კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე ჩატარდება.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გია ჩხაიძე არჩევნების წინა დღეებში ამბობდა, რომ არ ჰქონდა არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი და აღნიშნავდა, რომ, აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩაიშლებოდა.
24 მაისს, 4 საათიდან, ფეხბურთის ფედერაციის შენობის წინ გია ჩხაიძის მხარდამჭერი მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც გაირკვა, რამდენი დელეგატს ხმის მიცემის უფლება, იურიდიულად მოუწესრიგებელი საბუთების გამო, არ ჰქონდა. ამან კანდიდატების მხარდამჭერებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია. დელეგატების გარდა, დარბაზში დროდადრო გია ჩხაიძის მომხრეები შემოდიოდნენ და გადაწყვეტილების მიღებაში ერეოდნენ. შექმნილ სიტუაციას ფანჯრიდან შენობის წინ თავმოყრილი ხალხიც ადევნებდა თვალს და დროდადრო რეპლიკებს ისროდა.
მხარეები დაპირისპირებამდე მივიდნენ და ლამის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შექმნილი ვითარების გამო. საქმე იქამდე მივიდა, რომ არჩევნების გადადების საკითხი დადგა. მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები გადადებულიყო.
არჩევნების პროცესზე დასასწრებად ლანჩხუთში ჩამოსულები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, მურთაზ ხურცილავა; აქვე იყვნენ რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე და გია ჩხაიძის ადვოკატი.
კამათში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, როცა დაძაბულობამ იმატა და დაპირისპირებული მხარეები ვერ დამშვიდდნენ, განსაკუთრებით ნუგზარ ცინცაძე: “გიყურებთ ამდენი ხანია და იმაზე არც ერთი არ ფიქრობთ, რომ გუნდის შესანარჩუნებლად სპონსორი გვჭირდება, _ თქვა ზაზა ურუშაძემ, _ გუნდს ხელფასი და პრემია უნდა. ორივე მხრიდან რომ დარღვევებია, ვხედავთ და კანონი არ უნდა დაირღვეს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სტადიონი გვაქვს დანგრეული და ვაპირებთ აღდგენას _ ორმილიონნახევარი ჭირდება, რომ ტრიბუნა და გასახდელი გაკეთდეს. გარდა ამისა ბაზა აღარ არსებობს, ფეხბურთელები სახლებში არიან გადანაწილებული. უამრავი საქმეა გარდა იმის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი. ვინც ფიქრობს, რომ პრეზიდენტი კლუბის საქმეში ჩაერევა, ძალიან ცდება _ მან უნდა მიხედოს სხვა რაიონის გუნდებსაც. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პრემიას ამიერიდან ვეღარ მიიღებს, მიიღებენ მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელები. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხედავს ბავშვთა ფეხბურთსაც _ არსად სტადიონი რომ არაა და ბავშვები ხრეშზე თამაშობენ. 500 000 ლარი სამ თვეში გვაქვს ფეხბურთზე გადარიცხული და ახლა პრემიერმინისტრის სახელზე დავწერეთ წერილი, რომ ეს კრედიტი გასწორდეს.”
საკუთარი მოსაზრება მურთაზ ხურცილავამაც გამოთქვა: “საბჭოთა კავშირში, ასეთი მოედანი, როგორიც ლანჩხუთს ჰქონდა, არავის არ ქონია და ამას ვცეთ პატივი. ყველა უნდა დავდგეთ ფეხბურთის გვერდით. არ შეიძლება, რომ ლანჩხუთში ფეხბურთი არ იყოს. ნუ დავუკარგავთ კახა ებრალიძეს ამაგს _ მან მოახერხა და მისი პრეზიდენტობის დროს გუნდი გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ გია ჩხაიძეც ღირსეული კანდიდატია.”
ძირითადი კამათი კახა ებრალიძესა და “ქართული ოცნების” წევრს, ნუგზარ ცინცაძე (უმცროსს) შორის მიდიოდა _ ისინი ვერ თანხმდებოდნენ არჩევნების დანიშვნის თარიღზე.
კახა ებრალიძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს: “მე და ჩემი გუნდი კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით. ჩემი მხრიდან ვინც ლაპარაკობდა ფეხბურთზე, ყველა იყო კომპეტენტური და არავინ არ შემოსულა ოთახში ისეთი, ვისაც არაფერი არ ესაქმება ფეხბურთში. როდესაც გამგეობის სხდომა ჩავატარეთ 2013 წელს, იმ დღეს დაევალა ხარიტონ ჩხატარაშვილს, რომ ეწარმოებინა ყველა საარჩევნო პროცედურა. ჩხატარაშვილი გახლავთ გურიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. 21 მაისს დასრულდა საბუთების მიღება. მწერს წერილობით, რომ აღარ შემიძლია და მე ვერ წავიყვან ყრილობასო. აქ შეკრებილი იყო ისეთი ხალხი, რომლებსაც ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვთ, თამაშებზე რომ არ დადიან და ფეხბურთელების სახელები და გვარები არ იციან. მათ მიაჩნიათ, რომ წინა მთავრობაში ვიყავი. ფედერაცია პოლიტიკასთან საერთოდ არაა კავშირში. არც “ნაციონალი” არ ვყოფილვარ და არც “ოცნების” წევრი არ გავხდები არასდროს, უბრალოდ, ფეხბურთი მიყვარს და მინდა მას ვემსახურო. აქ მყოფმა ხალხმა პირადად მე მესაუბრონ და მითხრან, ვინაა “ნაციონალი”, ვინ “ოცნება” და ვის რა შეხედულებები ჰქონია ამა თუ იმ მთავრობაზე. ცუდი იყო ის, რომ გამგებელი იჯდა აქ და არაფერს არ ამბობდა. კარგი იყო ის, რომ ეს მოხდა ლანჩხუთში, რაც ამტკიცებს, ხალხს ფეხბურთი უყვარს. მე, პირველ რიგში, მხარს მიჭერდა ლანჩხუთის “გურიას” ხელმძღვანელობა თავიდან ბოლომდე. მისულები იყვნენ ზოგიერთ მათგანთან და ეუბნებოდნენ, რომ რად გინდა კახა ებრალიძე, ბოლომდე ხომ არ უნდა ჩაყვეთო, მაგრამ ამ ხალხმა მე არ მიღალატა. ეს ის ხალხია, რომლებიც, ჩემთან ერთად, ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით, ერთი ბურთით ვთამაშობდით და 100 დოლარით გადავიყვანეთ გუნდი უმაღლეს ლიგაში. მე მითხრეს, რომ ზაზა ურუშაძე ერეოდა ამ საქმეებში. მე ეს მითხრეს, როცა სხდომა მოვიწვიე, რომელსაც ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვთქვი, რომ არ მინდა ეს ადგილი, თუ ჩემით უკმაყოფილო ხართ,-მეთქი. კი, ჩვენ თანახმა ვართო, _ მითხრეს. ორი დღის შემდეგ ჩავედი მათთან და არავინ არ გამომიჩნდა _ იური ჩხაიძე, სოსო გაგუა. მე, უბრალოდ, გასაუბრება მინდოდა მათთან. მერე შევხვდი იურის. რა ვქნა, ვმუშაობ და შეიძლება სამსახურიდან მომხსნანო, _ მითხრა. რაც შეეხება დურმიშხან ჩაიძეს, გუშინდელ ყრილობამდე მისი კლუბი უნდა შემოსულიყო სუბიექტად. თუ ხმათა უმრავლესობას მიიღებდა, იმ შემთხვევაში ხდებოდა დელეგატი. დურმიშხან ჩაიძემ გიალო ჩხაიძე წარმოადგინა. მაშინ ის არ იყო სუბიექტი და გუშინდელ ყრილობაზე მისი კანდიდატურა არ დადგებოდა, თუ ჩვენ ამას გავეკიდებოდით, მაგრამ ყრილობამდე საქმე არ მივიდა. მე მიმაჩნია, გამგებელს უნდა მოეთხოვა სამართალდამცავებისთვის, რომ თვითონ დარჩენილიყო ყრილობაზე სტუმრის სტატუსით და დანარჩენებს დაეტოვებინათ დარბაზი, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მე გავიმარჯვებდი და, ალბათ, ეს არ “აწყობდათ”. რაც შეეხება გიალო ჩხაიძეს, მე მასთან ვმეგობრობ და ვამბობ, რომ გიალო შეაცდინეს _ ის თავის თავს ვერ მართავდა. არ ეწყინოს მას, მაგრამ უნდა ვთქვა _ მე და გიალოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არა ვიღაცის დაძალებები, ის მე არ დამიპირისპირდებოდა. ერთად გადავიყვანეთ გუნდი უმაღლეს ლიგაში და უცებ ის ჩემს წინააღმდეგ მოდის!”
გია ჩხაიძე: “ვადა მოგვცეს 24 მაისის ჩათვლით, 12 საათამდე. ეს კოდები დაჩქარების წესით გაკეთდა. მე საერთოდ შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი კანდიდატურა იყო წარდგენილი პრეზიდენტობაზე და საერთოდ არჩევნები რომ ტარდებოდა, 8 დღით ადრე გავიგე. გუშინ ვიცოდი, რომ იყო 11 ხმის უფლება, აღმოჩნდა, რომ ყოფილა 13 ხმის უფლება. ესეც შემთხვევით გავიგე. კახამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ იყო 11 დელეგატი. ფედერაციამ თუ უთხრა კახას, რომ არჩევნები ტარდებოდა, ხომ უნდა ეთქვა მას ეს ჩემთვის ერთი თვით ადრე? მე წარმადგინა მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის დირექტორმა, დურმიშხან ჩახიძემ, მაგრამ თავი და ბოლო ის არის, რომ მე მქონდა ხმათა უპირატესობა, მაგრამ წამგებიან სიტუაციაში იყვნენ და ჩამოიყვანეს 11-ზე, მერე 9-ზე, აქედან 2 მოხსნეს, დარჩა 7. აქედან 4 მაგათი მხარდამჭერი იყო, 3 _ ჩემი. ფედერაციიდან მოვიდა წერილი, რომ 24 მაისამდე შეგვეძლო საბუთების მოწესრიგება, მაგრამ არ მოგვცეს ამის უფლება. საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდოდა მესამე კანდიდატს. ძმაკაცები არიან და თუ დასჭირდებოდა, ალბათ, მისცემდა ხმებს. ამიერიდან არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად. ადრე სუფრებზე წყდებოდა ყველაფერი, მაგრამ დღეიდან გამოსწორდება ვითარება. კონკურენტებთან ვმეგობრობ, ძმაკაცებად დავრჩებით კიდეც, თუმცა, ვამბობ, რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ასეთი დაძაბულობა თუ მოჰყვებოდა ამ არჩევნებს, საერთოდ არ ვიფიქრებდი მასში მონაწილეობის მიღებაზე.”