2011 წლის ოქტომბრიდან ბესო საღარაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ სამართლის სისტემის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის წევრი (მიმართულების ხელმძღვანელია მინდია უგრეხელიძე, ჯგუფის იოსებ ბარათაშვილი).
ბესო საღარაძის ინიციატივით ბიძინა ივანიშვილთან წარსადგენ ანგარიშში შევიდა დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობით 10 000-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი.
2012 წლის თებერვლის დასაწყისში, სამართლის სისტემის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ შეხვედრაზე ბესო საღარაძემ მოითხოვა, რომ „ქართულ ოცნებას“ საადვოკატო დახმარება გაეწია დაზარალებულთათვის მიმდინარე ადმინისტრაციულ საუწყებო და სასამართლო საქმისწარმოებაში.
ეს თხოვნა თანდართული დოკუმენტებით ბესო საღარაძემ ხელიდან ხელში გადასცა ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის 6 მარტს „ქართული ოცნების“ სამართლის სისტემის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.
_ ბიძინა ივანიშვილი დამპირდა, რომ გაეცნობოდა, რამდენიმე დღეში დამიკავშირდებოდა და პირადად შემხვდებოდა ამ პრობლემის განსახილველად, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას საღარაძე.
მისივე თქმით, ეს შეხვედრა არც მაშინ და არც დღემდე არ შემდგარა. შესაბამისად, ბესო საღარაძემ თვითონ დაიწყო ადმინისტრაციული საუწყებო და სასამართლო დავა.
_ სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები შეადგინა და სასამართლო პროცესებზე ჩემს ინტერესებს იცავდა ადვოკატი ზურაბ ნონიაშვილი, რომელიც თვითონაც დაზარალებულია. სასარჩელო მოთხოვნა იყო: „დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს კანონის “სახელმწიფო ვალის შესახებ” საფუძველზე შეასრულოს კანონისმიერი ვალდებულება, გამოსცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ: “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი” და შეუთანხმოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს“.
უზენაესი სასამართლოს მ/წ 23 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას საღარაძე.
_ 1998 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ”სახელმწიფო ვალის შესახებ” და საქართველოს სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშე-ნებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელ-მწიფოს საშინაო ვალად (მუხლი 48). ამავე კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება, შეემუშავებინა ვალის დაფარვის წესი 1998 წლის სექტემბრამდე. ანუ სამინისტროს 1998 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა კოოპორატიულ ბინათმშენებლობათა წევრების მიმართ დავალიანების ანაზღაურების წესი და მიენიჭებინა მისთვის კანონქვემდებარე აქტის სტატუსი. დღემდე ფინანსთა სამინისტრო კანონისმიერ ვალდებულებას არ ასრულებს, დღემდე კანონის აღსრულება არ ხდება. ამ ვალდებულებას არ ასრულებს და არ შეუსრულებია არც ერთ მინისტრს 1998 წლიდან მოყოლებული. რეალურად, სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, მაგრამ სამართლებრივი მექანიზმი ამ ვალის გასტუმრების არ არსებობს, _ ამბობს საღარაძე.
საღარაძე ჩვენთან საუბრისას სასამართლო პროცესის დეტალებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ სხდომებს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია:
_ უკეთეს გასართობს ვერ ნახავდით. ერთ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს შევპირდი, სამინისტროში მოვალ და ყველას შუბლებს ტყვიით დაგიხვრეტთ თქო. მოსამართლემ მაშინვე გამაფრთხილა: გაჩერდით, თორემ დაგაჯარიმებთო. მე დავინტერესდი ჯარიმის ოდენობით. 500 ლარიო მითხრეს. გულიანად გამეცინა: ბატონო მოსამართლე, აქ მოსასვლელად 10 ლარი ვისესხე და თქვენ თუ 500 ლარს მიპოვით, იმის წამრთმევი მე არავინ მეგულება მეთქი, _ ღიმილით ამბობს საღარაძე, რომლის თქმით, ამ კუთხით სასაცილო სიტუაცია ნამდვილად არ არის, _ დასძენს საღარაძე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ამბობს, რომ სახელმწიფომ თანხის ოდენობა უნდა დათვალოს.
_ ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ ჩვენ ფული შეტანილი გვქონდა მაშინ მოქმედი ვალუტით, საბჭოთა მანეთით და საინტერესოა, როგორ აპირებენ მის გადაანგარიშებას, _ ამბობს საღარაძე.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფმა (ზურაბ ნონიაშვილი, ბესო საღარაძე, ლევან ლობჯანიძე) შეადგინა “საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდე-ბულების დაფარვის წესი”-ს პროექტი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით წარუდგინა ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის დეკემბერში.
_ დავალიანების ოდენობა უნდა განისაზღვროს განსაზღვრული ფორმულით ანაზღაურების გაცემის მომენტში. დავალიანების საერთო ოდენობა უნდა გადაანგარიშდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ, რადგან ფასები განუწყვეტლივ მერყეობს. გარდა ამისა, ჩვენ ამ დოკუმენტში მთავრობას შევთავაზეთ ვალის გასტუმრების სამი ვარიანტი: ფულით; უძრავი ქონებით, ანუ ვალის რაოდენობის დადგენის შემდეგ, პირს, რომლის მიმართაც სახელმწიფოს ერიცხება დავალიანება, უნდა ჰქონდეს უფლება უძრავი ქონების აუქციონებში მიიღოს მონაწილეობა უპირობოდ; მევალეებზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების: 3 ან 5-წლიანი ობლიგაციების გაცემა. როგორც კი ასეთი ობლიგაციები გაჩნდება საქართველოში, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ფაქტობრივად, მკვდარია მაშინვე გამოიღვიძებს. ობლიგაციების უამრავი მყიდველი გაჩნდება: ბანკები, სამშენებლო კომპანიები და ა.შ. _ გვითხრა საღარაძემ.