12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ. შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს.
მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.
კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას – აფთიაქებში – PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".
რატომ დაიწყეს ბიზნესკომპანიებმა აქცია მხოლოდ მეორე ტურზე, კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, მათი უმავლესობა აცხადებს, რომ აქცია ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდას ემსახურება. თუმცა, პიარ-ტექნოლოგი ფიქრობს, რომ ყოველივე ეს „ეჭვს ბადებს სახელმწიფო სექტორის როლზე ამ საკითხში“.
სააფთიაქო ქსელ "ავერსის" საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლალი ბრეგვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ არჩევნების დღეს მათ ქსელში აქცია ნამდვილად იგეგმება.
"ეს არის ბიზნესკომპანიების გაერთიანებული აქცია ამომრჩეველთა აქტივობის გასაზრდელად. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ჩვენთან ფასდაკლება არჩევნების დღეს, თუ ის მარკირების შესაბამის ნიშანს წარმოადგენს. აქცია დღის ბოლოს, აფთიაქების დახურვამდე იქნება. ამით ამომრჩეველს აქტივობისკენ და თავიანთი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოვუწოდებთ", _ აცხადებს ბრეგვაძე.
აქციის არსებობას ადასტურებენ ასევე სუპერმარკეტების ქსელ "სმარტ"-ის მარკეტინგულ სამსახურში.
"დიახ, გვაქვს ასეთი აქცია არჩევნების დღეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის გააქტიურებას ემსახურება და არა რომელიმე პარტიის მხარდაჭერას", _ აცხადებენ სამსახურში.
აქციას მიესალმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკო-ს სპიკერის, ეკა აზარაშვილის თქმით, ბიზნესკომპანიების აქცია, ამომრჩეველს ფასდაკლება შესთავაზონ, კანონიერია. მისივე თქმით, ამ აქციის განხორციელებაში ცესკო ჩართული არ არის.
"ვნახე ეს სარეკლამო კლიპი. ერთი შეხედვით ეს რეკლამა ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც ბიზნესკომპანიებს სურთ გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის. ეს საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება. ანუ, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის აკრძალვა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა რომელიმე ბიზნესკომპანიამ გამოიყენოს თავისი კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ამაში ჩართულები და არც უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ბიზნესკომპანიების იდეა და შესაბამისად მათი აქტივობა.
ვინც განახორციელებს მსგავს აქტივობას, რომ გაიზარდოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ამას მივესალმებით. ამის ხელშეწყობა არის დადებითი. თუ ბიზნესკომპანიები ამას იყენებენ თავიანთი კომერციული მიზნებისთვის, ეს ჩვენი საქმე აღარ არის", _ განაცხადა აზარაშვილმა.
თუმცა, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ „მსგავსი რამ ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება და ეს სახელმწიფო სექტორთან იქნება შეთანხმებული“.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიზნესს მსგავსი ინიციატივები ასე უცბად გაუჩნდეს და წინასაინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის გარეშე არჩევნებამდე უცბად, 2 დღით ადრე, მსგავსი კამპანია დაგეგმოს და აწარმოოს. ეს ბიზნესსექტორის მიმართაც უდიერ დამოკიდებულებად მოჩანს, საიდან შეირჩა ეს კომპანიები, ან რა იყო შერჩევის პრინციპი, ესეც გაურკვეველია და ა.შ.“ _ ამბობს გამზარდია.
რაც შეეხება სახელმწიფო სექტორის მხრიდან მსგავსი აქტივობის შეფასებას, გამზარდია ამბობს, რომ „სახელმწიფოს მხრიდან იმის მცდელობა, რომ მოქალაქე "შეღავათიანი ფასდაკლებებით" შეიტყუოს, საქართველოში ეს აქტივობის გაზრდის ზედმეტად ხელოვნურ საშუალებად უფრო მოჩანს“.
"სახელმწიფო სექტორი მოქალაქეში მოქალაქეობრივ თვითშეგნებას უნდა ზრდიდეს და საინფორმაციო კამპანიებიც შესაბამისად უნდა იყოს აგებული".მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში მოიშველიებენ ამერიკულ მაგალითსაც, ვფიქრობ, ამ ორ სახელმწიფოში – აშშ–სა და საქართველოში, საზოგადოებრივ წინასწარგანწყობათა შორის დიდი სხვაობაა არჩევნებზე არ მოსვლის კუთხით. სავარაუდოდ, ეს არის ერთგვარი "დახმარება" შესაბამისი სპეციალისტების ჩარევით, რათა აქტივობის გაზრდა მოხერხდეს და ამით ხელისუფლების იმიჯი მეტ-ნაკლებად წაახალისოს ან გადაარჩინოს საზოგადოებაში. ამის მწარმოებელ პიარ–ტექნოლოგს მხოლოდ "ყოჩაღ" შეიძლება უთხრა, მაგრამ ბიზნესკომპანიები რომ რატომღაც მხოლოდ მეორე ტურზე დაინტერესდნენ, ან რომ მხოლოდ 2 დღით ადრე, იდეის პრეზენტაციის, წინა კამპანიისა და ა.შ. გარეშე, ეს თავისთავად ეჭვს ბადებს სახელმწიფო სექტორის როლზე ამ საკითხში. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორის მხრიდან, ამას დადებითად ვერ შევაფასებდი“, _ აცხადებს გამზარდია.
იყო თუ არა შეთანხმებული სახელმწიფო სექტორთან ბიზნესკომპანიების აქცია, სააფთიაქო ქსელ "ჯი-პი-სი"-ს გენერალური დირექტორი დავით კილაძე "გურია ნიუსთან" ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
მის მიერ გაკეთებულ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:
"არჩევნების დღეს იქნება ფასდაკლება მთელ ჩვენს ქსელში. ზოგიერთი კომპანია მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. ვადასტურებ, რომ ვმონაწილეობთ ამ აქციაში. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომა არჩევნების დღეს ფასდაკლება გავაკეთოთ ჩვენს ქსელში, ამით დავამთავრე კომენტარების გაცემა“, _ აცხადებს კილაძე.
„გურია ნიუსი“ ეცადა კომპანია „ვისოლის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებასაც, თუმცა, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.