კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონფერენციაზე არიან მოსამართლეები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და კანონს იცავენ. არიან მოსამართლეები, რომლებიც მარტო ტაშს უკრავენ. თუმცა ის რომ კონფერენციაზე განსხვავებული აზრი დაფიქსირდა, ეს დემოკრატიის ნაწილია. მისი განმარტებით მათ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული პროექტი ეხება “საქართველოს ორგანული კანონის “საერთო სასამართლოები შესახებ” ნორმის განმარტებას.
“დღეს, მოსამართლეთა ერთი ნაწილი, ჩვენი კანონმდებლის ნებას განმარტავს შემდეგნაირად, რომ ამ 3 ადგილას კენჭისყრის უფლება აქვს მხოლოდ თანამდებობის მქონე 11 მოსამართლეს. ხოლო დანარჩენ 229-ს არ აქვს ამ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. პროგრესულად მოაზროვნე მოსამართლეებმა სწორად აღიქვეს ჩვენი განცხადების სულისკვეთება და ამბობენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 240-ვე მოსამართლეს. უბრალოდ იმ 240-ს შორის შეიძლება იყოს ის 11 მოსამართლე, ვინ ითავსებს თანამდებობრივ მდგომარეობას. თუ არჩეული იქნება ორივე თანამდებობაზე, მას ექნება უფლება კვლავ გააგრძელოს თანამდებობრივი შეთავსება. ეს არის პრინციპული განსხვავება.
სამწუხაროდ, ადამიანები სუბიექტურები ვართ სხვადასხვა მოვლენები ახსნისას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა ორი ფრთა. მე როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები მოსამართლეთა კონფერენციას და ხედავთ, რომ არის ერთი პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და არის მეორე ფრთა, რომელიც ტაშს უკრავს მარტო.
ვიღაცა პროგრესულად აზროვნებს, ვიღაცა თამამია, ვიღაცა კანონის პრინციპს ეყრდნობა, მეორე ნაწილი ზის და მხოლოდ ტაშს უკრავს. ეს დემოკრატიაა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
პირველადმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ სადღაც 90-მდე მოსამართლე არის განწყობილი იმისთვის, რომ დაიცვას მოსამართლის ღირსება და დღეს ჩაუყაროს საფუძველი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის აღდგენას. ეყოფა თუ არა იმ 90 მოსამართლის ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება. ფარულ კენჭისყრაში ვინ რა პოზიციას დაიჭერს, ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა არ შევიკავებ თავს ზაზა მეიშვილის ცინიკური, არაეთიკური განცხადებისგან. ეს არის კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლის პალატას და საქართველოში ათიათასობით უკანონო პატიმრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ახლა გამოდის და სამართლიანობაზე ლაპარაკობს და პარლამენტის მიერ მიღებულ უსამართლო კანონზე საუბრობს. ზაზა მეიშვილის გამოსვლა იყო უტაქტო გამოსვლა მოსამართლეთა პროფესიის, სასამართლო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით”.