რედაქციაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლესაში ბარამიძეების ეზოში დაყენებული ტექნიკის წაყვანაში ადგილობრივები თურქებს ხელს უშლიან.
ადგილზე მისულებს ეზოში შეკრებილი მოსახლეობა დაგვხვდა. მათი თქმით, შარშან თურქეთის მოქალაქეებმა იჯარით აიღეს 60 ჰექტარი საყანე ფართობები და დაიწყეს მისი დამუშავება. ამის შემდეგ მოსახლეობას პრობლემები დაეწყო _ შეთანხმების მიხედვით, 1 000 კვ.მ-ზე მათ გლეხებისთვის 20 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა, როგორც იქაურები ამბობენ, თანხის გადახდას, აგვიანებდნენ, გარდა ამისა, დღემდე გადაუხდელი აქვთ მუშახელის, სიმინდისა და საწვავის თანხა.
გულივერ სარჯველაძე: “პირველად ისინი 2012 წელს გამოჩნდნენ. ხვნა-თესვის დროს გაჰქონდათ ჩემგან საწვავი, რომლის საფასურს მერე მიხდიდნენ. ბოლოს 3 700 ლარი აღარ გადამიხადეს. მპირდებოდნენ, დღეს-ხვალეო, მაგრამ ვალი დღემდე არ მოუციათ. გვპირდებოდნენ ვიღაც ჩამომიტანს თურქეთიდანო, მატარებდნენ იქეთ-აქეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ბოლოს სულ დაგვემალნენ. 8 თვეა ჩემი ვალი აქვთ. ახალ გამგებლისგან, დათო ლომიძისგან მოვითხოვთ, რომ დაგვეხმაროს თანხის ამოღებაში. აქ ტექნიკა ჰყავთ დაყენებული, დღეს აპირებდნენ წაყვანას, მაგრამ არ გავატანთ _ თუ წაიყვანენ, ჩვენი ვალის ამოღების იმედიც დაიკარგება”.
ავთანდილ მურვანიძე: “თურქი მოქალაქეები 2012 წლის მაისის ბოლოს ჩემთან მოვიდნენ თხოვნით, ღორები გვყავს და თუ შეგიძლია სიმინდი ნისიად მოგვეციო. ჩემი მეზობლები მუშაობდნენ მათთან _ ზოგი ტრაქტორისტად, ზოგი მუშად და ვენდე, გავატანე პირველი პარტია და 75 ლარი გადამიხადეს, მერე მოვიდნენ, მეორე პარტია წაიღეს _ 1 300 კილოგრამი და ფულს 15 დღეში მოგცემთო. მერე მოვიდნენ და ისევ წაიღეს _ მპირდებოდნენ დღეს მოგცემთ, ხვალ მოგცემთო. სულ 2000 ლარი მაქვს ასაღები. აგვისტოს ბოლოს მეუღლე მყავდა ცუდად და მივაკითხე _ მაცალე ცოტა ხანი, ღორებს გავყიდით და მოგცემთო. არც მაშინ მომცეს, მერე მანქანა მყავს გასაყიდიო. როცა რამეს ვეუბნებოდით, გვპასუხობდნენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ჩვენ გვიცავს გენერალიო. ივანიშვილის ხსენება არ უნდოდათ _ მისი სახელის ხსენებას გვიკრძალავდნენ. მერე გაიქცნენ. ტექნიკა ჰყავთ დაყენებული ბარამიძის ოჯახში. 30 კაცი მაინც იქნება, ვისი ვალიც იმ თურქებს გააჩნიათ. მცირე თანხას რაც შეეხება, უფრო მეტია. ჩვენ ვითხოვთ _ მათი ტექნიკა გვინდა გადმოვიყვანოთ ჩემ ეზოში. ამ ტექნიკას თუ წაიყვანენ, ფულის აღების იმედს საბოლოოდ დავკარგავთ. ვდებ პირობას, რომ არაფერს დავუშავებთ ტექნიკას _ დავაყენებთ ეზოში და როცა თანხას დაგვიბრუნებენ, წაიყვანონ. თუ გვიცავს ჩვენი მთავრობა, დაგვიცვას ბოლომდე _ თურქეთში რომ წავსულიყავით, ვინმე რამეს წაგვართმევინებდა?!”
კახა პატარაია, ლესის თემის დეპუტატი: ” 2011 წელს დამირეკა მეზობელმა და მითხრა, სტუმრები არიან და შენი გაცნობა უნდათო. როდესაც შევხვდი თურქ მოქალაქეებს, გამოთქვეს ლესაში ცხოვრების სურვილი. აიღეს სახლი და დაფუძნდნენ აქ. მე მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მქონია, უბრალოდ, მოიკითხეს, ვინ არის სოფლის თავიო. თარჯიმნის მეშვეობით მქონდა მათთან ურთიერთობა. ვიცოდი, რომ მემედ კამბორი ერქვა. ამის მეტი არაფერი არ ვიცი.
თავდაპირველად ბაყაყების ბიზნესი დაიწყეს. მერე თქვეს, რომ რაღაცის აწყობა გვინდა, სოფელი მოგვეწონაო. შემდეგ ლანჩხუთში გადმოვიდნენ, გააკეთეს ღორის ფერმა. არ გაუმართლათ ამ ბიზნესმა. ლანხუთში იყვნენ მიშა მელუას სახლში. მათი არსებობის შესახებ ყველამ იცოდა აქ, იწერებოდა გაზეთებში. ხალხის დასაქმების რაღაც გეგმები, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. მერე ჩამოიყვანეს ტრაქტორები, აიღეს მიწები სუფსაში, ჯურუყვეთში, ლესაში კი მე ვუთხარი, რომ არის გარკვეული მიწები, რომლებიც ვერ მუშავდება,-მეთქი. ლესელებსაც შევუთანხმდი, დაუმუშავებელი მიწები მიეცათ მათთვის იჯარით _ ცოტა სარგებელი მაინც ექნებოდათ გლეხებს. რამდენიმე ადამიანი დაეთანხმა ამ შეთავაზებას. 1 000 კვადრატულ მეტრზე 50 კგ. სიმინდს აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლესაში მოსავალი ვერ აიღეს, დანაპირები პირნათლად შეასრულეს და ყველა ვალი გაისტუმრეს. მხოლოდ ეს ვიცი და მეტი არაფერი, სხვა რა ურთიერთობა ჰქონდათ ახლანდელ მევალეებთან, საქმის კურსში არ ვარ _ პირადად თანხმდებოდნენ ხალხთან. არანაირი საქმიანი ურთიერთობა მე მათთან არ მქონია,” _ გვითხრა კახა პატარაიამ.
“გურია ნიუსი” შეეცადა დაკავშირებოდა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც გარკვეული შეხება ჰქონდათ თურქ მოქალაქეებთან. როგორც ააიპ “აგრობიზნესცენტრის” დირექტორმა, გელა ზოიძემ გვითხრა, ისინი თურქები კი არა, ლაზები იყვნენ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვერ გავიგეთ.
გელა ზოიძე: “ჩვენ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს, ინვესტიციების მოზიდვასა და მცირე ფერმერებს ვეხმარებით. დავიწყებ იმით, რომ ესენი თურქები კი არა, ლაზები იყვნენ, რამდენადაც მე გამეცნენ და ნანახი მაქვს მათი საბუთები. ერთს ერქვა მეჰმედ კამბური, მეუღლე ჰყავდა თურქი, სერაფი, როგორც საბუთებში ეწერათ. მათ დააარსეს საქართველოში შპს “სერაფი” და დაიწყეს მუშაობა ლესიდან. ერთ-ერთ გაზეთს მისცეს კიდეც ინტერვიუ, რომ ცოტა ხანში ლანჩხუთს დაამსგავსებდნენ სამსუნს.
ისინი, როგორც თვითონ ამბობდნენ, ბიზნესის განვითარებას დაუმუშავებელ მიწების მეშვეობით აპირებდნენ. მოსახლეობაც აკითხავდა მათ და სთავაზობდნენ, რომ იჯარით მისცემდნენ მიწებს. რამდენადაც მე ვიცი, 200 ლარად ქირაობდნენ 1 ჰექტარ მიწას. ეს თანხა გადაუხადეს კიდეც გლეხებს მოსავლის აღების პერიოდში. ასევე, ადგილობრივი მუშა ხელი დაასაქმეს _ 20 ლარს უხდიდნენ დღეში.
ეს ყველაფერი იქედან ვიცი, რომ ხშირად დადიოდნენ ჩვენთან და მეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა ინვესტიციები განეხორციელებინათ.
მერე გააკეთეს მეორე ფირმა, რომელიც იყო დაკავებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით. მაგრამ მათ არ იცოდნენ ჩვენი მიწის სპეციფიკა და ტექნოლოგიური ციკლი არ გამოდგა ჩვენი მიწებისთვის ეფექტური, თუმცა სასარგებლო ის იყო, რომ რამდენიმე წლის დაუმუშავებელი მიწები დაამუშავეს. მათ ლანჩხუთის რაიონში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, მაგრამ არ ვერ ააწყეს ბიზნესი.
ახლა, რამდენადაც ვიცი, ბიზნესს ზუგდიდში აწარმოებდნენ. წლის დასაწყისში მქონდა მათთან კონტაქტი, თვითო შემეხმიანნენ ტელეფონით და მითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა არ გაუმართლათ და დარჩათ ვალები, მაინც აპირებენ გააგრძელონ კერძო მესაკუთრეებთან ურთიერთობა, რომლებსაც მიწის დიდი ფართობი გააჩნიათ. რამდენადაც ვიცი თანხების მოძიება ვერ შეძლეს”.
გელა ზოიძე ჩვენი თანდასწრებით შეეცადა დაკავშირებოდა მეჰმედ კამბურს, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო. მისი ნომერი ჩვენც ჩავიწერეთ, მაგრამ მასთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ.
უკმაყოფილო გლეხებმა საჩივარით მიმართეს პოლიციას და, როგორც თვითონ აცხადებენ, ვალის ამოღებას სასამართლოს საშვალებით აპირებენ.