ერთკვირიანმა პროექტმა, სადაც ყოველი დღე ზედმიწევნით იყო გაწერილი, ხელისუფლების და ადგილობრივი ბიზნესმენების მხარდაჭერა იოლად მოიპოვა და ღონისძიებაც შედგა.
კვირეულის ყველა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
“ახალგაზრდული დღეები _ ჩოხატაური 2011” კულტურის ცენტრთან არსებულმა ჯგუფმა “ჯინსების თაობამ”, მუსიკალური სკოლის აღსაზრდელებმა და პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებმა გახსნეს. ახალგაზრდა მომღერლებს დამსახურებული ტაში ერგოთ. ძნელია, გამოარჩიო რომელიმე, რადგან ყველა საუკეთესო იყო. ალბათ, ამიტომაც, საათნახევრის განმავლობაში დარბაზს მათთვის სითბო არ დაუკლია.
არანაკლებ საინტერესო იყო მეორე დღე _ სოფლებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშებში პირველობა არავის დაუთმო ერკეთის ნაკრებმა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, ამხანაგურ შეხვედრაში ვეტერან ინტელექტუალებთან ანგარიშით _ 5:6 დამარცხდნენ. ამავე დღეს, ჩოხატაურელი პოეტის, გრიგოლ მეგრელიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა. ამ დღეს ჩოხატაურმა ბევრ ცნობილ და ღირსეულ პიროვნებას უმასპინძლა: იური სიხარულიძეს, ივანე კიღურაძეს, გრივერ ფარულავას, აკაკი გობრონიძეს. საღამოს ორგანიზატორი იყო სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ ჩოხატაურს ძალიან მდიდარი და საამაყო წარსული აქვს, რომლის დავიწყება არ შეიძლება.
ახალგაზრდული კვირეულის მესამე დღეს მხიარულ შეჯიბრში “აბა, გოგონებო!” ერთმანეთს სამრევლო სკოლისა და ხიდისთავის სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ პაექრობაში ორივე სკოლამ საუკეთესო ნომრები აჩვენა და ჟიურის ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ, ანგარიშით 203:198 გამარჯვება სამრევლო სკოლის გუნდს ხვდა წილად.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკურსის პირობების თანახმად, ერთ-ერთი შეჯიბრი პირველკლასელის სასკოლოდ გამოწყობა იყო. გუნდებიდან 2-2 წარმომადგენელს სკოლაში პირველად წამსვლელი ბავშვი, რაც შეიძლება ნაკლებ დროში და კარგად უნდა შეემოსა. ამ ნომინაციაში გამარჯვება სამრევლო სკოლამ მოიპოვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დამარცხებული არავინ ყოფილა. მითუმეტეს, მომავალი პირველკლასელები, რომლებსაც კონკურსისთვის მორგებული სამოსი საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ და გამგებელმა, გია გიორგაძემ საჩუქრად გადასცეს.
მეოთხე დღეს ახალგაზრდულმა დღეებმა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და მუნიციპალიტეტის სკოლებს უმასპინძლა.
მარიამ კალანდაძე (#1 საჯარო სკოლა), რევაზ ცინცაძე (იანეულის სკოლა), ანა უნგიაძე (ჩაისუბნის სკოლა), ანა ტუღუში და ნინო მეფარიშვილი (გუთურის სკოლა), გვანცა კალანდაძე (ხიდისთავის სკოლა), ლერი ირემაძე (ქვაბღის სკოლა) და თამარ ოყროშიძე (სამების სკოლა) _ ის ბავშვები არიან, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ფართო საზოგადოებას პირველად გააცნეს.
საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წიფნარის, შუაფარცხმის და გოგოლესუბნის საბაზო, საჭამიასერის, დაბლაციხის, გუთურის, ქვაბღის, ჩაისუბნის, ნაბეღლავის, ხიდისთავის, ქვენობნის საჯარო სკოლებმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ.
ახალგაზრდული დღეების მეხუთე დღე ფოლკლორს დაეთმო. კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა მაყურებელს ერთსაათიანი ლამაზი კონცერტი აჩუქეს.
7 მაისს, ახალგაზრდული დღეები გრანდიოზულად დაიხურა.
დილის 12 საათიდან, ღია ცის ქვეშ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფოლკორული და საესტრადო ჯგუფები. კულტურის ცენტრთან არსებულმა ჯგუფმა, “ჯინსების თაობამ” მაყურებელი კიდევ ერთხელ ასიამოვნა პროფესიულ დონეზე შესრულებული სიმღერებით. მათ ტოლი არ დაუდეს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა _ თაკო ხუნდაძემ და მარიამ კალანდაძემ.
საკუთარი ნომერი წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული სტუდია “ხასანბეგურას” წევრებმა და ამავე სტუდიის სოლისტმა დავით მეგრელიშვილმა, საცეკვაო ნომრები შემოგვთავაზეს “ილეკრომ” და “აისმა”.
ღონისძიება ინტერნეტ ნიჭიერში გამარჯვებული ჯგუფის, “ლურჯი იალქანის” სიმღერებით გაგრძელდა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ღონისძიებებში მონაწილეები.
7 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ჩოხატაურმა ქართული ესტრადის ვარსკვლავებს: ნინი შერმადინს, ნოდიკო ტატიშვილს, დათუნა მგელაძეს, თამთა გოგუაძეს, ანრი ჯოხაძეს და დუეტ “ჯორჯიას” წევრებს _ მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს უმასპინძლა.
მომღერლების გამოჩენას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა. ყველაზე ბედნიერი კი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც კუმირის ავტოგრაფის მოსაპოვებლად და ფოტოების გადასაღებად თავს არ ზოგავდნენ.
იყო ძალიან ბევრი აპლოდისმენტი, რომელიც დამსახურებულად ერგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, რომ ახალგაზრდული კვირეული ნამდვილ ზეიმად ქცეულიყო.
_ ეს იყო მართლაც ძალიან კარგი კვირეული. ერთად ყოფნის საუკეთესო შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ ამ დღეს თქვენთან ვარ. გილოცავთ ამ წარმატებულ კვირეულს, _ აღნიშნა მაშინ გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა.
_ დღევანდელი დღის ლოზუნგი _ “ჩვენ ერთად ვართ, მთავარია!”, ნათლად მეტყველებს იმ მიზანზე, რაც ჩვენი კვირეულისთვის იყო განსაზღვრული. საქართველოს ჩვენი ერთად ყოფნა სჭირდება, ერთად უფრო ძლიერები და ამაყები ვართ, ასეთი დღეები უფრო აახლოებს და აყვარებს ადამიანებს ერთმანეთს, ახალგაზრდობა ხომ ის ძალაა, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა გადავაბაროთ. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არასოდეს დასრულდება. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ მე მუდამ მათთან ვარ, _ თქვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ.
მაშინ ხუნდაძემ ახალგაზრდებს იმის პირობაც მისცა, რომ ახალგაზრდული დღეები ტრადიციულ სახეს მიიღებდა და ყოველ წელს ჩატარდებოდა. თუმცა, გასულ წელს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხელისუფლებამ პროექტის იდეა მოიპარა და მხოლოდ სახელის ცვლილებით (“26 მაისის კვირეული”) წარუდგინა მაყურებელს.
შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი არ იცვლება, ეს დამტკიცებული ფაქტია. ასე მოხდა გასულ წელსაც _ ახალგაზრდული დღეების ნაცვლად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კვირეული ჩაატარეს, თუმცა, თითქმის იგივე პროგრამით და იგივე პროექტით, როგორითაც “ახალგაზრდული დღეები” 2011 წელს ჩატარდა.
გასულ წელს, როდესაც ჩვენი გაზეთი შეეცადა გაეგო, რატომ მიითვისეს ჩვენი პროექტი, ხელისუფლებამ გაჩუმება არჩია, თუმცა, პირად საუბრებში გვითხრეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა. რასაკვირველია, ვიცოდით, რომ მაშინდელ ხელისუფლებას დიდი სურვილიც რომ ჰქონოდა, ეს ღონისძიება ჩვენს გაზეთთან ერთად ჩაეტარებინა, ამას ვერ გაბედავდა იმ მარტივი მიზეზის გამო, “გურია ნიუსის” და ახალგაზრდული გაზეთის “21-ს ქვევით” რედაქციები “ნაციონალების” და, აქედან გამომდინარე, “ქვეყნის მტრებად” მოიაზრებოდნენ მაღალ ეშელონებში.
თუმცა, “ნაცმოძრაობის” წასვლის შემდეგაც იგივე განმეორდა _ 26 მაისის კვირეული, ახალგაზრდული გაზეთის პროექტის მიხედვით იმართება.
განსხვავება ისევ არაფერია, თუ არ ჩავთვლით ღონისძიებების სახეობებს _ კვირეული, ძირითადად, სპორტული ღონისძიებებით არის დატვირთული.
თუმცა, მოსაწვევში ერთ საინტერესო “ღონისძიებასაც” მივაგენით _ ნოე რამიშვილის ბიუსტის ყვავილებით შემკობა… სიმართლე გითხრათ, ეს თუ ღონისძიება იყო, ნამდვილად არ გვეგონა… არც ის გვეგონა, “ძალიან გამოცდილ” და “ძალიან ნიჭიერ” ხელისუფლებას, რომელიც “დღედაღამ შრომობს” და ამის გამო პრემიებს პრემიებზე ირიგებს, იდეების ასე მწვავე დეფიციტი თუ ექნებოდა და ფონს სხვისი პროექტების მოპარვით გავიდოდა….
არადა, კულტურის სამსახურში, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორი (?!) ყოფილა, 4 ადამიანი მუშაობს, საკმაოდ დიდი ანაზღაურებით და, რა თქმა უნდა, “დამსახურებული” პრემიებით…
ერთი სიტყვით, ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს _ დღეებს თუ კვირეულს, რომელიც სხვისი მოფიქრებულია, ისევ ატარებს და თავისად ასაღებს. რამდენად წარმატებით, ეს კარგად გამოჩნდა პოლიციის მანქანების თანხლებით, ქუჩაში ბავშვების ყვირილ-ყვირილით ჩატარება-ამოტარებაში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეზე მეტად კომუნისტურ პარადს უფრო ჰგავდა _ აი, ისეთს, სატელევიზიო არქივში რომ ვპოულობთ ხოლმე _ “დროშებით და ლენტებით დარაზმული ბავშვები წინ, დიადი, საოცნებო გამარჯვებისკენ!” იმ გამარჯვებისკენ, რომელიც, სამწუხაროდ, მიუხედავად უამრავი დაპირებებისა, ჯერ ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს!
მთავარი კი ისაა, რომ ახალი ხელისუფლებაც, ძველის მსგავსად, სიმართლის მთქმელს ისევ საკუთარ მტრად აღიქვამს, ისევ ცდილობს საკუთარ თვალში დირე ვერ დაინახოს და სულაც არ გაგვიკვირდება, მალე “ნაციონალების” მსგავსად, ჩვენი გაზეთების გამოწერა და ჩვენს ვებგვერდზე შესვლაც კი აუკრძალოს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჩინოვნიკებს. თუმცა, არც ეს იქნება დიდი პრობლემა, რადგან კარგად გვახსოვს, როგორ დაამთავრა საკუთარი მოღვაწეობა მედიასთან, აქედან გამომდინარე კი ხალხთან, არა ერთმა “მებრძოლმა” და არანაკლებ “ჭკვიანმა” ხელისუფლებამ.
არ დაგავიწყდეთ, ბატონებო _ ჩვენ 1991 წლიდან ვარსებობთ, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მართალ ინფორმაციას ვაწვდიდით მკითხველს და მიუხედავად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე სიარულისა, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენი მედიასაშუალების ავტორიტეტი კი დღითიდღე იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ერთ ხელისუფლებაზე!