ერთ-ერთი “თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძეა, რომელიც „ გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ის კოალიციის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატურაა და მას ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უპირობოდ უჭერს მხარს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საუბარია ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარ დეპუტატზე ავთანდილ სურგულაძეზე. როგორც დეპუტატები ამბობენ, არ არის გამორიცხული, სოფელ ვაკიჯვრის დეპუტატის და ფრაქცია ” ერთობის” თავმჯდომარის თემურ მოქიას კანდიდატურაც დაასახელონ.
დიმიტრი კვერღელიძე დარწმუნებულია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რაც საზოგადოებაში სამართლიანობის განცდას დაუბრუნებს: _ უღრმესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პარლამენტის წევრის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის მხარდაჭერის გამო. მის შეფასებას აღვიქვამ, როგორც გამოცხადებულ ნდობას და პასუხისმგებლობას კოალიცია „ქართული ოცნების” მიმართ. ის, რომ მამეშვილმა მიიღო ოზურგეთის უკეთესი მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მის მიმართ პატივისცემით განმაწყობს. აქვე დავძენ, რომ არ ვეთანხმები მის მოსაზრებებს საკრებულოს წევრებს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და მისი დემორალიზაციის შესახებ. საწყენია, რომ ყოფილმა თავმჯდომარემ პირადად ჩემი მხრიდან არგუმენტირებული ოპონირება აღიქვა ზეწოლად (თუ, რა თქმა უნდა, მის განცხადებაში დასახელებული პრეტენზიების ადრესატად მეც მიგულისხმა). მზად ვარ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ალეკო მამეშვილთან, როგორც ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან, აგრეთვე, საკრებულოს სრულ შემადგენლობასთან, პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების მიუხედავად, ვითანამშრომლო უკეთესი ოზურგეთისთვის.
ავთანდილ სურგულაძე ” გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ საუბარი იყო, თუმცა თვითონ ამის სურვილი არ გააჩნია.
_ ეს ინფორმაცია გუშინ შევიტყვე, თუმცა მე პირადად ამის სურვილი და ამბიცია ნამდვილად არ გამაჩნია, თუ ჩემს სურვილს ექნება მნიშვნელობა, უარს განვაცხადებ. ისე, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორად გადავდივარ და მგონი, შემოთავაზებებს არ დავთანხმდები. ვნახოთ, 100 პროცენტით გადაწყვეტილი არაფერი არაა.