“ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურმა ფონმა, კერძოდ კი მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის შეუძლებლობამ უსახსრობის გამო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტმა-შექმნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, განაპირობა მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა ისარგებლოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსლებით. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის” მე-10 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებულ ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს…”
ასეთი შინაარსის წერილი მიიღო შპს “ლოგოს პრესის” ხელმძღვანელმა ლაშა ბერაიამ. წერილს ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი ლევან ქებურია. ხელშეკრულება, რომლის სამართალმემკვიდრე გიორგი მარგველაშვილის უწყება გახდა, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის დროს არის დადებული.
“გურია ნიუსთან” გამომცემლობა “ლოგოს პრესის” ხელმძღვანელი ლაშა ბერაია აცხადებს: “მაშინ, როცა შემოგვთავაზეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, ეს მუხლი არ მოგვეწონა. მაშინვე გამოვთქვით პრეტენზია. ამის შემდეგ, შაშკინი რამდენიმე გამომცემელს შეგვხვდა და განგვიმარტა ტერმინი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე” რას გულისხმობს: შეიძლება რომელიმე გამომცემელმა ვერ დაბეჭდა, ან რაღაც მოხდა კონტრაქტი ვერ შეასრულა სტამბამ და.ა.შ. მოდის სექტემბერი, იწყება სწავლა და ვერ ყიდულობს მშობელი კონკრეტულ წიგნს, რომელიც აირჩია პედაგოგმა. რა ქნას სახელმწიფომ, რა ქნას სამინისტრომ? _ ასეთი იყო შაშკინის არგუმენტაცია. ცხადია, ასეთ შემთხვევაში მართალია სამინისტრო და სულელი უნდა იყოს გამომცემელი, დაკარგოს შანსი დაბეჭდოს პროდუქტი. რა უნდა გვეთქვა?
როდესაც მინისტრი შეიცვალა, სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით და ამ მუხლის ამოღება შევთავაზეთ. წარმოიდგინეთ, გესაუბრებოდნენ, არადა იცოდნენ, რომ გვართმევდნენ და გვეუბნებოდნენ, თქვენი ფასი გვითხარითო. სამინისტროს პოზიცია მხოლოდ 5 აპრილს გამოჩნდა. 8 აპრილს კი მინისტრმა საჯაროდ გამოაცხადა და წიგნები ძველი ხელშეკრულებით წაგვართვეს. ეს პუნქტი წინა მთავრობის არ გამოუყენებია. ასეთი რამ, შაშკინს არც კი გაუაზრებია. პირიქით, ზემოთ გითხარით, რასაც გულისხმობდა. ახალი მინისტრი მეუბნება: მე მაქვს უფლება, აგერ მიწერიაო. ფაქტობრივად, ამით ჩვენს ხარჯზე საბიუჯეტო თანხა დაზოგეს.
_ გამომცემლობა თუ აპირებს სასამართლოში დავას?
_ დავა რამდენიმე კუთხით მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ ადმინისტრაციული საჩივარი. კონსტიტუციით “ინტელექტუალური საკუთრება არის ხელშეუვალი.” აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი, სადაც ვასაბუთებთ, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
გამომცემლები განათლების მინისტრისგან ვითხოვთ დაამტკიცოს, რომ მისი გადაწყვეტილება იყო აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. რატომ წავიდნენ ამ რისკზე, იმისთვის რომ ამხელა საჩუქარი საპრეზიდენტო კანდიდატის სახელით გაეკეთებინათ და მას კარგი სახელი შემატებოდა ან იმ იმედით, რომ სასამართლო იქნება “ჯიბის”? ასე გვეპყრობიან ქართველ გამომცემლებს, ხოლო “მაკმილანს“ რომელიც უცხოური გამომცემლისა, რომლისგანაც ინგლისური სახელმძღვანელოს გამოცემის შეძენა უწევთ, როგორც ჩანს ხელშეკრულებაში “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება” არ უწერიათ. “მაკმილანთან” დადებულ ხელშეკრულებას არ ასაჯაროვებენ. ჩვენს იურისტს უთხრეს: კომერციული საიდუმლოებააო. ქართველი გამომცემლები დაჩაგაგრეს.
“ლოგოს პრესის” ადვოკატი გიორგი ბათლიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს: “ეს ხელშეკრულება უკანონოა და ასევე უკანონოა იმ სახით გამოყენება, რა სახითაც იყენებს დღევანდელი მთავრობა. მაშინაც იყო ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დავა, მაგრამ სამართლებრივი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მოგეხსენებათ მაშინ რა სიტუაცია იყო. შეშინდნენ და არ გადადგეს სამართლებრივი ნაბიჯები. როგორც ჩანს ელოდებოდნენ, რომ რაღაცეები დალაგდებოდა. მე მესმის, არაპოპულარულია საწინააღმდეგო აზრი მუსირებს, მაგრამ მედიაში არასწორად გავრცელდა, თითქოს გამომცემლები წინააღმდეგები არიან. არ არიან წინააღმდეგი. მაგრამ, ჩემსას ნუ წამართმევ და შენ, მთავრობამ, როგორც გინდა ისე დაარიგე წიგნი. ახალმა მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის” არასწორად და ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოიყენა.
ეს არ არის კანონი, ეს არის კანონქვედებარე ნორმატიული აქტი და სამართალში ითვლება რომ მინისტრის ბრძანებებს, პროკურორის დადგენილებებს არ აქვთ საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დაადგინოს. ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძველი. აქ წერია, რომ ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს მინისტრის №30 ბრძანება, ეს არ არის იმ დონის დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება საკუთრების უფლების შეზღუდვა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შენ მიგაქვს და ჩემს დაუკითხავად განკარგავ კონკრეტული პირობის შემთხვევის დადგომას, საკუთრების უფლების შეზღუდვაა. თვითონ აქტი, ბრძანება რომელიც მინისტრმა შაშკინმა გამოსცა და იქ გაკეთებული ეს ჩანაწერი, უკვე უკანონო და არაკონსტიტუციურია.
_ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, გამომცემლებმა რატომ არ გააპროტესტეს ეს ბრძანება?
_ მათ შეეძლოთ ედავათ ამ ხელშეკრულების არაკონსტიტუციურობაზე. როდესაც ეს თემა წამოვწიეთ შაშკინმა გამომცემლებს აუხსნა და გონივრულად მოაზროვნე ადამიანისთვის ახსნა-განმარტება, რომელიც მან გააკეთა მეტნაკლებად გასაგები იყო. ანუ სახელმწიფო არ ჩაიგდებდა თავს იმ მდგომარეობაში, რომ სასწავლო პროცესი ჩაშლილიყო. ეს შეიძლება ამის ლოგიკური ახსნა ყოფილიყო, თუმცა აუცილებლი საზოგადოებრივი საჭიროება სხვა ტერმინია. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, აამუშავეს მუხლი, მიიჩნიეს რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება იყო ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი.
“გურია ნიუსთან” განათლებისა და მეცნიერებების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის” ხელშეკრულებაში მითითებული “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” პუნქტის ამოქმედების მიზეზზე საუბრობს და აცხადებს:
“მარტივ სტატისტიკას მოგახსენებთ, რომელზეც დავაფუძნე ჩემი პოზიცია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით განათლება სკოლაში არის უფასო. მე განათლება მესმის, როგორც მასწავლებელი, შენობა, სახელმძღვანელო. ეს არის მინიმუმი, დანარჩენი მერეა, უკვე ზევით არის. ასე არის, თქვენც ასე გესმით?
_ მე თქვენს პოზიციას ვაფიქსირებ.
_ არა, მე მაინტერესებს უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკა და არა პროფესიონალის. აღიქვამს თუ არა სასკოლო განათლება მასწავლებლად, შენობად და სახელმძღვანელოდ. მე ასე აღვიქვამ. ეს არის ერთი მომენტი. მეორე არის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები. სამომხმარებლო კალათა – ადამიანზე არის 133 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არის 141 ლარი. განსხვავება ამ ორ პარამეტრს შორის არის 9 ლარი. წარმოგიდგენიათ თითოეულმა ოჯახმა ყოველი ზედმეტი 9 ლარი, რაც მათ შიმშილობის ზღვარსა და ზედმეტ შემოსავალს შორისაა, მთელი წლის განმავლობაში უნდა დადოს იმისთვის, რომ გამომცემლებისგან წიგნები იყიდოს. მე ვფიქრობ, ეს არაა უბრალოდ საზოგადოებრივი აუცილებლობა, არამედ ძალიან თვალნათელი საზოგადოებრივი აუცილებლობა, იმისთვის რომ ჩვენ არ გავყვლიფოთ ქართული ოჯახები და ექსპროპიაცია არ ვატაროთ სასკოლო სისტემის მეშვებით ადამიანებისგან ფულის.
– გამომცემლები თქვენს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
_ მე როგორც ვიცი, კონტრაქტის პირობები თავიდან ბოლომდე დავიცავი, რომელსაც მათ მოაწერეს ხელი. როგორ შეიძლება იჩივლო იმასთან დაკავშირებით, რასაც შენ უკვე ხელი მოაწერე. შაშკინის დროს გამდიდრდნენ. საგამომცემლო ბიზნესი ჩემს მერე ჩაიძირა კი არა, პირიქით, აყვავდა. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მონუმენტურ არქიტექტურაზე გადავიდნენ. თითოეულმა გამომცემელმა შაშკინს ძეგლი დაუდგას, რომელმაც ქართველი ოჯახების ხარჯზე მათ ნახევარი მილიარდი აშოვნინა. თითო გამომცემლობამ შაშკინს თითო ძეგლი დაუდგას. ჩემზე წიგნი გამოსცეს.