მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ბაქრაძემ თენგიზ გუნავას პროკურატურაში დაბარება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბინძური მეთოდების გამოყენებად შეაფასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დახურული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა: “გუნავას დაბარება რაღაც კომიკურ ასპექტში გადადის, რომ არ იყოს ტრაგიკული. მყარად არის გადაწყვეტილი, რომ ამ ადამიანს მოუძებნონ რაიმე ბრალი, სულ ერთია, რა იქნება _ დაწყებული ბენზინის ტალონებიდან, დამთავრებული იარაღის ტარებით. ეს არის მეხუთე, თუ მეექვსე მცდელობა, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე ააგოროს პროკურატურამ. ეს ნათლად აჩვენებს, რა მეთოდებით, როგორი სიბინძურით ხდება ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლა”.
თავად გუნავა მის პროკურატურაში დაბარებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს და ამბობს: “მერამდენედ ვარ დაბარებული პროკურატურაში, ყველა ხედავს. დღეს კიდევ ერთხელ დამიბარეს იმისთვის, რომ გამაჩუმონ. რაც შეეხება საქმეს, რაზეც დამიბარეს, ეს არის 2007-2008 წლის ამბავი, რომელზეც მე უკვე გავეცი ამომწურავი პასუხი. უნდათ, რამენაირად ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო შესაძლოა გამძაფრდეს მსგავსი ქმედებები. მე მზად ვარ, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე.”
გუბერნატორს საოლქო პროკურატურასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მისი მხარდამჭერები ელოდებოდნენ. შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ გუნავას და პროკურატურის შენობაში შესვლამდე გაამხნევეს. პროკურატურასთან მობილიზებულია სამართალდამცავები.
საქმე, რომელზეც თენგიზ გუნავას დღეს პროკურატურაში დაკითხავენ, სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში შევიდა, როგორც პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და მოქალაქის წამების ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თენგიზ გუნავა მოქალაქე გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაიბარა.