მოსახლეობა ამ ფაქტს აღნიშნულ პერიმეტრზე რუსული მხარის გაძლიერებულ კონტროლს უკავშირებს.
გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლის გაძლიერება მას შემდეგ შეინიშნება, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ საქართველო ამჟამად არის სახელმწიფო, რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობსო.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გალის რაიონში ბოლო დროს გახშირდა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავების ვიზიტები. სწორედ ამიტომ, გალიდან ახლადგადმოსულ რამდენიმე ადამიანს შევხვდით. მათ კამერასთან საუბარი არ ისურვეს, არც სახელის და გვარის გამჟღავნებაზე დაგვთანხმდნენ. ბოლოს გვითხრეს, ისე ვისაუბროთ, ბევრ საინტერესო ამბავს გეტყვით, იქნებ, ვინმე დაინტერესდეს და მერე ადვილად შეძლებს გადაამოწმოს ჩვენი ნათქვამიო.
_ ახლა ჩვენ უფრო ჭორაობა გამოგვდის.
_ ჭორი მოგონილია ამბავია, ჩვენ კი იმას გეტყვით, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი ყურით მოვისმინეთ. დაცულად რომ ვგრძნობდეთ თავს, სახელსაც გეტყვით, გვარსაც და მისამართსაც, მაგრამ ახლა ვერ გავრისკავთ, შვილები გვყავს, ნათესავები და მათ საფრთხეს ვერ შევუქმნით.
_ ამბობენ, ამ ბოლო დროს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსების მიერ კონტროლი გამკაცრდაო. თქვენც გაგიჭირდათ გადმოსვლა?
_ არა, ჩვენ არა, რადგან ხშირად გვიწევს გადასვლა-გადმოსვლა, ისე კი, კონტროლი მართლაც გამკაცრდა. ახლა თვითონ აფხაზები და რუსები უყურებენ ერთმანეთს ეჭვის თვალით, ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობს და ჯავრს საწყალ მოსახლეობაზე იყრიან.
_ როგორ გგონიათ, რატომ ახლა?
_ბევრი მიზეზია. მას მერე, რაც ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, ქართველი და, წარმოიდგინეთ, აფხაზი ხალხის უმეტესი ნაწილი იმედით აივსო. თქვენ რა გგონიათ, არ ნანობენ ახლა აფხაზები? რუსებს უნდათ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ, აფხაზი ერი ამაყი ერია და ვერ ეგუება საკუთარ სახლში სხვის ბატონობას. როგორც მე ვიცი, უკმაყოფილება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამას რუსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაც ხედავს, სწორედ ამიტომ იყო, ანქვაბმა რუსულ-აფხაზურ ჰუმანირატულ ფორუმზე რომ განაცხადა, აფხაზური ეპარქია რუსეთის ეკლესიის მფარველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდესო და აფხაზი ეპისკოპოსის ხელდასხმის თხოვნით მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს მიმართა. არც ეს განცხადება მოეწონათ აფხაზების ნაწილს _ გრძნობენ, რომ ბევრი რამის დათმობა უხდებათ. ახლა არა მარტო სოხუმში, გალშიც დაშინების პოლიტიკას აწარმოებენ, ისევ ანქვაბის მოსაზრებას აღვივებენ ხალხში: „საქართველო ამჟამად არის სახელმწიფო, რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობს“. თუმცა, პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი ყველა განცხადებას და მიმართვას ისმენს, თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს.
_ რა განცხადებას გულისხმობთ?
_ თუნდაც ზაქარეიშვილის. კარგად მახსოვს მისი სიტყვები: „მინდა შევატყობინო აფხაზ ხალხს, რომ საქართველოსგან მათ საფრთხე არასდროს დაემუქრებათ. ჩვენ მათ გარანტირებული უსაფრთხოების განწყობა უნდა შევუქმნათ. საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკაში ყოველთვის გაითვალისწინებს აფხაზი საზოგადოების ინტერესებს”. არ ვიცი, რამდენად შეძლებს დაპირების შესრულებას, მაგრამ აფხაზებისთვის ეს კარგი მოსასმენი იყო. მეგობარი მყავს, აშბა, სოხუმში ცხოვრობს და მან მითხრა, იქნებ, მართლა იყოს შესაძლებელი ახალი ურთიერთობების დაწყებაო. სწორედ მისგან ვიცი, რომ აფხაზების უმეტესი ნაწილი დააფიქრა ამ სიტყვებმა. ახლა მთავარია საქმე დავანახოთ მათ, სიახლეები შევთავაზოთ. მე, როგორც ერთი მოქალაქე აშკარად ვგრძნობ შერბილებას ურთიერთობებში.
_ ეს როგორ გავიგოთ?
_ ადრე ვერ დაელაპარაკებოდი აფხაზებს, ქართველების გაგონება არ უნდოდათ. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ბოლო ხანებში თვითონ დამიკავშირდნენ და ისე მოგვნატრებია ერთმანეთი, წარსულ წყენაზე ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია. მერე კიდევ, იცით, რამდენი ახალი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა? ნუ გეწყინებათ, მაგრამ ჟურნალისტებიც უნდა აქტიურობდნენ ამ მხრივ _ სულ ცუდ ამბავს რომ აშუქებთ, კარგიც გააშუქეთ, იქნებ, უფრო დადებითად იმოქმედოს ამან საზოგადოებაზე. იმდენჯერ დაიწერა და ითქვა პრეზიდენტის განცხადების შესახებ, ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სანამ კიდევ არ განაწყენდნენ აფხაზები და ამ ყველაფერს სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი არ უწოდეს. სწორედ ამ დღეებში ქართულ-აფხაზურ ქორწილში ერთად ისხდნენ აფხაზები და ქართველები. მე ვნახე მათი შეურაცხყოფილი სახეები, ვნახე წყენაც, მაგრამ იმედიც, რადგან დავიღალეთ. ჰო, უბრალო ხალხი დავიღალეთ. რატომ უნდათ ისევ გააღვივონ მიმქრალი ნაპერწკალი, რა გადაგვაყოლეს ამ ვანუატუს? აბა, იკითხეთ _ ათი ადამიანიდან ცხრა ვერც კი გეტყვით, სადაა ეს სახელმწიფო და ვინ არიან მისი მცხოვრებლები. არ ვარ მართალი? გამეცით პასუხი!
_ ალბათ, იმიტომ, რომ ყველა ამ ქვეყანას თითო ხმა აქვს გაეროში და ბევრჯერ ერთ ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ ვერაფერს იტყვი, დაპროგრამებული პასუხია, მაგრამ, ალბათ, ჟურნალისტებსაც თქვენი წესები და ნორმები გაქვთ.
_ ამბობენ გალში აფხაზი სამართალდამცავები ამ ბოლო დროს ხშირად დადიან და მოსახლეობასთან კავშირებს ეძებენო. მართალია?
_ ეს ახალი არ არის, გალში მესაზღვრეებიც დადიან და სამართალდამცველებიც.
_ კარგით, მაშინ ასე გკითხავთ _ ამბობენ, აფხაზები ქართველების დახმარებით წართმეული ძალაუფლების აღდგენას გეგმავენ და მოსახლეობას აიძულებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე აფხაზების დაბრუნება მოითხოვონ. გსმენიათ რამე ამის შესახებ?
_ სიმართლე გითხრათ, ამ ამბავს საზღვრის გადმოკვეთის მერე მოვკარი ყური. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. ისე, ძალიან საშიშია იმაზე ლაპარაკი, რადგან რუს მესაზღვრეებს ყურები დაცქვეტილი აქვთ. ერთი კია, რუსებთან ლაპარაკს მე პირადად აფხაზებთან ლაპარაკი მირჩევნია, რადგან ამ ბოლო დროს მათთან შეიძლება ადამიანურ ენაზე დალაპარაკება, რასაც რუს მესაზღვრეებზე ვერ ვიტყვი. აგრესიულები გახდნენ საკმაოდ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება ურთიერთობების აღდგენა?
_ რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი დაფიქრებაა საჭირო, ყველა სიტყვის აწონ-დაწონვა. მთავარია, ნდობა აღდგეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ; მთავარია, სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ ეს ყველაფერი და არა აგრესიის, მოწოდების და ბრძანების კილოთი. ხომ გითხარით, მე დამიბრუნდნენ მეგობრები, ასევე უნდა დაბრუნება ბევრ სხვასაც, მაგრამ ხალხს გვაცალონ. რა თქმა უნდა, რუსეთი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მასთანაც შეიძლება დალაპარაკება, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ მალე დადგება ეს დრო. აი, მერეა ყველაზე სათუთი პერიოდი. ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება, ძველის დავიწყება. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა დიდი როლი უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერში. მე მჯერა, რომ აფხაზური საზოგადოება უკვე ხედავს სიახლეებს. ვიცი, უკვე ბევრი ამბობს _ „აფხაზეთი საქართველოა“. მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც გექნებათ ნანახი. აი, ეს უნდა გაგეშუქებინათ, აი ეს ლოზუნგი უნდა დადებულიყო ყველა საინფორმაციო საშუალებებზე და ტელევიზიით. ეს პირველი ნაბიჯია, ეს არის ის ჩასაჭიდი ძაფის ბოლო, რომელსაც მაგრად უნდა მოვკიდოთ ხელი და ნელ-ნელა მივყვეთ ბოლომდე.