“მიშა, ჩვენ ვიცით შენი მისამართი, შენი ახლობლების მისამართები და ძალიან მალე მოვალთ შენამდე,”_ ნათქვამია ვიდეოში. ვიდეოს ავტორები ასევე ავრცელებენ ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი მეომრების ფოტოებს, ვიდეოებს და აცხადებენ, რომ “ავღანელი ბავშვების და ქალების მკვლელობისთვის ყველა პასუხს აგებს”.
“გურია ნიუსი” თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ წუთებში გადაწყდება რა კომენტარს გააკეთებს და როგორი იქნება სამინისტროს პოზიცია.
“კავკასიის კონფედერაციის” ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი კი აცხადებს, რომ მუქარა რეალურია: ” სააკაშვილი რომ 26 მაისს ავღანეთში ჩაფრინდა და აღლუმი ჩაატარა, დააჯილდოვა სამხედროები და მთელ მსოფლიოს აჩვენა როგორ ელაპარაკებოდა ქართველ ოფიცერს ავღანელების განადგურებაზე; მაშინ განვაცხადე, რომ ამის შედეგს ძალიან მალე ვნახავდით. მისმა დაუმთავრებელმა ვოიაჟებმა და პიარმა, შესაძლოა, ჩვენს მოსახლეობას, რიგით ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.”
კასრელიშვილის თქმით, ჯიჰადი ეხება ყველას, რადგან, ამ შემთხვევაში ავღანეთში მათი ბავშვები და ქალები იხოცებიან.
” მათი პრინციპია: კბილი-კბილის წილ!” ასე რომ, თუ მათ ჯიჰადი მართლაც დაიწყეს, არავის ექნება გარჩევა, არც ქალს და არც ბავშვს. მთელი პასუხსიმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ამბავი მოჰყვა სააკაშვილის დაუმთავრებელ და “კარგად გაპიარებულ” ვოიაჟებს ავღანეთში”.
კასრელიშვილი ამბობს, რომ ლაფანყურის შემთხვევამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, რადგან იქამდე ითვლებოდა, რომ ავღანეთში ჯარის გაგზავნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა გარკვეულწილად მფარველობდა კავკასიელ მუსულმანებს.
“გურია ნიუსმა” კომენტარისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ მოგვიანებით დაკავშირება გვირჩია.