მხარეებმა დევნილთა და რეპატრიანტთა საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს სოფელ დიცთან გავლებული მავთულხლართების საკითხიც.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით დარახველიძემ დელეგაციას დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა გააცნო, წარუდგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების გადაუდებელი აუცილებლობა 40 000 ოჯახს გააჩნია. ასევე, გააცნო ახალი მთავრობის გეგმები დევნილი მოსახლეობის განსახლების მიმართულებით. საუბარია ორ მიმართულებაზე – ძველი შენობების რეაბილიტაციასა და ახალ მშენებლობებზე.
ეუთოს უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი ასევე დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ მიმდინარე პოლიტიკითა და სოფელ დიცთან მავთულხლართების გაბმის საკითხით. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობა გააქტიურდა და გაუმჯობესდა. განსაკუთრებით აქტიურობაა ჯანდაცვის კუთხით. შესაბამისად, მინისტრმა მავთულხლართების გაბმა სწორედ ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებას დაუკავშირა.
_ „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა ეუთოს კომისართან, ბატონ ვოლებეკთან. საუბარი შეეხო აფხაზურ-ქართულ და ქართულ-ოსურ ურთიერთობების ხარისხს და ბოლო დროს მავთულხლართების გაბმის საკითხს. კომისარს მივაწოდე ინფორმაცია წითელი ჯვრის ეგიდით აფხაზური მხარის ვიცე-პრემიერთან ქალბატონ ვარდანიასთან ჩემი ბოლო შეხვედრის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ რეპატრიაციის თემაზე და აღნიშნული მიმართულებით გამარტივებული პროცედურების შესახებ,“ _ აღნიშნა დარახველიძემ.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეუთოს უმაღლეს კომისარმა სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ რეპატრიაციის პროცესის მომზადებაში სამინისტროს დახმარება გაგრძელდება.