შეხვედრაზე მინისტრმა იქ მყოფებს განუცხადა, რომ იწყება სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაცია და ცენტრი 2014 წელს სრული დატვირთვით და სრულიად ახალი აპარატურით შეძლებს მოემსახუროს რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზ და დევნილ მოქალაქეებს, რომელთათვისაც მკურნალობა უფასო იქნება.
მინისტრის თქმით, პროექტი აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. პროექტი ამერიკის და შვედური ფონდების დახმარებით ხორციელდება. “ენგურის სამედიცინო კომპლექსში” სარემონტო სამუშაოები სამ კვირაში, დევნილთა პოლიკლინიკაში კი უკვე 19 ივნისიდან დაიწყება.
“ენგურის სამედიცინო კომპლექსი” იქნება 150-160 საწოლზე გათვლილი. კომპლექსის რემონტსა და აღჭურვაში 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება, მთავრობის პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სულ 35 პოლიკლინიკა და თბილისის ერთი ჰოსპიტალი განახლდება, რისთვისაც 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
შეხვედრაზე იმყოფებოდა სამედიცინო კომპლექსის დირექტორი, დაზმერ ცანავა. მისი თქმით, დაგეგმილია კომპლექსის ახალი აპარატურით აღჭურვა და მედპერსონალის კონკურსის წესით შერჩევა.
“ამჟამად ცენტრში მუშაობს 100 თანამშრომელი, რაც საკმარისი არ არის, ამიტომ მედპერსონალის შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი. სულ კომპლექსს 400 თანამშრომელი დასჭირდება, ეს პროცესი გაზრდის მუშაობის ნაყოფიერებას და ხელს შეუწყობს დასაქმებას,” _ განაცხადა დაზმერ ცანავამ.
“ენგურის სამედიცინო კომპლექსსა” და “დევნილთა პოლიკლინიკაში” ჯანდაცვის მინისტრისთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.