თუმცა, “გურია ნიუსთან” დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი დასათვლელი არაფერი იქნება, ამის მთავარი მიზეზი კი კრიზისულ სიტუაციაში სამინისტროებს შორის საერთო მიზნის არ არსებობაა. _ ობიექტურები რომ ვიყოთ, წლის შედეგი უნდა დავთვალოთ. რა იყო მიღწეული, რა გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმისთვის, რომ მომავალში უკეთესი შედეგი იყოს. 7 თვე არ არის საკმარისი. წლის ბოლოს ნოემბერ-დეკემბერში ყველა სამინისტრო ყველაფერს დაითვლის. მაგრამ, შემიძლია გითხრათ, ბევრი დასათვლელი არაფერი იქნება.”
_ რამდენად ძლიერია პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური გუნდი?
_ თუ პრემიერი შედეგზეა ორიენტირებული, ვფიქრობ, გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. არ ვამბობ, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მხოლოდ ეკონომიკური გუნდია გადამწყვეტი. მაგრამ, პრობლემაა ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში არ არსებობს ერთი მიზანი. მთავარი _ მთლიანი სტრატეგია, ახლა იქმნება. მთავრობა, პარალელურად რამდენიმე მიზნისკენ უნდა მიდიოდეს, ერთმანეთთან შეთანხმებულ სტრატეგიას უნდა მისდევდეს. ერთიანი სტრატეგიის არ არსებობის გამო, ცალკეული სამინისტროს ემოციური ქმედებები და გადაწყვეტილებები, მთავარ ხაზს აცდენილია. თითოეული სამინისტრო თუ სახელმწიფო უწყება ერთ კაცს არის მიჩერებული. პირად ინიციატივას არ იღებენ. ამიტომ, ყველა ტვირთი პრემიერ-მინისტრს აწვება. შედეგების დათვლის დროს არავინ გაიხსენებს, ვინ იყო ცუდი მინისტრი _ ხალხი შედეგს ერთადერთ კაცს, ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს.
_ საპარლამენტო უმცირესობა, ანუ “ნაციონალურ მოძრაობა” საუბრობს, რომ წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გველოდება.
_ საქართველოში თუ რამე პრობლემაა, მათ შორის ეკონომიკაშიც, ეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ჩემი კრიტიკა პრინციპულად განსხვავდება დღევანდელი ოპოზიციის კრიტიკისგან და მიდგომებისგან. მაგრამ, არ ვისაუბროთ ნაკლზე, რომელიც დღეს არსებობს, დიდი დანაშაული იქნება. 2013 წელი არაფრით არ იქნება უარესი 2012 წელთან შედარებით. მაგრამ, ეს ძალიან ცოტაა. არჩევნებამდე ვამბობდი, რომ ახალი მთავრობა ფუნდამენტალური პრობლემების წინაშე დადგება. იმისთვის, რომ გაუშვათ ეკონომიკის მექანიზმი, 2013 წელს აუცილებლად უნდა მომზადდეს ყველა საკანონმდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილება. მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ კანონმდებლობებში ინიცირებას, ინსტიტუციონალურ ცვლილებებს. საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფების გაჩენის არანაირი წინა პირობა არ არსებობს; გარემო ისევ მონოპოლიზირებულია. ძველი საბანკო სისტემა, უბრალოდ, მახინჯია, რაც სერიოზული მუხრუჭია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
_ თქვენი აზრით, ახალმა მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი? მით უმეტეს, რომ ქვეყანაში 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია.
_ თუ კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს პრობლემა არ ექნება, ეს მთლიანად ხალხის ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულების შედეგი იქნება. თუმცა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და კანდიდატი უალტერნატივოა. გააჩნია, ოპონენტები რას გააკეთებენ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობა” _ მათ კანდიდატს, უბრალოდ, შანსი არ აქვს. საქართველო არ არის მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა.” საქართველო გაცილებით მდიდარი ქვეყანაა და მთავარია, კრიტიკულ სიტუაციაში, პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზიის მქონე ადამიანებს ეყოთ გონიერება, გადადგან სწორი ნაბიჯი.