“წავიკითხე “გურია ნიუსის” ინტერვიუ და სიმართლე გითხრათ, ასეთი თავხედობა იშვიათად მინახავს. ბესარიონ ალავიძე თეთრზე შავიაო ამტკიცებს. ის საკუთარ თავს ჭკვიან მოსამართლედ წარმოგვიდგენს და გვირჩევს მის კომპეტენციაზე მისი გადაწყვეტილებებით ვიმსჯელოთ. მინდა ვუთხრა ალავიძეს, რომ სწორედ მისი არაკომპეტენტური გადაწყვეტილების შემდეგ დავინტერესდით მისი განათლებით და კვალიფიკაციით. გარდა ამისა, არსებობს არაერთი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დასკვნა, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და უკანონოდ აგრძელებს სამოსამართლო საქმიანობას.”– ამბობს ადვოკატი ალადაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კიდევ ერთი დასკვნა მიიღო.
“უნივერსიტეტში მეორად პროფესიათა ფაკულტეტი შეიქმნა 1965 წელს, რომელსაც რექტორის 1991 წლის 31 იანვრის ბრძანებით ეწოდა ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი. მისი დანიშნულება იყო სტუდენტი ახალგაზრდობის ფართო წრის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებთან დაახლოება. იგი კვალიფიკაციას ან ხარისხის მინიჭებას არ ითვალისწინებდა. ბესარიონ ალავიძეზე ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილების სამართალმცოდნეობის სპეციალობის სამწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა დიპლომი, რომელიც არ ადასტურებს კვალიფიკაციის მინიჭებას.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერთიფიკატებისა და აკადემიური ცნობების გაცემის საკითხის დარეგულირების შესახებ” რექტორის 2007 წლის 15 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მეორადი სწავლების კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა სერთიფიკატები, შესაბამისად, ბესარიონ ალავიძის მიერ მიერ დასრულებული სამწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა არ შეესაბამება უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურს”, _ ნათქვამია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებულ წერილში.
მოსამართლე ალავიძე “გურია ნიუსთან” აცხადებდა, რომ ის კანონიერად იკავებს მოსამართლის თანამდებობას და ამის დასამტკიცებლად აქვს არაერთი მტკიცებულება, რომელთა გასაჯაროებასაც ის არ ჩქარობს.
“მოსამართლე ალავიძე აცხადებს, რომ მას ცილი დასწამეს, ამავე დროს “ცილისმწამებლის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებს. რეალურად კი საქმე იმაშია რომ მას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, ეს რომ ასე ყოფილიყო, გაჩუმდებოდა? ხომ ამბობს, ტყუილად მერჩიანო, მიჩივლოს, წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები, მტკიცებულებები. ხოლო თუ ასეთი რამ არ გააჩნია, მაშინ აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა, ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას და წავიდეს. არავის უნდა მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, უბრალოდ ნუ ახანგრძლივებს ამ უკანონობას. დავუშვათ, ადრე არ იცოდა, ან უბრალოდ შეეშალა, ახლა ხომ იცის რომ უდიპლომოა. ამ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს კოტე კუბლაშვილმაც, რომელიც ამ უკანონობას მფარველობს და უფლებამოსილებას არ უჩერებს მოსამართლეს”, _ ამბობს ადვოკატი.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა პასუხი გასცა კითხვასაც, ალავიძის მიერ დაგროვებული კრედიტები აძლევდა თუ არა მას იურისტის კვალიფიკაციას.
“რაც შეეხება ბესარიონ ალავიძის მიერ გავლილი პროგრამის კრედიტების დაანგარიშებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის ბრძანებულება არეგულირებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშებას, რადგან ბესარიონ ალავიძის მიერ დაძლეული 3 წლიანი პროგრამა არ შეესაბამება უმაღლესი განათლების არცერთ საფეხურს, შესაბამისად, პროგრამის კრედიტებით გაანგარიშებისას ვერ გამოვიყენებთ ზემოხსენებული ბრძანებით დადგენილ წესს”_ ნათქვამია წერილში.
„ყველამ თავის სინდის-ნამუსში ჩაიხედოს, თუმცა ვნახოთ. მაქვს მტკიცებულებები ვინ რას ავრცელებდა და რამდენად სწორი იყო ეს ინფორმაცია. იყო პერიოდი, როდესაც ეს ინფორმაციები ვრცელდებოდა, მხარეები რეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენ კიდევ ხართ თანამდებობაზეო? როგორ წარმოგიდგენიათ, ირღვეოდა თუ არა ჩემი უფლებები? როდესაც ჯერ დადასტურებული არ იყო და მაღიარეს უდიპლომოდ?”_ განაცხადა მოსამართლე ალავიძემ “გურია ნიუსთან” ინტერვიუში.