შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ექვსი პირის მიმართ, მათ შორის არიან: თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი კ.თ, სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი ბ.ბ. და გ.ბ, ასევე ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რ.შ. და ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ლ.ქ.“
შსს დაკავებული პირების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს. “გურია ნიუსის” არქივში მოიპოვება მასალა, სადაც ფიგურირებს ზუგდიდის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ზუსტათ ასეთივე ინიციალების მატარებელი _ ლ.ქ.
ჩვენს შემთხვევაში, ლ. ქ ლევან ქირიაა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. მას ზუგდიდის მუნუციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მცხოვრები 71 წლის ცინარა აბულაძე არაადამიანურ მოპყრობასა და ცემაში სდებდა ბრალს.
2012 წლის 15 აგვისტოს “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!”
71 წლის ქალბატონი დეტალურად აღწერს, მეზობლების თანდასწრებით როგორ ცემა პოლიციის მაღალჩინოსანმა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აბულაძე 2012 წლის 29 მაისს დაკითხეს, შემდეგ კი წიხლები ურტყეს, რასაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქირია უყურებდა.
ცინარა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს, გაუჩინარებულ შვილს 42 წლის გოგიტა აბულაძეს ეძებდა, რომელიც სასტუმრო “ანაკლიის“ ინჟინერ-ტექნიკოსი იყო. იგი დილით სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედამ, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, შვილთან დაკავშირება მობილური ტელეფონით სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა… მას შემდეგ დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ ამაოდ…
აბულაძე სოფელ ანაკლიაში ვიზიტის დროს ცდილობდა პრეზიდენტისთვის წერილი გადაეცა, სადაც იგი დაკარგული შვილის ძებნაში დხმარებას ითხოვდა, რის გამოც, მისი განცხადებით, ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ლევან ქირიამ უმოწყალოდ ცემა.
ცინარა აბულაძე: “პირველად, 15 აპრილს ვცადე პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს იყო აღდგომის დღე. აქეთკენ, ზღვისპირას, სადაც პრეზიდენტის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილია, იქ ნათესავი მყავს. ვიფიქრე, როგორც კი გამოჩნდება პრეზიდენტი, მივუახლოვდები და… როცა იქ მივდიოდი, დამინახა მეზობელმა დავით გულუამ, რომელიც პოლიციაში მუშაობს. მითხრა, _ შენ რა გინდა, პრეზიდენტს გინდა რამე გადასცეო?! მე ვუთხარი, თუ შევძლებ, მინდა წერილი გადავცე,-მეთქი. იმ წუთას ვიღაცას დაურეკა. ვუთხარი, ნურავის ურეკავ, მე თვითონ ჩემი ხელით უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი,-მეთქი. მაშინვე მოვიდა 2 მანქანა. ერთი იყო შავი ჯიპი ნომრებით _ 713, მეორე ვერცხლისფერი მერსედესი ნომრით _ 293. მანქანიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და მკითხეს, რა გინდათ, რას აკეთებთო. მე ვუთხარი, წერილი უნდა გადავცე პრეზიდენტს ჩემი ხელით,-მეთქი. მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: მე თბილისიდან ვარ ჩამოსული ზუსტად ასეთ საქმეებზე, ვის რა უჭირს და მე მომეცი ეს წერილი, მე გადავცემო. ვუთხარი, თუ შევძლებ, მირჩევნია, ჩემი ხელით გადავცე წერილი,-მეთქი.
შემოვედი ნათესავის სახლში, სადაც ის ბიჭიც შემოვიდა და მითხრა, _ მომეცი წერილი და მე თვითონ გადავცემო. ნათესავებმაც მითხრეს, _ მიეცი და ეს მისცემსო. ჯიბეში რამდენიმე წერილი მქონდა და ვიფიქრე, _ მივცემ ერთ წერილს, თუ მისცა, ამით არაფერი დაშავდება,-მეთქი. ჩემი მეუღლეც მოდიოდა მანქანით ნათესავთან და დაინახა, ჩემს მიერ მიცემული წერილი როგორ მიიტანა იმ ბიჭმა ვერცხლისფერ მერსედესთან და როგორ კითხულობდნენ. შემდეგ, ისევ შემოვიდა და მითხრა _ მეორე წერილიც მომეციო. რად გინდა,-მეთქი? ასე მითხრა, ვიღაცას უნდა, იმასაც უნდა მივუტანოო. დიდი ხანი მეხვეწებოდა და მივეცი. ცოტა ხანში, მოვიდა პრეზიდენტის დაცვის ვერტმფრენი. 5 წუთში პრეზიდენტის ვერტმფრენიც დაჯდა. როგორც კი დავინახე პრეზიდენტი, ჩემი ნათესავის გოგოც მომეხმარა და მივედით. იმდენი დაცვა დააყენეს, შეუძლებელი იყო იქ მისვლა. მე ღობეზე ავედი და იქედან დავიძახე: ბატონო პრეზიდენტო! ამის დაძახება იყო და მომვარდა სამი ადამიანი. ხელი გადამიგრიხეს და პირზე ხელი ამაფარეს.
პირზე ვინც ხელი ამაფარა, ეს ადამიანი გადმოვიდა იმ შავი № 713 ჯიპიდან და პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი, ლევან ქირია. კინაღამ დამახრჩვეს. ლევან ქირია ყურში მეუბნებოდა, დღეის მერე შენ არ გინდა ცხოვრება? ხომ გაგაფრთხილეთ, ხომ გითხარით, არ მიხვიდე, ჩვენ მივცემთ წერილსო” შემაგდეს მანქანაში. ცენტრში გადმოვედი მანქანიდან, მაგრამ ისევ შემაგდეს. ჩემს მეუღლეს პირადად ლევან ქირიამ უთხრა, თუ კიდევ გაბედავ მანქანა გამოიყვანო ასეთ რამეზე, დაგიხევ მართვის მოწმობას და თავზე დაგაყრიო. მე და ჩემი მეუღლე სახლში რომ წამოვედით, ის ორი მანქანა _ შავი ჯიპი და ვერცხლისფერი მერსედესი სახლის კარებამდე მიგვყვა. გვიყურებდნენ, როგორ შემოვედით ჭიშკარში.
მე არ ვიცნობდი ლევან ქირიას, მაგრამ მანქანის ნომერი ხომ დავიმახსოვრე? განყოფილებაში რომ მივედი, იქ ვნახე ეს მანქანა და ვიკითხე, ვისი იყო. მითხრეს, განყოფილების უფროსის ლევან ქირიასი არისო. პირზე ხელი რომ ამაფარა, მაშინ წინა კბილები ჩადგმული მქონდა და იქ დავკარგე, იმ ორი ბიჭის სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, რომ ვნახო, ვიცნობ…”
“ვეძებ დაკარგულ შვილს, გოგიტა აბულაძეს. მთავრობა დამუნჯდა, დაყრუვდა, დაბრმავდა, პოლიცია არ მუშაობს. ვეძებ სამართალს,” _ აბულაძეების სახლთან დღესაც არის გაკრული ეს ტრაფარეტი. პრეზიდენტთან შეხვედრაც სწორედ დაკარგული შვილის გამო სურდათ აბულაძეებს… გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმე ჯერ გამომძიებელ ირაკლი ჭითანავას ჰქონდა, შემდეგ კი გიგა დარასელიას გადასცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში მალხაზ პაჭკორიას დაკითხვის მოთხოვნით მისულ ცინარა აბულაძეს მუხლში ფეხები ურტყეს და 15-დღიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.
71 წლის ცინარა აბულაძემ თხოვნით მიმართა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მიერ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და ცემის ფაქტზე საქმე დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში თაროზე დევს.