კურორტ ბახმაროს დამსვენებლებს პრობლემა, რომელიც "ჯეოსელის" ანძის გამორთვის გამო შეექმნათ და რომელზეც "გურია ნიუსი" წერდა, მოუგვარდათ.
"ჯეოსელის" ანძა ჩართულია და მაღაზიებიც მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროში მყოფი დამსვენებლები გუშინ დახმარებას ითხოვდნენ. ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარე კურორტზე, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფება, მაღაზიები დაკეტილი იყო და ადამიანები პანიკაში ჩავარდნენ:
_ არცერთი მაღაზია არ მუშაობს. პურსაც ვერ ვყიდულობთ. დაგვეხმარეთ რაიმე, _ ამ ტექსტით „გურია ნიუსს“ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა:
_ უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საკვებს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას უკრაინელი ტურისტი.
როგორც გავარკვიეთ, ამის მიზეზი მაღაზიების გაფიცვა იყო. იმის გამო, რომ კურორტზე "ჯეოსელის" ანძა გამორთული იყო, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და შესაბამისად, მაღაზიები დაიკეტა.
კომპანია "ჯეოსელშიც" აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსიდან" გაიგეს. ტექნიკური სამუშაოები გუშინვე დაიწყეს და დამსვენებლების და კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დღეს უკვე ანძა გამართულად მუშაობს.