კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებას, თბილისის მერიიდან არაკვალიფიციურ კადრების გათავისუფლების შესახებ, პიარ-ტექნოლოგები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ნარმანიას ამომრჩეველზე დაანონსებული გათავისუფლება დადებითად იმოქმედებს, თუმცა გარკვეულწილად, განცახდებას უარყოფითი დამოკიდებულებაც შეიძლება მოჰყვეს.
როგორც ნარმანიამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ დებატებზე განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი მაღალჩინოსნები დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში და გაფორმებულები არიან მძღოლებად და დამლაგებლებლად.
"დედაქალაქის მერიაში აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ეს გულისხმობს ერთი მიმართულებით იმ სტრუქტურების დამატებით შექმნას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პროგრამის უზრუნველყოფისთვის.
არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შეკვეცა მოგვიწიოს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად არ დაზარალდნენ კვალიფიციური კადრები. ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა კვალიფიციურ კადრს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭო, სადაც დასაქმებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები.
თვეები ისე გადის, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ. ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი მძღოლად, დამლაგებლად არის გაფორმებული და ათასობით ლარს ღებულობენ შრომის ანაზღაურების სახით. ცალკეული თანამდებობის პირები ერთის ნაცვლად ორ ადგილზე არიან გაფორმებულნი. ასეთი ადამიანების გაშვების შემდეგ მათ ადგილზე შევარჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გარეთ და არიან კვალიფიცირებულები", _ აღნიშნა ნარმანიამ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ნარმანიას განცხადება იმ ბუნებრივი პროცესის დეკლარირებაა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვეული პროცესია“.
"ნარმანია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვანი ცვლილებებისას წამყვან ადმინისტრაციულ თანამდებობებს საკუთარი გუნდით ცვლის. ეს ერთი მხრივ, ნორმალური პროცესია, მართვის გუნდის ცვლის უფლება ძირითადი ლიდერისთვის, მეორე მხრივ, ამ უფლების არასწორად გამოყენება მიდის ლამის ყველა სეგმენტზე, რაც ჩვენს ორგანიზაციებს ან კლანიზმში გადაზრდის ან პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებში.
სხვა მხრივ, თავად განცხადების ფორმაში, სადაო მოცემულობა პირდაპირად არ მოჩანს, ორგანიზაციებისთვის ჩვეული სტრატეგია უნდა იყოს კვალიფიკაციაზე ზრუნვა, თუმცა, საქართველოში "კვალიფიციური თანამშრომლების" ძიება, როგორც წესი, პოლიტიკურ ანგარიშსწორების ინსტრუმენტს უფრო წარმოადგენს. რამდენად სანდოდ ისმის ნარმანიას განცხადება ამომრჩევლისათვის, ეს მისდამი პოლიტიკურ განწყობაში გამოვლინდება. ვფიქრობ, მსგავსი განცხადებები მეტი სიფაქიზითა და გააზრებით უნდა კეთდებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, დღევანდელ მოცემულობაში ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა, არა მგონია ჰქონდეს", _ აცხადებს გამზარდია.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტ ელდარ პირმისაშვილს კი მიაჩნია, რომ "ეს განცხადება იმ ადამიანებზე იმოქმედებს, რომლებიც მერიიდან ხელფასს დაუმსახურებლად იღებს. მაგრამ ნარმანიას განცხადება გათვლილი იყო მის ამომრჩეველზე, რომელიც უფრო რადიკალურია. მათთვის ეს კარგი მესიჯი იყო".
"ვფიქრობ, რომ აქ ორი ტიპის მიდგომაა. ერთი ის, რომ საზოგადოება მთავრობისგან რადიკალურ ზომებს ითხოვს. ეს ზომებია გათავისუფლება, დაჭერა და ა.შ. ეს მათ ამომრჩეველში უარყოფით დამოკიდებულებას არ აჩენს. მეორე მიმართულებაა ის ადამიანები, ვინც მეტნაკლებად დაუკვალიანებლები არიან და პირდაპირ ნარმანიას მხარს არ უჭერენ, მათზე, მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, იმოქმედებს.
მოტივი თავიდანვე ნათელია, რომ დავით ნარმანია ძველი ხელისუფლების მომხრეებს მერიიდან გაათავისუფლებს და თავის კადრებს მიიყვანს.თუმცა, ვფიქრობ, რომ ტოტალურ გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ძირითადად, მან ყურადღება მმართველ რგოლზე გაამახვილა. თუმცა, არა მგონია, ნარმანიას ან მელიას ამომრჩეველს მოეწონოს, ვინმე ხელფასს დაუმსახურებლად თუ იღებს. ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებას ძალიან მაღალი ინტერესი აქვს, რადგან მათი ფული იხარჯება. შესაბამისად, მერიის დანახარჯებზე უფრო მკაცრი მონიტორინგი უნდა არსებობდეს", _ აცხადებს პირმისაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას.