მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, “ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
მიხეილ მაჭავარიანმა ინტერვიუს ჩაწერამდე განაცხადა: “თქვენ გგონიათ, რომ გავრბივარ?!” – რის შემდეგ მან ოზურგეთში ჩამოსვლის შესახებ ისაუბრა: _ ჩვენ ვხვდებით რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ახლა აჭარიდან მოვდივართ და ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს ხდება საქართველოში. ფაქტიურად ხდება ოპოზიციის განადგურება მმართველი პარტიის მიერ და ამიტომ გვინდა შევხვდეთ ჩვენს აქტივისტებს, მხარდამჭერებს და ვისაუბროთ საპრეზიდენტო კანდიდატზე, როგორ მოხდება, რა პროცესებით მოხდება მისი შერჩევა. მომავალი კვირა საპარლამენტო კვირაა და იქ ვიქნებით, რის შემდეგ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ჩავალთ და იქ გავეცნობით სიტუაციას.
_ ბატონო მიხეილ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ როგორც კი ჩამოვყალიბდებით, აუცილებლად გეტყვით. _ გვითხრა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეხვედრა “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” 7 ივნისს, დაახლოებით 16:30 წუთზე დაიწყო და მას გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი თავის მოადგილეებთან ლელა თავართქილაძესთან და პაატა მანჯგალაძესთან ერთად დაესწრო, ეს იმ დროს, როდესაც სამუშაო საათები დამთავრებული არ იყო.
და ბოლოს, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” მოპირდაპირე მხარეს, შეხვედრის დასრულებამდე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რამდენიმე აქტივისტი და მხარდამჭერი იმყოფებოდა, რომლებმაც რამდენიმე უწმაწური სიტყვა “გაიმეტეს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მისამართით. მათი ეს ქმედება დიდ აგრესიაში არ გადაზრდილა.