გლოვის ნიშნად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ასევე, დროშები დაეშვა შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილსა და ავღანეთში დისლოცირებულ ქართული ქვედანაყოფების ბაზებზე.
“თავდაცვის სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ უსამძიმრების გმირების ოჯახებს. ეს უდიდესი დანაკლისია როგორც გმირების ოჯახებისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ძალები ბოლომდე ღირსეულად დაუდგება გვერდში დაღუპული გმირების ოჯახებს, დაჭრილ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს,” – განაცახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ.
ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. გუშინ, ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988), კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990), პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980), რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (25.12.1986), რიგითი ბორის ცუგოშვილი (12.05.1984), პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991), _ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.