კანონპროექტი უმცირესობის წევრის სერგო რატიანის ინიცირებულია, რომელიც უნივერსიტეტებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს განათლების კომიტეტზე მხარდამჭერები არ აღმოაჩნდა.
“კომიტეტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის შენიშვნები. პრეზიდენტი უნივერსიტეტებს აძლევდა საშუალებას, ჰქონოდათ ფართო ავტონომია და მათ დამოუკიდებლობას არაფერი შეხებოდა. ეს კანონი, რომელსაც მხარს უჭერს განათლების კომიტეტი და გასულია მესამე მოსმენით, ის ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას და ეხება მათ ავტონომიას. სხვა კომიტეტში არ იყო ასე _ იურიდიულ კომიტეტზე, ფაქტობრივად, ყველა ჩვენი შენიშვნა იყო მხარდაჭერილი და ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ არც უმრავლესობაში არის ერთიანობა. იმიტომ რომ კოალიციის წევრებიდან ზოგი იზიარებს ჩვენს შენიშვნებს, ხოლო განათლების კომიტეტი უჭერს მხარს უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვას,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაუქმება და რეორგანიზება უნდა იყოს დაუშვებელი მათი მმართველი კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე და მეორე _ რეგენტთა საბჭოს უფლებამოსილება გადაეცემათ უნივერსიტეტებს. ანუ ამით უნივერსიტეტებს მიენიჭებათ უფლება, რომ თვითონ აირჩიონ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თავად დაამტკიცონ ბიუჯეტი. სერგო რატიანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, შესყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციები განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა.