დელეგაციის წევრები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს. დელეგაციაში იმყოფებიან
დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი და ქალაქის საბჭოს წევრები.
სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს უკრაინელები ზუგდიდის გამგეობის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა თავიანთ ქალაქში მოქმედი მმართველობის სისტემის თავისებურებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კრასნოარმეისკის მმართველს და საბჭოს წევრებს ხალხი ირჩევს.
კრასნოარმეისკის მმართველის მოვალეობის შემსრულებლმა, გალინა გავრილჩენკომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სტუმრობის მთავარ მიზანს _ ურთიერთთანამშრომლობას ზუგდიდის და კრასნოარმეისკის ხელმძღვანელებს შორის. სწორედ ამიტომ აპირებენ დელეგაციის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პრინციპის, მუნიციპალიტეტის ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის და ხალხის გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სამხატვრო გალერეაში მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ, დაათვალიერეს ზუგდიდელი მხატვრების ნახატების გამოფენა, ესტუმრნენ შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს.
დელეგაციის წევრები გაეცნენ რეგიონის ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
უკვე მესამე დღეა უკრაინელები რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში გადიან და კულტურულ ძეგლებს და ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ. დაგეგმილი აქვთ ვიზიტის დასრულებამდე რეგიონის ყველა დიდ ქალაქს ეწვიონ და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნონ.
უკრაინის დელეგაცია ზუგდიდს 22 ივნისს დატოვებს.