შიდა ქართლის სოფლებში სადემარკაციო სამუშაოების შედეგად გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული. რეალურად ეს პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, ამჯერად რუსი მესაზღვრეების ქმედებები გაცილებით ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. ამ დროისთვის მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია, სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. დამონტაჟებულია რკინის ბოძები, მავთუხლართები კი სოფელს საზღვრის მთელს სიგრძეზე ჯერ არ მიჰყვება.
რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არასამთავრობოები კი, რომლებიც ადგილზე ჩავიდნენ სიტუაციის გასაცნობად, ამბობენ: “იმ შემთხვევაში, თუ მავთულხლართების გაბმა გაგრძელდება დიცში, მათ მიღმა მოჰყვება დიცის ორი ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, დვანში კი ასეთი ერთი ოჯახი იქნება.
სოციალური ფონი კონფლიქტის ზონის სოფლებში უმძიმესია. ადგილობრივები ყველაზე მეტად იმაზე წუხან, რომ მავთულხლართების გაბმის შედეგად მათ ხელმისაწვდომობა აღარ აქვთ სასმელ და სარწყავ წყალთან, თუმცა ეს ახალი არ არის, რადგან მაგისტრალური სარწყავი არხები უკვე ომის შემდგომ ოკუპირებულ მხარესაა მოქცეული.
აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ჩვენ ელა ალავერდაშვილს დავუკავშირდით, რომელიც აგვისტოს ომის პირველი წუთებიდან დღემდე ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად აშუქებს სხვადასხვა მედია საშუალებებში.
_ თავს ნუ მოვიტყუებთ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვიცოდით, ეს პროცესი რომ გარდაუვალი იყო. ომის დამთავრების შემდეგ ბერლინის კედელზე ალაპარაკდა ქვეყნის პრეზიდენტი. მაშინვე ცხადი იყო სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების ნაჩქარევი ხელმოწერის შესახებ, სადაც არ არის საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრული! 2009 წელში დაიარეს საზღვრისპირა სოფლები ოსმა და რუსმა სამხედრო პირებმა, რომლებმაც წინაპირობები გააცნეს მოსახლეობას, სადაც ზოგი ოჯახი და ზოგი ნაკვეთი ოსეთის საკუთრება იქნებოდა. ვწუხვარ, მაგრამ ოსეთის აღიარება საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია. სოფლების ჩამონათვალი იმდენია, რამდენიც ცხინვალს ესაზღვრება! საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას მორიდებას ურჩევდა და თვითონაც წყვეტდა საუბარს რუსეთთან, იყო მხოლოდ ჟენევის ფორმატის 24 მოლაპარაკება –– გარანტია ავანსად ქცეული! სამწუხაროდ, რუსეთმა ჯუჯა ქვეყნების, ყიდვა დაიწყო, რომლებიც აღიარებას ცნობდნენ. აქ ვაჭრობას არ გამორიცხავდა 3 წლის წინ ირაკლი ალასანია, ისე ვერ წაიღებდა რუსეთი უკან ოკუპაციას. რუსეთთან სწორედაც პირდაპირი მოლაპარაკებები იყო საჭირო! დასავლეთის ზეწოლამ გაყინა საზღვრის გადმოწევის ანუ მათ მიერ წარმოდგენილი საზღვრების გამყარება! სწორედ ამიტომ მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს ეს ჩვეულებრივ მოვლენად. დალაპარაკება საზღვარზე იქნება შეცდომაა! სადაა საზღვარი?
_ საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდაა დარჩენილი. მგონი, პირველი შემთხვევა იყო, როცა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს ახალი მთავრობისთვის არ დაუბრალებია “მცოცავი ოკუპაცია”.
_ საპილოტე კოჰაბიტაცია მართლაც ხომ არ გააერთიანებს ქვეყნის სასიცოცხლო არტერიის გამო მთავრობას და ოპოზიციას? პრინციპი _ “მგელი მოდის”, ხომ არ გამოიწვევს მოსახლეობის ინდიფერენტულობას, როცა დათმობა გარდაუვალი გახდება?! ასეც რომ იყოს, იქცევა კი ეს გამოსავლის ათვლის წერტილად? კითხვებსა და პასუხების ძიებაში დრო გადის, გარე საფრთხეები იზრდება, იზრდება განაწყენებული მოსახლეობაც! საქმე კი კვლავ დაპირებად რჩება. ღირს ხელახალი კოჰაბიტაციის მცდელობა?! საქართველოს ერთიანობას ვარღვევთ?! პრეზიდენტი საზღვრის დემარკაციას არ აბრალებს ახალ მთავრობას! 3 წლის მანძილზე მოსახლეობას იმ ადგილიდან იტაცებდნენ, რაც ცხინვალის ტერიტორიად მიაჩნდათ ძველი რუკების მიხედვით!
_ რომელ რუკას შეიძლება ეყრდნობოდნენ რუსი მესაზღვრეები?
_ სწორედ რუკებზე საუბარი რომ არ გავაპროტესტეთ, ეს იყო დიდი შეცდომა , წინა ხელისუფლების დროინდელი დიდი დიპლომატიური შეცდომა!
_ წინა მთავრობისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების მომხრეა. მაშინ რატომ დაიძაბა სიტუაცია?
_ ახლა, როცა ახალი ხელისუფლება პირდაპირი დიალოგის მომხრეა, არსებობს 2 ვერსია: ერთი, ის რომ სწორედაც “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს ხელახალი კოჰაბიტაცია და ერთობისკენ მიმავალი გზა გაიადვილა, რაც მე არ მჯერა და მეორე – სირიიდან წამოსული საფრთხე აძლიერებინებს საზღვარს ისევ იმ მოხაზულობის მიხედვით. არის ინფორმაცია აქედან წასული საფრთხის შესახებ, რაც 17 მაისის გამეორებას უკავშირდება _ ეს ოსურ წყაროზე დაყრდნობითაა. ოსეთიც მოითხოვს დაცვას რუსეთისგან! ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ახალგორის ბაზებისთვის ოსურმა მხარემ გაზის გაცვლა მოითხოვა წყლის სათაო ნაგებობიდან წყლის მოწოდების სანაცვლოდ, ქართული მხარე კი ამას მოლპარაკებით აპირებდა (ახალი ხელისუფლება), აშკარაა აქაც რისკზე ვერ წავიდა პრემიერი! მოსახლეობას სარწყავ წყალთან ერთად სიდუხჭირეც დაემატათ. ყურადღებას მთავრობისგან ითხოვენ! ეს სურათი დამხვდა სწორედ 1 კვირის წინ, ეს იგივეა, რაც 2 წლის წინ!
_ თქვენ ამბობთ, რომ სურათი უცვლელია. რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ,სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი რომ იპოვოს?
_ პირველ რიგში, ურჩიოს მოსახლეობას მოთმინება, რომ არ შეეწინააღმდეგონ რუს სამხედროებს. არავითარი საუბარი საზღვრებზე. ეს დიდი მახეა _ ჩვენვე გვაღიარებინებენ სამაჩაბლოს ამით! მე არ ვარ მომხრე რუსეთთან ხისტი რიტორიკის. ეს დიდი პოლიტიკაა და დიპლომატების სასაუბროა. ჟენევის ფორმატის გააქტიურება და პარალელურად პირდაპირი საუბარი რუსეთის მთავრობასთან! აუცილებლად უნდა გადაიხედოს სარკოზის შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში “გეგმა ბე” ამოქმედდება.
_ “გეგმა ბე” რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს ზოგიერთი სოფლის შუაზე გაყოფას და ბერლინის კედლის პრინციპს, რაზეც ლაპარაკობდა ომის შემდეგ პრეზიდენტი და რაც ისევ ძალაშია.
_ ამ დროისთვის მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია, სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა ტაიმ-აუტი აიღო თუ რამ გამოიწვია სამუშაოების შეჩერება?
_ კი, დროებით გაიყინება, ისე გაჩერდება ყველაფერი. დროებით შეჩერება კი რუსეთის მოთმინებაზეა სირიის გამო, რაც კავკასიის სიმშვიდის ადეკვატური იქნება, პრობლემა რომც გაიყინოს, სამართლებრივად მაინც მოსაგვარებელი გვექნება და საკმაოდ რთული მეტამორფოზებით!
_ აგვისტოს ომის პირველი წუთებიდან დღემდე თქვენ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავთ, როგორია მოსახლეობის განწყობა, რას ამბობენ ადგილობრივები?
_ მოსახლეობა ლოდინით დაიღალა და ნუგეშს ეძებს. პრობლემა მოსახლეობას ან გულგრილს გახდის დასავლეთის მიმართ, ან საკუთარი ბედის მძევლად დატოვებს. მოვლენები, რომელიც ხელოვნურად გამოწვეულს ჰგავს და სამეზობლოდან წამოსული ქარბორბალას მოახლოების შიში რწმენას უკარგავს მათ. წარმოიდგინეთ, ისევ ქართლი, ისევ საზღვარი და ისევ მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ომის ბურუსიდან, საოკუპაციო პირობითი ზოლი და სარკოზის შეთანხმების საეჭვო დეტალები, ქვეყანა რომელიც სტაბილურობის მოლოდინშია! ისტორიული არჩევნები და ისტორიას ჩაბარებული სიმშვიდე! ეს ადამიანები თვითონ ხედავენ, რა ძნელი მოსაპოვებელი ყოფილა ომის მერე სიმშვიდე, ძნელი ყოფილა იგივეს გამეორების განცდა! არა და მაინც ველით იმედს, რომელიც ჯერ ისევ შორსაა!