მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდები პრეზიდენტის სასახლეში “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი პოზიციისა და აზრის მოსასმენად, ღია ეთერით მიიწვია. შეხვედრა პრეზიდენტმა ახალგაზრდებისადმი მიმართვით დაიწყო. მან გულისტკივილი გამოთქვა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონი განათლების სისტემაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
ქვეყნის პირველი პირი პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება სტუდენტების პოზიციისა და მათი აზრის გაუთვალისწინებლად.
შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტთა ერთი ნაწილი პრეზიდენტის სასახლის წინ იყვნენ შეკრებილები და სტუდენტების სააკაშვილთან შეხვედრას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი ადრე მათი პრობლემებით არასდროს ინტერესდებოდა და ახლა სტუდენტებში მხოლოდ მასას, აუდიტორიას ეძებს.
ლევან ბოლქვაძე, სტუდენტი: “შეცდომები, რომელიც მან დაუშვა, უპატიებელია და არ შევარჩენთ. ეს დღევანდელი შეხვედრა არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის პიარ-კამპანია. აბა, რას უნდა მივაწეროთ, რომ 9 წლის განმავლობაში ჩვენი აზრით არ დაინტერესებულა, განსხვავებული აზრის სტუდენტები ყოველთვის იდევნებოდა და ასეა დღესაც _ სააკაშვილის გვერდზე “ფეისბუქში“ აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო, რომელიც შესაბამის ელექტრონულ მისამართზე გაივლიდა რეგისტრაციას. გავიარე კიდეც ეს რეგისტრაცია, მაგრამ შეხვედრაზე მაინც ვერ მოვხვდი და საერთოდ, იქ ვერ შევიდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც საკმაოდ მწვავე შეკითხვები აქვთ ქვეყნის პირველ პირთან.”
ლექსო კობაიძე, სტუდენტი: “9 წლის მანძილზე მბლოკავდნენ განსხვავებული აზრის გამო. დღესაც ყველანაირად ვეცადე შევსულიყავი შეხვედრაზე, ელექტრონული რეგისტრაციაც გავიარე, მაგრამ ხომ იცით, არიან პრივილიგირებული და არაპრივილიგირებული სტუდენტები და წინასწარ შედგენილი სიით შედიან სტუდენტები სააკაშვილთან შეხვედრაზე.”
სტუდენტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ რეგისტრაცია ინტერნეტში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაიარეს, ნაწილს დადებითი პასუხი მოუვიდა, ნაწილისათვის კი არაფერი შეუტყობინებიათ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტუდენტური გაერთიანება “ანტიპოდები” სრული შემადგენლობით შევიდნენ შეხვედრაზე, თუმცა, ბევრ მათგანს რეგისტრაცია არ გაუვლია, ზოგს კი დადებითი პასუხი არ მოსვლია.
ჩვენ “ანტიპოდების” ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე ჩიქოვანს დავუკავშირდით.
_ თორნიკე, პრეზიდენტთან შეხვედრაზე იყავი?
_ მე არ ვყოფილვარ, ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრი იყო, ასე რომ, როგორც ხედავთ, სრული შემადგენლობით არ ყოფილა “ანტიპოდები” შეხვედრაზე. ჯერ არ მისაუბრია მათთან, მაგრამ ვიცი, რომ შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ვინც იქ იყო, რეგისტრაცია გაიარა და დადებითი პასუხიც მიიღეს.