მიუხედავად იმისა, რომ თემა მედიის ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოექცა, სამინისტრო თავს ვალდებულად არ თვლის, რომ დეტალური განმარტებები გააკეთოს.
სანამ ფინანსთა სამინისტრო “დუმილის უფლებით” უკანონოდ სარგებლობს, “გურია ნიუსს” ის შვეიცარული კომპანია გამოეხმაურა, რომლის გარშემოც მთელი ეს აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როდესაც მედიისთვის დახურული კომპანია კონტაქტზე გამოვიდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ კერძო კომპანიას ამისი პირდაპირი ვალდებულება არ ჰქონდა, სახელმწიფო სტრუქტურას კი კანონი ავალდებულებს, პასუხი გაგვცეს იმ კითხვებზე, რასაც მეშვიდე თვეა ველოდებით.
კითხვები შვეიცარიულ კომპანიასთანაც გვქონდა, რომელიც დაცვის სამსახურს ოფიციალურ ბლანკზე დავტოვეთ. მოგვიანებით შეგვატყობინებს, რომ უახლოეს პერიოდში პასუხებს მივიღებთ. როგორც ჩანს, შვეიცარიიდან უფრო მალე მოგვივა პასუხები, ვიდრე საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.
თუ ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვებით, ყველაფერი ასე დაიწყო…
2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი, რომლის თანახმად ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე.
საკონკურსო პირობების თანახმად, 2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია „სიქპა სიქურითი სოლუშენსი”. თუმცა ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, დასრულებულის და გამარჯვებული კომპანიის შესახებ კონკურენციისა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება.
კომპანია “სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია” 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ “სიქპა” კონკურსში გამარჯვებულად გამოეცხადებინათ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაზეც წინა ხელისუფლება აპელირებას ახდენდა ამ ცვლილების მიღებისას და რომელიც ახალი ხელისუფლების რიტორიკაშიც სულ უფრო ხშირად ისმის, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვაა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გამოუსადეგარი არგუმენტია, რადგან გამყალბებლები ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას მწარმოებლის ტარას ან თავსახურს იყენებენ. შესაბამისად, ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით.
“ქართუ ბანკის” გაკოტრების “მთავარი გმირი” და “მარკირების პროექტის” ავტორი _ ჯაბა ებანოიძე
ახალი რეგულაცია, რომელიც მეწარმეებს მძიმე ტვირთად აწვება, წინა ხელისუფლების დროს შემოიღეს. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, რომლის სანდოობაში ეჭვიც არ გვეპარება, ამის ინიციატივა მაშინ სახელმწიფოსგან წამოვიდა. პროექტის სულის ჩამდგმელი კი შემოსავლების სამსახურის მაშინდელი უფროსი, ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი, ჯაბა ებანოიძე გახლდათ. ეს ის ჩინოვნიკია, რომელიც “ბანკი ქართუს” გაკოტრების სქემაში ბრალდებულად ცნეს ზურაბ ადეიშვილთან და კიდევ სამ სხვა პირთან ერთად.
მას ბრალად ედებოდა: დახმარება ქონების გადამალვაში, მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ებანოიძემ ბრალი აღიარა: “რამდენიმე მუხლით არის წაყენებული ბრალი, მაგრამ გარკვეულწილად ვაღიარებ ამ ბრალდებას და დანარჩენი გადაწყდება სასამართლო პროცესზე“,– განაცხადა ებანოიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ. მას სასამართლომ გირაოს თანხად 30 000 ლარი შეუფარდა.
ჯაბა ებანოიძის მოადგილე ვასილ გედევანიშვილი, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული არაალკოჰოლური სასმელების მარკირების პროცესში, ფინანსთა სამინისტროში დღესაც იგივე პოსტზე მუშაობს და როგორც ამ საკითხში ღრმად გათვითცნობიერებულ ადამიანს, მისთვის მაინც შეეძლოთ კომენტარების გაკეთება მიენდოთ, თუმცა….
თუმცა ის, რომ სამინისტრო მხოლოდ ზოგადი და მცირე პასუხით შემოიფარგლა:
ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას არაალკოჰოლური სასმელების მარკირების თაობაზე, სამინისტრო მიიღებს სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1) ბაზარზე არ მოხდეს აღურიცხავი პროდუქცია; 2) დაცული იყოს მომხმარებლების ინტერესები; 3) გათვალისწინებულ იყოს მეწარმეების ინტერესები,” – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროში და აქვე დაამატეს, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ინფორმაცია საჯაროდ გამოცხადდებაო.
ეს 2013 წლის 19 თებერვლის ინფორმაციაა, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს პასუხი 2012 წლის 19 დეკემბერს გადაგზავნილ კითხვებზე… და არც იმაზე, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ ორჯერ გადადებულ ახალ რეგულაციას რა ბედი ელის საბოლოოდ…
არც ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი: თუკი სახელმწიფოს ინტერესში შედის, რომ ბაზარზე არ მოხდეს აღურიცხავი პროდუქცია და ამის დასარეგულირებლად შემოაქვთ ახალი რეგულაცია, მომსახურების საფასური რატომ უნდა იხადონ მეწარმეებმა და არა თავად სახელმწიფომ? მაშინ, როდესაც, სხვა ქვეყნებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) სწორედ სახელმწიფო იხდის მომსახურების გადასახადს?
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში: გადასახადების შესახებ საკონსტიტუციო გარანტიები გათვალიწინებულია როგორც კონსტიტუციით ისე ორგანული კანონით “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” (2011), რომელთა თანახმად 2013 წლის ოქტომბრისთვის იარსებებს მხოლოდ შემდეგი გადასახადები, კერძოდ:
1. საშემოსავლო გადასახადი; 2. დღგ; 3. ქონების გადასახადი; 4. იმპორტის გადასახადი; 5. აქციზი.
რა სახის გადასახადს განეკუთვნება სიქპა-ზე განპიროვნებული “ფარული აქციზი?”
კიდევ ერთი საინტერესო გარემოება…
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მარკირების თემაში და შეხვედრებს აწარმოებდა როგორც მეწარმეებთან, ასევე შვეიცარულ კომპანია “სიქპასთან” რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა… მან ფინანსთა სამინისტროში “საკუთარი თავი ვეღარ დაინახა…”
“სიქპას” პირველი გამოჩენა ქართულ მედიასთან და პრეზენტაცია 7 თვიანი ლოდინის შემდეგ
“შვეიცარული კომპანიის “საიდუმლო კოდი” გაშიფრულია, სახელმწიფოს არგუმენტი _ ანულირებული!” _ სააგენტო “გურია ნიუსზე” გამოქვეყნებული ამ მასალის შემდეგ, “სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას” ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი ჯიქია დაგვიკავშირდა, რომელმაც თანხმობა განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მან თავიდანვე გვითხრა უარი ინტერვიუზე და მხოლოდ კომპანიის პრეზენტაცია შემოგვთავაზა, მაინც დავთანხმდით. რა ხდებოდა “სიქპას” დიდი რკინის ჭიშკრის მიღმა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვის გამოჩენასაც ამდენი ხანი ველოდებოდით, ამის გასარკვევად კომპანიის ოფისში მივედით…
კომპანიაში გაგვიცხადეს, რომ “სიქპა” ერთ-ერთი პრესტიჟული კომპანიაა შვეიცარიაში და საკმაოდ ცნობილი მსოფლიოს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ოფშორებთან.
თუმცა, მათი არგუმენტი იმის შესახებ, რომ “სიქპა” 1927 წელს არის დაარსებული და საკონკურსო პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ჩვენთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო SICPA Security Solutions SA”-მ, რომელიც 2008 წელს არის დაარსებული.
“გურია ნიუსისთვის” წარმოდგენილი პრეზენტაციიდან გაირკვა ისიც, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც “სიქპას” მომსახურების გადასახადს მეწარმეები უხდიან, თუმცა კომპანიაში არც იმას უარყოფენ, რომ მათთვის გაცილებით კომფორტულია, ამ გადასახადს სახელმწიფო იხდიდეს და მათთან ჰქონდეთ ურთიერთობა. იქვე დასძენენ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მისაღებია და კომპანია მათ ვერაფერს ურჩევს.
“სიქპასთვის” მოულოდნელი არც ჩვენი ექსპერიმენტის შედეგი აღმოჩნდა, როდესაც სპეციალისტის დახმარებით მათი მარკირებული პროდუქციის კოდის გაშიფვრა მოვახერხეთ.
როგორც კომპანიაში აგვიხსნეს, საქართველოს შემთხვევაში, მათი პრიორიტეტი ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის. ამ მიმართულებით რომ ყოფილიყო მოლაპარაკება სახელმწიფოსთან, მაშინ სულ სხვაგვარი დამცავი მექანიზმი იქნებოდა გამოყენებული. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს ინტერესი ბაზარზე პროდუქციის აღრიცხვა იყო. მათივე განმარტებით, იმ მელნის ფალსიფიცირებაა შეუძლებელი, რომელსაც იყენებენ.
კომპანიაში არ უარყოფენ იმას, რომ მედიასთან დახურული სახის ურთიერთობა აქვთ და ამას სპეციფიური ბიზნესით ხსნიან. თუმცა, რა ინტერესი აქვთ საქართველოში, ამის გაგება მაინც მოვახერხეთ.
“სიქპა” ლარის მარკირებასაც ახორციელებს. რეგიონში შემოსვლას და დამკვიდრებას გეგმავენ, რათა საქართველოდან გააკეთონ ის ოპერაციები, რასაც აკეთებენ შვეიცარიაში. საქართველოდან აპირებენ მოემსახუროს არა მარტო კავკასიას, არამედ ახლო აღმოსავლეთსაც.
შეჩერებული მარკირების და მიყენებული ზარალის გამო, აპირებს თუ არა კომპანია, სარჩელი შეიტანოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ან სხვა რაიმე სახის ზომებს მიმართოს? _ ეს ერთადერთი კითხვაა, რომელზეც ოფიციალური პასუხი მივიღეთ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ისინი არანაირი სამართლებრივი რეაგირების გამოყენებას არ აპირებენ სახელმწიფოსთან, რადგან სახელმწიფო მათი პარტნიორია და ფაქტობრივად, არ არსებობს საკითხი, თუნდაც იგივე არაალკოჰოლური სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით, რომელზეც “სიქპა” მოლაპარაკებას ვერ შეძლებს სახელმწიფოსთან. არც იმას გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, კორექტირებასაც დათანხმდნენ.
რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, ჩვენ, პირობისამებრ, ველოდებით პასუხებს შვეიცარიიდან და გამოხმაურებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც ჩვენთვის ამის პირობა არ მოუცია, მაგრამ ვალდებულება აქვს…
პ. ს რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2010 წელს “სიქპა სექურითი სოლუშენს ჯორჯიას” ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი ჯიქიას და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ პროკურატურამ საქმე აღძრა, ამას არც თავად გიორგი ჯიქია უარყოფს. მისი განცხადებით, ის ბრალდება თითიდან გამოწოვილი იყო და ამიტომაც არცერთხელ არ დათანხმდა საპროცესო გარიგებას.როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.