ჩოლოქის ბრძოლა განსაკუთრებით გამორჩეულია კავკასიის ბრძოლების ისტორიაში. იგი აღწერა სამხედრო ისტორიკოსმა პორტომ, ქართველმა ისტორიკოსებმა ერლომ ბუჭულაძემ, შამშე მეგრელიძემ და იგი შესულია საქართველოს ისტორიის ნარკვევებში.
ჩოლოქის გამარჯვების გმირს, სახელოვან მთავარსარდალს და მის მებრძოლებს რაზმის ექიმმა გრიგოლ შაბურიშვილმა უძღვნა ლექსი _ " დიდი ქებანი".
ჩოლოქის ბრძოლის წინ გამართულ შეკვეთილის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ გრიგოლ გურიელს ხალხმა უძღვნა ლექსი, რომელსაც დიდხანს მღეროდნენ გურიაში. ამავე პერიოდში შეიქმნა ხალხური სიმღერა "ხასანბეგურა".ჩოლოქის ბრძოლამდე გაიმართა შეკვეთილისა და ნიგოითის ბრძოლები. 1953 წლის 15 ოქტომბერს, ომის ოფიციალურ გამოცხადებამდე, 5 ათასი თურქი თავს დაესხა სოფელ შეკვეთილის საგუშაგოს, რომელსაც მხოლოდ ორი ასეული ( 250 კაცი) იცავდა. გარნიზონი უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და კარგა ხანს იგერიებდა მტერს.შეკვეთილის ბრძოლაში განსაკუთრებით ისახელა თავი გურულმა მილიციამ და მისმა მეთაურმა გრიგოლ გურიელმა, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, სიკვდილის წინ კი ასე მიმართა თავის მებრძოლებს: "ნუ ფიქრობთ ჩემზე, ჩემი სიკვდილი ერთი კაცის სიკვდილია, გაამართლეთ ნდობა, დაამტკიცეთ, რომ ისევ ის გურულები ხართ, რომელთა მიწა ოსმალებისთვის ყოველთვის სამარე იყო".
საზღვრისპირა გურია ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში იყო, რადგან მტერი განუწყვეტლივ თავს ესხმოდა ქობულეთის მხრიდან, პირველი საბრძოლო მოქმედება გურიაში გაიშალა, ბათუმის კორპუსი სელიმ-ფაშას მეთაურობით, შეტევაზე გადავიდა.იგი იოლ გამარჯვებაზე ოცნებობდა და უმოკლეს დროში ქუთაისის აღებას ფიქრობდა.
ივანე ანდრონიკაშვილმა თურქების შეტევის შესახებ გაიგო თუ არა, გურიის რაზმს ოზურგეთიდან უკან დახევა უბრძანა. ეს იყო ტექნიკური ხერხი _ ანდრონიკაშვილს სურდა მტრის სიღრმეში შეტყუება და შემდეგ მისი განადგურება. გურიის მოსახლეობამ მდინარე სუფსამდე დატოვა ტერიტორია. გურიის დაცვა ითავა მისმა მილიციამ თავად მალაქია გურიელის მეთაურობით, იგი დიდი ავტორიტეტით და გავლენით სარგებლობდა მოსახლეობაში. მურავიოვი მას გურულების მშვენებას უწოდებდა. მალაქია გურიელმა ფიცი დადო, რომ შურს იძიებდა შეკვეთილში დაღუპული ბიძაშვილისთვის და პირადად სიცოცხლეს გამოასალმებდა არანაკლებ ოცდაათ ოსმალოს.
1954 წლის 27 მაისს, ქართულმა მილიციამ, ნიკო ერისთავის მეთაურობით, ნიგოითთან სასტიკად დაამარცხა თურქები. ამ ბრძოლაში აზნაურმა ერასტი ჭყონიამ თავი წააცალა მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძეს. ნიგოითის რაზმის წარმატებამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს,ოზურგეთისაკენ დაძრულიყო, მისი რაზმი იმხანად სოფელ მარანთან იდგა. ოსმალებმა სასწრაფოდ დატოვეს ქალაქი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა მხარეს განლაგდნენ. 3 ივნისს მოწვეული იქნა სამხედრო საბჭო, სადაც გადაწყდა ბრძოლის დაწყების თარიღი. მეორე დღეს, 4 ივნისს, გათენებამდე რაზმმა დატოვა ქალაქი და ხშირი ტყით საზღვრისაკენ გაემართა. ავანგარდში მიემართებოდა გურიის ქვეითი ლაშქარი და ცხენოსანთა რაზმი თავად მიქელაძის ხელმძღვანელობით. მათ უკან, ცოტა დაშორებით მიდიოდა რეგულარული ჯარი და ადგილობრივი ლაშქრის მთელი დანარჩენი შენაერთები.10-ათასიან გურიის რაზმს უხდებოდა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმა 35-ათასიანი თურქთა კორპუსის წინააღმდეგ. თავადი კონსტანტინე მამაცაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავდა: "ჩაუარა თუ არა ჯარებს თავადმა ანდრონიკაშვილმა, არ მიესალმა მათ, რადგან საპასუხო ხმამაღლა მისალმებებს და შეძახილებს მოერიდა. იგი თავის დაკვრით კმაყოფილდებოდა."
ჩოლოქის ბრძოლა 1954 წლის 4 ივნისს, მდინარე ჩოლოქთან გაიმართა. პროფესორ იური სიხარულიძის მონაცემებით, ბრძოლის არეალი მოიცავდა ჩოლოქის მარცხენა მხარის სოფლებს: გაღმა ქაქუთი, სკური, ჩეხედანა, ჯიხანჯური, წყავროკა, მარჯვენა მხარის სოფლებს: გამოღმა ქაქუთი, ჭანიეთი, ვაშტიალი, ნარუჯა, ანასეული. მანვე პირველად ყურადღება მიაქცია ჭანიეთის ერთ-ერთი გორის სახელწოდებას "მუზარადი" და ეს მხედრული საჭურველის აღმნიშვნელი ტერმინი ჩოლოქის ბრძოლის დროინდელად მიიჩნია.
თავადი ამილახვარი შემდეგნაირად აღწერს ჩოლოქის ბრძოლას: … "ჩვენ გამოვედით ტყიდან და წინ გადაიშალა დიდი მინდორი, რომელიც იკვეთებოდა სწრაფი ჩოლოქით, მდინარის მეორე მხარეს მოჩანდა უზარმაზარი ბანაკი, რომელიც სამ რიგად იყო წარმოდგენილი გარშემოვლილი მაღალი მიწა-ყრილებით.
შეტევაზე პირველი გადავიდა გურიის ქვეითი დრუჟინა და ხმალამოწვდილი ეკვეთა მტერს. მიუხედავად რიცხობრივი და სტრატეგიული უპირატესობისა, ოსმალებმა ვერ შეძლეს დრუჟინის შეტევის უკუგდება და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ ბანაკში. დრუჟინამ სასწრაფოდ დაიკავა მტრის სანგრები. ბრძოლაში თანდათან ჩაებნენ ანდრონიკაშვილის სხვადასხვა ნაწილები. ქართულმა ცხენოსანმა დრუჟინამ კი მოხერხებულად შეუტია მტრის მარჯვენა ფლანგს და ოსმალთა განლაგების შუაგულში შეიჭრა. მას თან მიჰყვა იმერეთის ცხენოსანთა ასეული ქაიხოსრო მიქელაძის ხელმძღვანელობით, რომელიც გააფრთებული ეკვეთა მტერს, თავად მიქელაძე მძიმედ დაიჭრა. ახლობლები ამშვიდებდნენ, რომ ჭრილობა არ იყო საშიში. მან ამაზე მშვიდად უპასუხა: "მეშინოდა მხოლოდ ერთის, რომ ჩემი სხეული მტერს არ ჩავარდნოდა, ახლა როცა ვკვდები ჩემიანებთან, არა საწოლში, არამედ ბანაკში, მე არაფრის მეშინია".
ქართული ლაშქრის ორი ასეული ელვის სისწრაფით გაეშურა მთისკენ. წინა რიგებში მდგარი ასეულების მეთაურები, დავით ვახვახიშვილი და ზაქარია ანდრონიკაშვილი ღრმად შეიჭრნენ ოსმალთა რიგებში და მამაცურადს იბრძოდნენ. ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ.
ნიკო ჭავჭავაძის მებრძოლები დაუნდობლად ანადგურებდა მტერს, წინსვლას ხელს უწყობდა მამაცაშვილის ბატარეა, რომელმაც ცეცხლით გაწმინდა გზა და საშუალება მისცა რაზმს საერთო შეტევისათვის. ქართული ქვეითი და ცხენოსან დრუჟინის წარმატებებმა დიდად აღაფრთოვანა სხვა ნაწილები, ბრძოლაში ჩაება კაზაკთა ასეულები თავდაუზოგავი ხმლების ფრიალით და საბრძოლო ყიჟინით. მტრის ტყვიამ მოცელა მამაცი მეთაური ხარიტონოვი. ამან არათუ შეასუსტა შეტევა, კიდევ უფრო აანთო კაზაკთა საბრძოლო სულისკვეთება. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ანდრონიკაშვილის რაზმი არ დრკებოდა და წინ მიიწევდა მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში. საბოლოოდ, მტერმა ვერ გაუძლო მოწინააღმდეგის ძლიერ დარტყმებს და იძულებული გახდა, უკან დაეხია. ანდრონიკაშვილის რაზმი გაქცეულ მტერს ხმლებით კაფავდა. ბრძოლაში თავი ისახელეს მალაქია გურიელმა, დიმიტრი ერისთავმა, გრიგოლ ბერიძემ და ბევრმა ქართველმა და რუსმა რიგთმა ჯარისკაცმა თუ სამხედრო მოსამსახურემ. მოწინააღმდეგემ დაკარგა 4000-მდე მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი მთელი თავისი აღალით. ბრძოლის ველზე დარჩა მთავარი სარდლისადმი სულთნის ნაბოძები ხმალი და მუშირის ბანაკი, თვით სელიმ ფაშამ კი ქობულეთს შეაფარა თავი.
ანდრონიკაშვილის დანაკარგი, დაჭრილთა და მოკლულთა სახით, 1500 კაცს აღწევდა, მსხვერპლის ერთი მესამედი ქართულ მილიციაზე მოდიოდა. ჩოლოქის ბრძოლაში მამაცობისა და გმირობისთვის ქართულ დრუჟინას მეფემ წმიდა გიორგის დროშა უბოძა. გენერალი ანდრონიკაშვილი დრუჟინის მეომრების შესახებ წერდა: "ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ყველა დავასახელო, რადგან ვიმეორებ მეთაურიდან დაწყებული, ჯარისკაცით დამთავრებული, ყველამ პირნათლად მოიხადა თავისი ვალი, საქართველოს ყველა კუთხის მოლაშქრენი საშიში იყვნენ მოწინააღმდეგისთვის არა მარტო მაშინ, როცა მტერი უკან გარბოდა, არამედ გამარჯვების მოპოვებამდეც. მილიციელთა ხმლები სალდათების ხიშტებთან ერთად მუშაობდნენ."
დიდებულ ლაშქარს ღირსეული წინამძღოლიც ჰყავდა _ ეს გახლდათ გენერალი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი. მისი წარმატების შესახებ კავკასიის არმიის ყოფილი მთავარსარდალი მიხეილ ვორონცოვი ანდრონიკაშვილს წერდა: "ძვირფასო თავადო, ივანე მალხაზის ძევ, ვჩქარობ, რამდენიმე სიტყვა მოგწეროთ, რათა გულითადად მოგილოცოთ ახალი ბრწყინვალე გამარჯვება და სელიმ ფაშას სრული განადგურება. აი, უკვე მეორეჯერ იხსენით ჩვენი საზღვრები მოწინააღმდეგისგან, დიდება და პატივი თქვენ და თქვენს თანამებრძოლებს, ვხარობთ თქვენით და ასევე მოხარული ვართ ჩვენი კეთილი ნიკო ერისთავის ბრწყინვალე გმირობით… ღმერთმა ქნას, რომ კარგად იყოთ და რომ გაიმეოროთ გამარჯვება, როგორც კი ამის შემთხვევა მოგეცემათ."
ჩოლოქის ბრძოლის შემდეგ მიღწეული წარმატების მეფისადმი მოსახსენებლად, პეტერბურგს გაიგზავნა ნიგოითის გმირი, ნიკო ერისთავი. მას პოლკოვნიკობა უბოძეს, იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტად დანიშნეს და წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
ჩოლოქის გამარჯვებამ უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია მთელ საქართველოში. განსაკუთრებით დიდი ზეიმით შეხვდნენ ამ ამბავს თბილისსა და ქუთაისში. ქუთაისში ქალაქის ქუჩები ხალხით აივსო, ყველანი ულოცავდნენ ერთმანეთს გამარჯვებას. 12 ივნისს თვით გენერალი ანდრონიკაშვილი ჩავიდა. ახალციხისა და ჩოლოქის გმირს ქალაქგარეთ, რიონის ხიდთან შეხვდა ქუთაისის მოსახლეობა. ქალაქის მცხოვრებთა სახელით საპატიო მოქალაქემ შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: "შემოდგომაზე თქვენ გაანადგურეთ თურქთა კორპუსი ახალციხესთან, ზაფხულში კი ჩოლოქთან მეორე კორპუსი, რომელიც ფანტასტიკურ წარმატებაზე ოცნებობდა. ამით დიდი საჩუქარი უძღვენით სამშობლოს, რომელიც ყოველთვის სიყვარულით თვალს ადევნებდა თქვენს დამსახურებას. თქვენ მოიპოვეთ უკვდავი სახელი, მტკიცე დიდება და სიყვარული დაიმსახურეთ ჩვენ გულში"…
ჩოლოქის გმირს დიდი ზეიმი მოუწყვეს თბილისში. 8 ივლისს ჩოლოქის ბრძოლის მთელი ნადავლი თბილისში ჩაიტანეს და მეფისნაცვლის სასახლის ერთ დარბაზში გამოფინეს. ამ გამარჯვების გამო, თავადი ანდრონიკაშვილი დაჯილდოებული იქნა წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენით (რომელიც დაარსებული იყო პეტრე I -ის მიერ და რუსთა არმიის მხედარმთავართა მცირე ნაწილს ჰქონდა მიღებული).
მოგვიანებით, 1868 წელს, იმპერატორის ბრძანებით, ივანე ანდრონიკაშვილმა მიიღო კავალერიის გენერლის წოდება, რაც ძალიან დიდი წოდება იყო.
თავისებური ჯილდო უძღვნეს ჯარისკაცებმა გამარჯვებულ მეთაურს, ეს გამოიხატებიდა სიმღერით, რომელიც თავად ჯარისკაცებმა შეთხზეს:
… თურქებს დავსცხეთ ჩოლოქთან ,
ტყვიამ ვერ შეგვაშინა.
ხმლით ავკაფეთ დუშმანი,
მივდიოდით სულ წინა.
ანდრონიკოვს, ჩვენს სარდალს,
შვილის სიყვარულითა,
უჭკნობ გვირგვინს დავუწნავთ
ჯარისკაცთა გულიდან.
ჩოლოქთან დაღუპული ჯარისკაცები და თავადები დაკრძალეს შემოქმედში. მონასტრის გალავანში განისვენებენ რაზმის რიგითი მებრძოლები: ქართლელები, კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები. შემოქმედის ზარზმის მონასტერში დაკრძალეს თავადები. ამჟამად შემორჩენილია თვადების დავით ვახვახიშვილისა და სიღნაღის ასეულის მეთაურის, ზაქარია ანდრონიკაშვილის საფლავები. 1873 წელს აღნიშნული საფლავები ნახა გურიაში მყოფმა დიმიტრი ბაქრაძემ. იგი წერს: "ფერისცვალების ეკლესიის კარიბჭეში, რომელიც სალაროში გადის, ერთი ლუსკუმაა, რომელიც რუხ ფილაქნის სადგარზე დგას. მასში, როგორც ამბობენ, ვახტანგ I-ის ნეშტი განისვენებს. ამავე კარიბჭეში არის საფლავი, რომლის ხავერდის გადასაფენზე, ასეთი წარწერაა: "გურიის ატრიატში გარდაცვალებულის თავადი ზაქარია იოსების-ძის ანდრონიკოვისა ვარ", წელსა 1854, ივნისის 4. აღნიშნული გადასაფენი ამჟამად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული და იგი მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედის მფლობელმა დიმიტრი გურიელმა დაკრძალვის დროს მოაწყო დიდი ქელეხი და შესწირა ორი დიდი მარმარილოს დაფა, რომელიც ახლაც ამშვენებს თვადების ვახვახიშვილისა და ანდრონიკაშვილის საფლავებს.
ჩოლოქთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მოიშალა სელიმ-ფაშას ბათუმის კორპუსი. თურქეთის კორპუსმა ნამდვილი კატასტროფა განიცადა, ნახეს აუნაზღაურებელი ზარალი. ჩოლოქის თავდაცვის ხაზი კვლავ აღდგენილი იქნა, წინანდებურად გამაგრებული იქნა ადგილობრივი მილიციის პოსტები, ჩოლოქთან გამარჯვებამ ჩაშალა თურქებისა და ევროპელი გენერლების გეგმა, რომელთაც სურდათ ახალციხისა და ახალქალაქის გზით სურამის უღელტეხილის გადავლით, სელიმ-ფაშასთან გაერთიანებულიყვნენ და რუსებისთვის ზურგში დაერტყათ. ჩოლოქის ამბებმა თავდაყირა დააყენა მათი გეგმები, მორალურად დაეცა ანატოლიის არმია, შეირყა თურქეთის პრესტიჟი.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ _თურქეთის 1853-1856 წწ ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, ომი კავკასიაში რუსეთისათვის რთულ პირობებში მიმდინარეობდა. აქ იგი მაინც გამარჯვებით დასრულდა. ამაში დამსახურება მიუძღვის "ამიერკავკასიის და პირველ რიგში, ქართველი ხალხის პატრიოტულ, ჭეშმარიტ, მტკიცე თავდადებას," _ აღნიშნავდა აკადემიკოსი ევგენი ტარლე.
30 წლის წინათ, ჩოლოქის ბრძოლის 130 წლისთავზე ოზურგეთის საზოგადოება, როგორც ამას იმდროინდელი პერიოდული პრესა იუწყებოდა, ითხოვდა, აღმართულიყო მემორიალური დაფა ლიხაურ-ჭანიეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჩოლოქის ნაპირზე, ქობულეთის რაიონის საზღვარზე. დღეს ეს საკითხი ისევ დგას.
მანანა ლომაძე, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი