პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამ საკითხზე ოპოზიციასთან გარიგებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულა.
“მოსამართლეთა კონფერენციის გადასაწყვეტია ვის დააყენებენ კანდიდატად და ვის დაუჭერენ მხარს. ეს არის მათი საქმე და მათ უნდა გადაწყვიტონ, ჭირდებათ თუ არა პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები იუსტიციის საბჭოში. შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ, კონსულტაციები გაიარონ ერთმანეთში და თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათ მიერ იუსტიციის საბჭოში არჩეული. აქ ჩვენ ვერანაირ ჩარევას ვერ მოვახდენთ, რადგან რა რეკომენდაციაც მოგვცა ვენეციის კომისიამ, იმ რეკომენდაციის ფარგლებში მივიღეთ კანონმდებლობა და ამის იქით პარლამენტი უბრალოდ ვერ წავიდოდა.
ჩვენი პოზიციები თავდაპირველად იყო ბევრად უფრო რეფორმატორული, მაგრამ თქვენ იცით, რომ თვეების განმავლობაში დაველოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას,სადაც პირდაპირ იყო მითითებული რომ ყველა არ გაგვეშვა.“
მანანა კობახიძე ხელისუფლებასა და კოტე კუბლაშვილს შორის პოლიტიკურ გარიგებას გამორიცხავს და მოსამართლეებს საკუთარ კოლეგებთან უფრო აქტიური კომუნიკაციას ურჩევს.
“არანაირი პოლიტიკური გარიგება არ არის, კანონში ჩაიდო ის, რაც მიგვითითა ვენეციის კომისამ და თუ ახლა ვენეციის კომისიის დასკვნას აპროტესტებენ, მაშინ შეიძლება იქ გააგზავნონ წერილი და იქედან დამატებითი დოკუმენტი მიიღონ, თუმცა ამას გამოვრიცხავ, რადგან ამაზე უკვე ნამსჯელი აქვს კომისიას.
არანაირი გარიგებაზე არ არის საუბარი. თუკი ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, თუ გვინდა ევროპულ ოჯახში გაერთიანება, იმ დოზით მაინც უნდა გაგვეზიარებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რა დოზითაც გავიზიარეთ.
რა ვქნათ, ჩვენ ამაზე უკეთეს კანონს ვერ მივიღებთ, მათ პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ ვენეციის კომისიასთან და რაც მთავარია, ერთმანეთში ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია”._ განაცხადა მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან” .