ბეჟაშვილმა, რომელიც კონტროლის პალატას 2012 წლის 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა ამ უწყების მიერ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებულ და დამკვიდრებულ არაერთ დადებით ტენდენციას, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პრემიებთან დაკავშირებით უბრალოდ “პიარი იყო აწეული”, სინამდვილეში კი განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და არც დანაშაული ჩაუდენია ვინმეს.
” კი, ლაშა ხარაზიშვილი იყო შტატგარეშე თანამშრომელი, რომელიც ჩვენს უწყებას უწევდა კონსულტაციებს პიარის კუთხით და ჩვენ კომისის მივეცით განმარტება, რომ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა. კომისიას რომ გამოეთხოვა ეს დოკუმენტაცია, რომელიც არსებობს, თაროებზე შემოდებულია, ნახავდა, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა” _ განაცხადა ბეჟაშვილმა.
ერთადერთი, რასაც ლევან ბეჟაშვილი “აღიარებს”, ეს გახლავთ ის გადაცდომები, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობას უკავშირდებოდა:
” მე გეთანხმებით და ნამდვილად ვეთანხმები იმ განწყობას, აქ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები სხედან, მესმის თქვენი წუხილები და აღშფოთება, რომელიც უკავშირდება 2012 წელს. 2012 წელთან დაკავშირებით მე არაერთხელ მითქვამს მაშინაც, როდესაც იმ კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვიყავი და კანონმა დაგვაკისრა ახალი ფუნქცია.
კონტროლის პალატას დაეკისრა მისთვის ნამდვილად არაბუნებრივი და უჩვეულო ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგს. ამან ჩვენთვისაც სერიოზული პრობლემა გააჩინა, რამდენადაც არ ვიყავით მომზადებულები. თავიდან, როდესაც საუბარი იყო ამაზე, კონტროლის პალატა საერთოდ არ მოიაზრებოდა განმხორციელებლ ორგანოდ და უცებ, დეკემბრის თვეში გადაწყდა ეს, რამაც ჩვენთვის სერიოზული პრობლემა შექმნა. კი, გეთანხმებით, უამრავი გადაცდომა გვქონდა, მაგრამ გვქონდა წინსვლებიც საკანონმდებლო ჩარჩოების დახვეწის მხრივ. მართალია, ეს ჩარჩოები ევროპული იყო და მკაცრი, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩვენს სიტუაციაში არალევანტური აღმოჩნდა. ამიტომაც 2012 წელი ნამდვილად რთული იყო კონტროლის პალატისთვის” _ განაცხადა ბეჟაშვილმა”