ალტერნატიული პროექტის მომხრე უზენაესი სასამრთლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კანონის ამგვარი განმარტება ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია.
“საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის ეს დღე არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან საქართველოს მოსამართლეები თვითონ აფუძნებენ სასამართლო ხელისუფლების წამმართველ ძალიან სერიოზულ ორგანოს, იუსტიციის საბჭოს. ჩვენი შენიშვნა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავავრცელეთ მე და ბატონმა თეიმურაზ თოდრიამ, რომ კანონის ამგვარი გაგება, თითქოს პარლამენტის მიერ დადგენილ კვოტაზე 3 ადგილზე შეუძლიათ კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეებს კენჭისყრა, უზღუდავს რიგით მოსამართლეებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ჩვენი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საწინააღმდეგო, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპზე, თანასწორობაზე ლაპარაკობს. გამოდის რომ მოსამართლეთა თანაბრობის პრინციპი, რომელიც ერთ-ერთი დიადი პრინციპია, უგულვებელყოფილი და იგნორირებულია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ ეს განმარტება გაიზიარა.
ერთი კვირაა, ჩვენ ამაზე ვკამათობთ, დისკუსიები გვაქვს, რომ ეს არ ყოფილიყო მიღებული. ჩვენი აზრით, კანონის ამგვარი განმარტება ძალიან სერიოზული საფრთხეა. როგორც წესი. შეიძლება საერთაშორისო სტანდარტები დაარღვიოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, ანუ საკანონმდებლო ან აღმასრულებელმა, მაგრამ სასამართლო ხელისუფლების თვითმმართველმა ორგანომ, მოსამართლეთა კონფერენციამ დაარღვიოს ეს, წარმოუდგენელია. როცა აღმასრულებელი ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს სასამართლოა შემაკავებელი. სასამართლომ არ უნდა დაუშვას სასამართლო კონტროლის მეშვეობით. “