თუმცა, აქტი, რომელიც 2010 წლის ბოლოს სრული სახით უნდა გამოქვეყნებულიყო და საჯარო გამხდარიყო, მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც კონტროლის პალატაში 2013 წლის 13 იანვარს საპარლამენტო კომისია შევიდა შესამოწმებლად. მანამდე, აღნიშნული აქტი ლევან ბეჟაშვილის კონტროლის პალატაში რომელიღაც თაროზე ინახებოდა… ბუნებრივია, ამის შესახებ თავად ბეჟაშვილმაც იცოდა, რადგან ყველა შენიშვნას, რაც ამ აქტს ეხებოდა, აუდიტორები სწორედ მის სახელზე წერდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ “გურია ნიუსმა” არაერთგზის მიმართა თხოვნით საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დიმიტრი გეგელიას კომენტარი გაეკეთებინა აქტში არსებულ დარღვევებზე, მისგან ყოველთვის უარი მივიღეთ.
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ოფიციალური კომენტარის მოპოვება ერთი თვის წინ მოვახერხეთ, რაც ასევე “საეჭვოდ” უკავშირდება საპარლამენტო კომისიის შესვლას კონტროლის პალატაში. ანგარიშში, რომელიც კომისიამ დადო, საერთო სასამართლოების საქმეს საკმაოდ დიდი ნაწილი აქვს დათმობილი. ერთი ნაწილი კი საწვავის ხარჯებს და ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებას ეხება.
“გურია ნიუსისთვის” გადმოცემული აუდიტის აქტის მიხედვით , რომელიც ჩვენ კონტროლის პალატის ყოფილმა თანამშრომელმა, აღნიშნული აუდიტის აუდიტორმა სოსო ჩიქობავამ (ის 2012 წლის 25 ნოემბერს ნეველის სახელობის ტაძარში 6 ტყვიით მოკლეს. ავტ ) მოგვაწოდა, ირკვევა, რომ საერთო სასამართლოების მხრიდან სერიოზული სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი ავტომანქანებზე გაწეული ხარჯების თვალსაზრისითაც. ამონარიდი აუდიტის აქტიდან:
“ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე აუდიტის პერიოდში გახარჯულია 585 438 ლარი. მათ შორის რიგ ავტომანქანებზე გაწეული მომსახურების ღირებულება მათ ნარჩენ საბალანსო ღირებულებას 5-9-ჯერაც კი აღემატებოდა. ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტსაც, როდესაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაგალითად, 3567 ლარის საბალანსო ღირებულების ავტომანქანას, შპს “ავანტი ჯგუფის” მიერ 2007 წელსვე ჩაუტარდა 4612 ლარის ღირებულების მომსახურეობა და გარემონტებული ავტომანქანა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა საპრივატიზაციოდ.
აუდიტის პერიოდში ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე გახარჯული 585 438 ლარიდან 217 895 ლარის სათადარიგო ნაწილები და შესასრულებული ტექნიკური მომსახურების ღირებულებები არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებების “პრაის–ლისტებში“. დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მისაწოდებელი მომსახურების/საქონლის დასახელება, ღირებულება. შესრულებული სამუშაოების თაობაზე გაფორმებულ მიღება–ჩაბარების აქტებში შეტანილი იყო ისეთი დასახელების მომსახურებები, რაც არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე ადგილი ჰქონდა მიღება–ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების გაწევას ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ ავტომანქანებზე. (აუდიტის აქტს თან ახლავს ჩამონათვალი ცხრილის სახით. ავტ)
ჩვენი ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დიმიტრი გეგელიას წერილობით გავუგზავნეთ, სწორედ ავტომანქანებს შეეხებოდა.
_ ბატონო დიმიტრი, აქტის მიხედვით, (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია), გამოვლინდა საერთო სასამართლოების მიერ არაეკონომიურად ხარჯვის შემთხვევები. კერძოდ, აუდიტის პერიოდში ავტომანქანების შეკეთებაზე გახარჯულია 585 438 ლარი, მათ შორის რიგ ავტომანქანებზე გაწეული მომსახურების ღირებულება მათ ნარჩენ საბალანსო ღირებულებას 5-9-ჯერაც კი აღემატებოდა.
ასევე: აუდიტის პერიოდში ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე გახარჯული 585 438 ლარიდან 217 895 ლარის სათადარიგო ნაწილები და შესასრულებული ტექნიკური მომსახურების ღირებულებები არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებების “პრაის–ლისტებში“. დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მისაწოდებელი მომსახურების/საქონლის დასახელება, ღირებულება. შესრულებული სამუშაოების თაობაზე გაფორმებულ მიღება–ჩაბარების აქტებში შეტანილი იყო ისეთი დასახელების მომსახურებები, რაც არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე ადგილი ჰქონდა მიღება–ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების გაწევას ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ ავტომანქანებზე. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
_ კითხვის პასუხად განგიმარტავთ, რომ აქტში არ არის საუბარი ავტომანქანების შეკეთებისას საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე. ასევე არ ფიქსირდება ის, რომ გაწეული ხარჯები 5-9 ჯერ აღემატებოდა სატრანსპორტო საშუალებების საბალანსო ღირებულებას. რაც შეეხება აქტში დაფიქსირებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების შესყიდვისას გახარჯული 585 438 ლარიდან 217 895 ლარის სათადარიგო ნაწილებისა და შესრულებული ტექნიკური მომსახურების ღირებულებები არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების პრაის-ლისტში და რიგ შემთხვევებში მიღება-ჩაბარების აქტებში შეტანილი იყო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მომსახურება, პირველ რიგში განგიმარტავთ, რომ აღნიშნული ეხება სრულად შესამოწმებელ პერიოდს, 2006-2009 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს.
ამასთან, ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია წინასწარ იქნას განსაზღვრული რა სახის სამუშაოს განხორციელება გახდება სავალდებულო კონკრეტული ავტომანქანისათვის, ასევე შეუძლებელია სრულად განისაზღვროს იმ სათადარიგო ნაწილების დასახელება და შესაბამისი მომსახურება, რომელთა შესყიდვის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას ავტომანქანის ექსპლუატაციის პერიოდში. დეპარტამენტი ემსახურება სხვადასხვა გამოშვების წლისა და მარკის რამდენიმე ათეულ ავტომანქანას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობა აძლევს საშუალებას მხარეებს, ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელონ ცვლილება ხელშეკრულებით დადგენილ პირობებში და ამის ასახვა მოახდინონ დოკუმენტში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა დეპარტამენტი და წარმოშობილი აუცილებლობიდან გამომდინარე, ახდენდა ხელშეკრულების პირობების შეცვლას, რისი ასახვაც ხდებოდა ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებში და მიღება-ჩაბარების აქტებში ბუნებრივია, ასეთი ტიპის ცვლილებები არ აისახება პირველად პრაის-ლისტში (პრეისკურანტში).
უფრო მეტიც, 2011 წლის 7 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #9 ბრძანების მიხედვით, “პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10 პროცენტს, შესაბამისად, ამ დროიდან დეპარტამენტი ახორციელებს თავის საქმიანობას აღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
აქვე დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლის ნაწილში აქტი აფიქსირებს სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და ტექნიკური მომსახურების გაწევაზე ზედმეტად გადახდილ თანხებს 3,993 (სამიათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი) ლარის ოდენბობით. დღეის მდგომარეობით, ეს ხარვეზიც აღმოფხვრილია და მომსახურე კომპანიების მიერ სრულადაა დაბრუნებული სახელმწიფო ბიუჯეტში ზემოთ მითითებული თანხა.
_ საუბარია იმაზეც, რომ პასუხისმგებელი პირების არაკოორდინირებული ქმედების გამო ადგილი ჰქონდა დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ლიმიტის ზევით საწვავის გაცემის ფაქტებს.
_ პასუხისმგებელ პირთა არაკოორდინირებულ მოქმედებასა და საწვავის ლიმიტის ზევით გაცემის თაობაზე აქტში საუბარი არ არის.
ეს გახლავთ დიმიტრი გეგელიას პასუხები, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, ჩაკითხვის საშუალება არ მოგვეცა, რადგან კითხვები ოფიციალური წერილის სახით შეგვატანინეს და პასუხებიც ასევე მივიღეთ.
თუმცა, ასე “დაწყობილადაც” რომ არ იყო საქმე, როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარე წარმოგვიდგენს, ამას მოწმობს საპარლამენტო კომისიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტებიც, სადაც ვკითხულობთ:
დადგინდა, რომ ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებასა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე გახარჯული 58 5438 ლარიდან 21 7895 ლარის სათადარიგო ნაწილები და შესასრულებელი ტექნიკური მომსახურებების ღირებულებები არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებების “პრაის-ლისტებში” (რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული მისაწოდებელი მომსახურების/სათადარიგო ნაწილების დასახელება, ღირებულება, შესრულებული სამუშაოების თაობაზე გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში შეტანილი იყო ისეთი დასახელების მომსახურებები, რაც არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე ადგილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების გაწევას ხელშეკრულებით (პრაის ლისტებში) გაუთვალისწინებელ ავტომანქანებზე….” _ ვკითხულობთ ანგარიშში.
საბოლოოდ, მტყუან-მართალს, როგორც ჩანს, პროკურატურა დაადგენს, რადგან “საერთო სასამართლოების” საქმეზე ძიება ახლა სწორედ პროკურატურაში მიმდინარეობს.