ამომრჩეველთა დაუზუსტებელ სიებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ აწვდიან, თუმცა ამის გადამოწმების ბერკეტი, უწყებას არ აქვს.
"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე რუსუდან წაქაძის ბინაში, სამი მისთვის უცხო პიროვნებაა მიწერილი, რომელთა ამომრჩევლის ბარათები უკვე რამდენიმე წელია მას მისდის.
როგორც რუსუდან წაქაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მან რამდენჯერმე მიმართა იუსტიციის სახლს, თუმცა ეუბნებიან, რომ მის ბინაში ჩაწერილი არავინაა.
"მე-9 წელია ამ ბინაში ვცხოვრობ, ოფიციალურად ჩემს სახელზეა გაფორმებული. ამ ადამიანებს, რომელთა ბარათებიც მომდის, საერთოდ არ ვიცნობ. სავარაუდოდ, 12 წლის წინ ისინი ამ მისამართზე ქირით ცხოვრობდნენ. ბინის შეძენის შემდეგ, რამდენჯერმე მივმართე იუსტიციის სამინისტროს, გადაამოწმეს საჯარო რეესტრში და მითხრეს, რომ ჩემს ბინაში არავინ არის ჩაწერილი. ვინ არიან ეს პირები და რატომ მოდის ჩემს მისამართზე მათი ბარათები, ამ დრომდე გაურკვეველია", _ აცხადებს წაქაძე ჩვენთან საუბრისას.
აღნიშნულის გასარკვევად, "გურია ნიუსი" ცესკო-ს პრეს-სპიკერ ეკა აზარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, რუსუდან წაქაძის ბინაში მიწერილი სამი პიროვნება დევნილის სტატუსის მქონე პირები არიან, თუმცა, რატომ არ გაასწორა ეს მონაცემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ვერ აკონკრეტებს.
"გარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსი, რომელიც ჩვენ გადმოგვცემს ყოველი არჩევნების წინ განახლებულ მონაცემებს საქართველოს მოქალაქეთა შესახებ, ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტრო გვაწვდის მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც დევნილის სტატუსი აქვთ. ამ მონაცემებში, პირებს მითითებული აქვთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები, სადაც ცესკო ამომრჩეველთა ბარათებს აგზავნის. მოგეხსენებათ, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები არჩევნებში მონაწილეობენ ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ საარჩევნო უბანზე დევნილის მოწმობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან წაქაძეს შეუძლია ახლა განცხადების დაწერა და მოთხოვნა, ამ პირების მისი ბინიდან ამოწერისა, ცესკო ამ არჩევნებისთვის სიაში მონაცემებს ვეღარ შეცვლის, მაგრამ შემდგომისთვის, განახლებული მონაცემები გვექნება და მის მისამართზე ამ ამომრჩევლების ბარათები არ მივა“, _ აცხადებს აზარაშვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დალი გოგოლაძის განცხადებით, დევნილის სტატუსის მქონე პირების რეგისტრაცია 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდა. თუმცა, იმის გამო, რომ დევნილთა ნაწილი ქვეყნიდან გასული იყო, ვადა 2014 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა.
"მიუხედავად ამ მონაცემების დაზუსტებისა, ბაზა მუდმივად განახლებადია. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ 271 ათასი დევნილი იყო ქვეყანაში, ეს მონაცემი თითქმის 20 ათასით შემცირებულია. ეს სია არის გადაგზავნილი ცესკო-შიც. დევნილის სტატუსის მქონე პირებმა ისევე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ძალიან კარგად იციან ხმა სად უნდა მისცენ. მიწერის ადგილები აქვთ. აქამდე კანონი არ არსებობდა, რომელიც დევნილთა საკითხებს დაარეგულირებდა. თუმცა, 2014 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი და ყველა ის ინფორმაცია, რაც დევნილის სტატუსის მქონე პირებს ეხებათ, მათი დამისამართებიდან დაწყებული, დევნილთა სულადობით დამთავრებული, კანონი არეგულირებს. აქამდე ისეც ხდებოდა, რომ ოჯახები იყოფოდა ხელოვნურად. სწორედ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა იყოს, რომ რეალურად მიწერილი იყოს სენაკში, მაგრამ თბილისში ცხოვრობდეს პიროვნება, რადგან აქ გამონახა საქმე და მუშაობს. ეს ინფორმაცია ამ ბაზაში არის. სადაც პიროვნების ფაქტობრივი მისამართია ხმას იქ აძლევს. სხვა რაიმე გადამოწმების მექანიზმი, გარდა იმისა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები აპლიკაციას ავსებენ და თვითონ უთითებენ მონაცემებს, სამინისტროს არა აქვს. შესაძლოა, ბიძაშვილმა ჩაწერა პიროვნება სადღაც, ჩვენ ხომ არ ვიცით მათ შორის რა ნათესაური კავშირია? ჩვენ ვიცით, რომ ეს პიროვნება სხვასთან არის მიწერილი. თუ ეს ბინის მესაკუთრეს დისკომფორტს უქმნის, განცხადება უნდა დაწეროს და ამ პირებს მისი ბინიდან ამოწერენ. რამდენი ხნის ვადაში მოხდება ამოწერა, ეს დეტალები მე არ ვიცი. ჩვენს მისაღებ ცენტრში მუდმივად ზის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ჩვენი ბაზა მუდმივადაა მიბმული საერთო ბაზასთან", _ აცხადებს გოგოლაძე.
"გურია ნიუსი" რუსუდან წაქაძის ბინაში ჩაწერილ ერთ-ერთ პიროვნებას, ხათუნა ცხვიტავასაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ამ მისამართზე 14 წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა, სამინისტროსთვის რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, იქედან არ ამოწერეს.
"დაახლოებით 14 წლის წინ ჩავეწერეთ ამ მისამართზე, მას შემდეგ ვცდილობ ამოწერას, რადგან იქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ სამინისტრომ ეს მონაცემი არ გაასწორა. დისკომფორტი ამით მე პირადად არ შემქმნია, გარდა იმისა, რომ არჩევნებში ვერ ვმონაწილეობდი. ამ 14 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მახსოვდა ხმას სადაც ვაძლევდი. ამომრჩეველთა ბარათი მაშინ არ მოუთხოვიათ. მე თვითონაც ვარ დაინტერესებული, რომ იმ ბინიდან ამომწერონ, თუმცა პროცედურულად როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, არ ვიცი. მივალ სამინისტროში და კიდევ ერთხელ მოვითხოვ იმ ბინიდან ამოწერას“, _ აცხადებს ცხვიტავა და იმასაც ადასტურებს, ამ მისამართზე მისი ორი შვილიც არის მიწერილი.
აქვს თუ არა რაიმე ვალდებულება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინაშე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რომ გადამოწმებული სია მიაწოდოს და რა ბერკეტი აქვს სააგენტოს მათ მიერ მოწოდებული სიას გადამოწმების, – სერვისების განვითარების სააგენტოში გვპასუხობენ: "ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სიის ფორმირების კუთხით სერვისების განვითარების სააგენტოს წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია“.
მათივე ინფორმაციით, "სამინისტრო დევნილთა დროებით საცხოვრებელ ადგილს დამოუკიდებლად განსაზღვრავს“.
"სააგენტო არ წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაფორმირებელ უწყებას ამ ფუნქციით აღჭურვილია ცესკო, სააგენტოს ვალდებულია კონკრეტულ დროს ცესკო-ს გადასცეს პოტენციურ ამომრჩეველთა რეესტრი, ხოლო ამ რეესტრის წარმოების უფლებამოსილება სააგენტოს კანონმდებლობით აქვს მინისჭებული. სააგენტო მუდმივად ზრუნავს მონაცემების ხარისხის ამაღლებასა და ხარვეზების გამოსწორებაზე.
ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, სააგენტო მუშაობს, როგორც მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, ასევე პროაქტიურად გაკეთებული ანალიზებისა და კვლევების საფუძველზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის უკანასკნელი იყო გაორებების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის პროექტი რომლის ფარგლებში სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ფოტოსურათი ერთმანეთს შეადარა და გამოავლინა რამდენიმე ათასი გაორებული ჩანაწერები, მოხდა ამ საქმეების ინდივიდუალურად შესწავლა და ხარვეზების აღმოფხვრა“, _ აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება სიების გადამოწმებას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო მონაცემები ცესკო-ს ეგზავნება.
"თუ პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, აღნიშნული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
იმ შემთხვევაში, თუ მისამართი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირის დროებით საცხოვრებელს, დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს", _ აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება, იმას, ირღვევა თუ არა ბინაზე პიროვნების მიწერით მესაკუთრის უფლება? – სააგენტოში გვპასუხობენ: "თუ პირი მისამართზე რეგისტრირებულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე, აღნიშნული არ წარმოადგენს დარღვევას".
"მაგალითად, თუ წინა მესაკუთრე ან მესაკუთრის თანხმობით, ან პირები ბინაში რეგისტრირებული არიან საბჭოთა რეგისტრაციით (ანუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აღნიშნულმა პირებმა არ შეიცვალეს რეგისტრაციის მისამართი სააგენტოში), სააგენტო დაინტერესებული პირის მომართვის გარეშე მოკლებულია შესაძლებელობას გამოავლინოს რეგისტრაციის წესის დამრღვევი პირები და მოხსნას ისინი რეგისტრაციიდან. ახალ მესაკუთრეს შეუძლია მისი მოხსნა, თუ ის აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში“.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-სინფორმაციით, მეორე ტურში, 28 საარჩევნო ოლქში, სულ მონაწილეობს 1 715 514 ამომრჩეველი, აქედან 96 263 დევნილის სტატუსის მქონე პირია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნების და საეჭვო გარემოებების თავიდან ასაცილებლად, იმის გამოც, რომ საარჩევნო სიები დაზუსტებული და სრულყოფილი ყოფილიყო, სახელმწიფომ ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება განახორციელა. მათ შორის, 2011 წლის 15 ნოემბერს, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საარჩევნო სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა. კომისიამ გადამოწმებული სიები 2012 წლის ივლისში წარადგინა.
2014 წლის გაზაფხულზე კი, ახალი თვითმმართველობისა კოდექსის მიღების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემდეგ, ამომრჩეველთა ერთიან სიას ფოტოსურათები დაემატა.