ვურჩევ, ის სრულიად თავისუფალია გააკრიტიკოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისე, როგორც მას ეს სურს, მაგრამ, როდესაც საუბარია ჟურნალისტებზე, ნამდვილად ვისურვებდი, რომ პრემიერი და სხვა თანამდებობის პირებიც იყვნენ უფრო თავშეკავებულები.
ძალიან ბევრი ჟურნალისტი არ მომწონებია ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ძალიან ხშირად ჩამითვლია, რომ რაღაც არასწორი ინფორმაცია ან ტყუილი გაუვრცელებია ჩემზე და მათ შორის გადაუმოწმებლად, მაგრამ არასდროს არცერთი ჟურნალისტის მიმართ არ მიმიცია ჩემი თავისთვის აგრესიის უფლება. ეს იმიტომ არა, რომ მე კარგი ვარ, უბრალოდ ვთვლი, რომ არის რაღაცა სტანდარტი, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა დაიცვას. _ განცხადა ჩვენთან საუბრისას დავით ბაქრაძემ.