1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და იწყება მეორე ეტაპი. ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება: გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა 800 ლარი).
“საჩხერის მოდელი, რომელიც გვინდოდა გაგვევრცელებინა მთელი საქართველოს მასშტაბით და მე ეს ადრეც მითქვამს, შედგება ერთი მთავარი და სხვა დანარჩენი კომპონენტებისგან. ის ერთი მთავარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესრულებული და აგიხსნით, რაზე მაქვს საუბარი. საჩხერის საავადმყოფოს შეეძლო ხელი არ ეკრა პაციენტისთვის, როდესაც მას გადაუდებელი დახმარება ჭირდებოდა და არ ჰქონდა თანხა. ყველას ვეხმარებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, საჩხერელი იყო თუ სხვა რაიონიდან. ეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ გადაუდებელი დახმარება საქართველოს მოსახლეობის 100 %-ისთვის არის უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება საჩხერის საავადმყოფოს დანარჩენ კომპონენტებს, მაგალითად, ინფრასტრუქტურას, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება. მძლავრ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ამის გაკეთება.
რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, უკვე დაწყებული გვაქვს და მთელი საქართველოს მასშტაბით და ძირითადი სამედიცინო სერვისების გაკონტროლება მოხდება სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ეს მცდელობები დაწყებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ ხორციელდებოდა.” _ აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო “გურია ნიუსთან”.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა ითვალისწინებდა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას. პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარი. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა 15 275. სულ გაიხარჯა 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი.
ახალი სადაზღვევო პაკეტი მშობიარობას 100 პროცენტით, ანუ თანაგადახდის გარეშე დააფინანსებს. ფასწარმოქმნის ლოგიკა იგივეა, რაც წინა პროექტში. თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ უფრო ძვირიან კლინიკაში პირადი ექიმის სერვისით ისარგებლოს, დანამატს თავად გადაიხდის. ანუ სახელწიფო დაზღვევა დააფინანსებს მშობიარობას, საკეისრო კვეთას, ორსულობის მონიტორინგს და გართულებული მშობიარობის მართვას.
თუ არსებული სადაზღვევო პაკეტებით გეგმიური ქირურგიული ოპერაციების გაკეთება მიმართვის შემდეგ 4-დან 6 თვემდე აქტიურდებოდა, ეს ვადები შემცირებულია და დაზღვეულ მოქალაქეს მიმართვიდან არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში ჩაუტარდება ოპერაცია. ამ ორი თვის განმავლობაში მოხდება ინდივიდუალური განხილვა. პირველ რიგში დაკმაყოფილდება ის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ამას და გათვალისწინებული იქნება სამედიცინო დაწესებულებების გამტარუნარიანობა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯერ-ჯერობით კორპორატიული დაზღვევა ძალაში რჩება. სახელმწიფო უკლებლივ ყველა მოქალაქეს უახლოეს მომავალში დააზღვევს, რომ ისინი საბაზო სამედიცინო სერვისებით იყვნენ უზურნველყოფილი.
რაც შეეხება ჯანდაცვის რეფორმის იმ საკითხს, რომელიც სოფლის ექიმის ინსტიტუტს უკავშირდება, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს ერთ- ერთი სუსტი წერტილია, რაც აქვს ქართულ ჯანდაცვას.
“ერთი შეხედვით ჩანს, რომ აი, გადავუხადეთ მეტი ფული სოფლის ექიმებს, ავუშენეთ ამბულატორიები და ყველაფერი მოგვარდება. სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკმარისი არ არის იმიტომ, რომ თვითონ სოფლის ექიმების გადამზადება და სტატუსი საკმაოდ ჩამორჩა თანამედროვე მიდგომებს. ვერ იღებენ ამ სერვისს საქართველოში როგორც საჭიროა, ამიტომ ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს და გურიაშიც მქონდა ამაზე საუბარი სოფლის ექიმებთან. ეს მოიცავს რამდენიმე ელემენტს, დაფინანსების გაზრდას, ქსელური მართვის უზრუნველყოფას, სად რა სერვისები მიიღონ, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და ექიმების და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს არის 360 გრადუსიანი დიდი სისტემა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და ეს სისტემური მიდგომა დაწყებული გვაქვს, შედეგებს კი მალე დავინახავთ, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
კიდევ ერთი სამომავლო რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს და რასაც საზოგადოებაც ითხოვს, მუნიციპალური კლინიკებია.
“თავისთავად, კერძო კომპანია მართავს სამედიცინო დაწესებულებას თუ სახელმწიფო, ამაში პრობლემა არ შეიძლება იყოს. მთავარია, რამდენად სწორად მართავს ამ ყველაფერს. ჩვენ რასაც ვხედავთ, აბსოლუტურ უმრავლესობაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებში და ასეთია 99%, პერსონალი ძირითადად ჩივის დაბალ ანაზღაურებაზე, დაგვიანებულ ხელფასებსა და სერვისების არასაკმარის რაოდენობაზე.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვგეგმავთ თუ არა მუნიციპალური კლინიკების შექმნას, დიახ, ვგეგმავთ.გვინდა, რომ რეგიონებში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ასეთი პროექტი _ სამედიცინო დაწესებულებების მართვა, რაც გულისხმობს ერთგვარ მუნიციპალურ საავადმყოფოებს. ასეთი გეგმა ნამდვილად არის, არის კონკრეტული მიმართულებები და მოლაპარაკებები. მაგრამ ახლავე უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მუნიციპალური საავადმყოფო ზოგადად ნიშნავს, რომ ეს სამედიცინო ინფრასტრუქტურა არის ადგილობრივი მმართველობის საკუთრებაში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დასრულდება და დაიწყება გახორციელება. ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს იქ მიმდინარე სამედიცინო აქტივობებს, ხოლო დაფინანსება გახორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ვადასტურებ _ დიახ, ეს განიხილება და მიმდინარეობს ძალიან აქტიური და კონკრეტული მუშაობა, რის პირველ შედეგებსაც ძალიან მალე დავინახავთ. ეს იქნება ძირითადად მაღალმთიანი რეგიონების შედარებით პატარა კალიბრის სამედიცინო დაწესებულებები.” _ აცხადებს დავით სერგეენკო.