ძალიან ბევრ რაიონში დეპუტატების ბიუროები უმოქმედოდ არიან, ხოლო თვითონ მაჟორიტარები არჩევნების შემდეგ არც მისულან ამომრჩევლებთან.
რამდენიმე ხნის წინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” გამოაქვეყნა ინფორმაცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას და მისი ბიუროს მუშაობის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, როლანდ ახალაია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ ელექტორატს დღემდე არ შეხვედრია.
ანალოგიურ ინფორმაციებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” რეგიონის ყველა რაიონიდან მიაწვდის მკითხველს, მანამდე კი “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა აბაშაში არჩევნების შემდეგ, ასრულებს თუ არა მაჟორიტარი დეპუტატი ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს და რას ფიქრობს ხალხი 9 თვის შემდეგ?
ამის გასაგებად მოსახლეობას ვესაუბრეთ. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ისეთი ადამიანებიც ვნახეთ, რომლებმაც აქეთ გვკითხეს, მაჟორიტარი ვინ არისო? საოცარია, მაგრამ ფაქტია, ერთ-ერთ სოფელში დევნილებთან საუბრისას, ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ იმ კვირაში აპირებდა წასვლას თბილისში მათი მინისტრის, დალი ხომერიკის სანახავად(?!).
_ შეიცვალა თუ არა არჩევნების შემდეგ ვითარება აბაშაში?
_ არჩევნების შემდეგ ნახეთ თუ არა მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და შეასრულა თუ არა მან რამე დანაპირები?
ამ კითხვებით მივმართეთ მოსახლეობას, თუმცა, მათმა პასუხებმა კიდევ ერთი საკითხი წამოწიეს წინა პლანზე _ მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნებში სხვა კანდიდატის, კერძოდ “ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი საბულუას გამარჯვება რაიონში ბევრ რამეს შეცვლიდა უკეთესობისკენ. ასეთ აზრზე უკვე ის ადამიანებიც დგანან, რომლებმაც არჩევნებში ხმა დავით დარცმელიძეს მისცეს.
მარიამ ჩიქოვანი: “საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აბაშას არაფერი ეტყობა. ზოგადად, სამეგრელო პრობლემატური რეგიონია, რადგან აქ ყველაზე ძლიერად აქვს გადგმული ფესვები “ნაციონალურ მოძრაობას“ _ ისინი ძველი “დიდების” დასაბრუნებლად იბრძვიან. ისევ წინანდელი პრობლემებია: უმუშევრობა, ინფორმაციული ვაკუუმი… მაჟორიტარი მე პირადად ბოლოს გასული წლის დეკემბერში ვნახე პლენარულ სხდომაზე და მაშინაც სწრაფად დატოვა სხდომათა დარბაზი. ბიუროში სიმართლე რომ ვთქვა, არ ვყოფილვარ და არ მომითხოვია მასთან შეხვედრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაინც არ შემხვდებოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ იქნებოდა ადგილზე და მეორე ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს. აბაშაში საერთოდ არ იგრძნობა, რომ წარმომადგენელი გვყავს პარლამენტში. ბევრმა არც კი იცის მისი ვინაობა. თუმცა, სამაგიეროდ, გამალებით მუშაობს საკრებულო, სულ ფაციფუცობენ, მგონი, კიდევ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მაგრამ ძალიან მეეჭვება ამის. უბრალოდ, უკანასკნელი “კუდის მოქნევაა” მათი ასეთი გააქტიურება. ირაკლი საბულუას რომ გაემარჯვა, კიდევ ერთი “ოცნების” წევრი მიემატებოდა პარლამენტს. ალბათ, ამ შემთხვევაში უკეთესი ვითარება იქნებოდა აბაშაში. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლებაც მეტად მოგვაქცევდა ყურადღებას.”
ირმა კაჭარავა: “არჩევნების შემდეგ არც არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალი გამგებელი მოვიდა და კიდევ ერთი კარუსელი დატრიალდა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. მაჟორიტარი დეპუტატი საერთოს არ გვინახავს, ისედაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების შემდეგ არც კი გავახსენდებოდით. ყოველთვის ასე იყო _ ჩვენ, უბრალო ადამიანები მხოლოდ ხმებისთვის ვჭირდებით, დაპირებების კოშკს ააშენებენ და მერე ხუხულასავით ინგრევა ეს არამყარი შენობა. მაგრამ ადრეც და ახლაც დარწმუნებული ვარ, ირაკლი საბულუას რომ გაემარჯვა, სიტუაცია ნამდვილად შეიცვლებოდა. მე მას კარგად ვიცნობ და მჯერა, ყველა იმ დაპირებას აასრულებდა, რაც ხალხს მისცა. ხშირად ვსაუბრობთ მეგობრები თუ მეზობლები ამ საკითხზე და ახლა ის ადამიანებიც კი ამ აზრზე დგანან და მართლა ნანობენ თავიანთ არჩევანს, რომლებმაც ხმა არ მისცეს ირაკლის. დღეს პირველად მომეცა იმის საშუალება, რომ ყველას ვუთხრა, რა დიდი შეცდომა დაუშვა აბაშამ არჩევნის გაკეთების დროს. ძალიან მწყდება გული, რომ აბაშას კიდევ ერთხელ გაუხუმდა მანდატი პარლამენტში.”
ფიქრია ტყებუჩავა: “საერთოდ არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ, ძალიან ცუდი სიტუაციების მომსწრე გავხდით. დეპუტატი არჩევნებამდე რომ ნახა ხალხმა, მერე საერთოდ არ ვიცით მისი გზა-კვალი. ეს სირცხვილია, რადგან მხოლოდ მაშინ ახსოვთ ხალხი, როცა სჭირდებათ. დარცმელიძეს ხალხი რაში ენაღვლება, ის საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს, რადგან იმ ბინძური საქმეების მკეთებელი ადამიანების თანამოაზრეა, სამეგრელოში რომ დაიჭირეს. დიახ, დარცმელიძე ნაციონალების სამარცხვინო და დანაშაულებრივი რეჟიმის ღირსეული წევრია. კაცი მაშინაც კი არ გამოჩნდა და არაფერი თქვა თავის გასამართლებლად, სუჯუნელი ბიჭის დედამ მკვლელი რომ უწოდა და გამწარებული ქალი აქციაზე ითხოვდა მასთან შეხვედრას. გული მწყდება, რომ ქვეყანაში ახალი დროება დაიწყო, ხელისუფლება შეიცვალა და აქ კიდევ გაიგონებ იმედგაცრუებული ხალხის ნათქვამს: “აბაშას არასდროს ჰყოლია და არც ეყოლება პატრონი“, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარი ირაკლი საბულუა რომ გამხდარიყო, ამ ხალხს აღარ მოუწევდა ამის თქმა. მე მეგობრებთან ერთად ბოლომდე გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე, გამარჯვებაც მოვიპოვეთ ჩვენს სოფელში, თუმცა სწორედ ამ გამარჯვების გამო არაერთხელ დავსჯილვართ ჩვენც და ყველა იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც ნაციონალებმა წააგეს.”
მარიამ ოჩიგავა: “არც არაფერი შეცვლილა. პირიქით, მგონი უფრო აირია და უმართავი გახდა სიტუაცია. მაჟორიტარი? კარგით რა, 1 ოქტომბერსაც არ გვინახია. არჩევნების შემდეგ კი საერთოდ არ გამოჩენილა ჩვენს სოფელში და არ შეხვედრია ხალხს. მგონი, თვითონაც არ ახსოვს, რა დაპირებებს არიგებდა და რას შეასრულებს? მე პირადად ვთვლი, რომ დარცმელიძის გამარჯვებით და საბულუას დამარცხებით უკეთესობისკენ და დიდი ცვლილებებისკენ მისასვლელი გზა ჩაეხერგა აბაშას.”
ანალოგიური პასუხები მოვისმინეთ ძალიან ბევრი ადამიანისგან, ვინმეს ბრალი რომ არ დაედო, მხოლოდ დარცმელიძეზე უკმაყოფილო ადამიანები ჩაწერესო, ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ ბინებში მივსულიყავით, სადაც წინასაარჩევნოდ დარცმელიძეს თბილად ხვდებოდა მოსახლეობა და არც დაუმალავთ, რომ არჩევნებშიც მას მისცეს ხმა.
ეზოს მაღაზიაში კორპუსის მაცხოვრებლები იყვნენ შეკრებილები და საუბრობდნენ. მათაც ანალოგიური კითხვებით მივმართეთ. უმეტესობამ პასუხის გაცემა არ ისურვა და საკმაოდ უხეშად გვითხრა უარი, ნაწილმა თავი შეიკავა, ან რა აზრი აქვს ჩვენს თქმას, პრობლემები ისედაც არ გვაკლია, კიდევ რომ არ დავიმატოთო. ზოგმა კი გვითხრა, არჩევნების მერე დარცმელიძე კი არა, რაიონის ხელმძღვანელობაც თვალით არ გვინახავს, რა დაპირებების ასრულებაზე და პრობლემების მოგვარებაზე გვეკითხებითო.
მას შემდეგ, რაც დავით დარცმელიძე აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ვცდილობთ, შევხვდეთ და სხვადასხვა საკითხებზე ვესაუბროთ, ის კითხვებიც დავუსვათ, რაც მოსახლეობაში უკვე კარგა ხანია ტრიალებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მაჟორიტარი ეკლესიაში ვნახეთ იმ დღეს, როცა პატრიარქი ბრძანდებოდა აბაშაში. სწორედ მაშინ ვუთხარით, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა. პრობლემა არ არის, დამირეკე და შევთანხმდეთო, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ სატელეფონო ზარს არასდროს პასუხობს.
დავით დარცმელიძე აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამინისტროებთან, ნაყოფიერად თანამონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტის სხდომებში, ბიუროს მიერ გამოკვეთილი პრობლემები კი საკანონმდებლო ინიციატივის, თუ სხვა ფორმით მიაწოდოს პარლამენტს და მთავრობას, რათა მყისიერად მოხდეს მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება. ყველაფერი ამის გათვალისწინებით აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი და არც მისი ბიურო, არ, ან ვერ ასრულებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარ ამომრჩევლებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა არსებობდეს რაიონში.
გვინდა კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ამ წერილის საშუალებით მივმართოთ დარცმელიძესს და შეხვედრა ვთხოვოთ. ეს იქნება პირველი ინტერვიუ 9 თვის განმავლობაში არა მედიასაშუალებასთან, არამედ მის ამომრჩევლებთან, რადგან პასუხები სწორედ მოსახლეობისგან დასმულ შეკითხვებს უნდა გასცეს.