საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე 22 ივლისს დავით შავლიაშვილი წარადგინა.
დავით შავლიაშვილს ამ დრომდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
2014 წლის 18 ივნისს შევსებული თანამდებობის პირთა დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 1984 წლის 14 მარტს დაბადებულ დავით შავლიაშვილს ჰყავს მეუღლე, თათია იოსავა და სამი შვილი მარიამ, ირაკლი და დემეტრე შავლიაშვილები.
დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილი შავლიაშვილის მეუღლე თბილისში, გოძიაშვილის პირველი შესახვევი #139-141, 214.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. თათია იოსავაა კეკელიძის ქ. 14, ბინა 21, ფართობი – 58.00 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 100%-იანი მფლობელი, ასევე დაბა წყნეთში, არსენას ქ. 19, ფართობი – 1163.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილის მფლობელი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, დავით შავლიაშვილს 18 ივნისის მდგომარეობით „თი-ბი-სი“ ბანკში სახელფასო ანგარიშზე უფიქსირდება 4872.28 GEL კრედიტი(+) , ანაბარი 17628.39 USD კრედიტი(+) ოდენობით, საკრედიტო თანხა 15000.00 GEL დებეტი(-).
შავლიაშვილს ამავე ბანკში ლარსა და ევროში აქვს ანგარიში გახსნილი, რომელზეც თანხა არ ფიქსირდება.
რაც შეეხება დავით შავლიაშვილის, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად თანხას, მისი რაოდენობა 80000.00 USD- ს შეადგენს.
დავით შავლიაშვილს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 – დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ეკავა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის თანამდებობა, რა დროსაც მიღებული აქვს 16144.00 ლარის შემოსავალი.
ამავე პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისას მიღებული შემოსავალი 41342.00 ლარს შეადგენს.
წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დავით შავლიაშვილს უფიქსირდება 2520.00 GBP რაოდენობის გასავალი, რომელიც მან შვილების, ირაკლი და მარიამ შავლიაშვილების სწავლის საფასურად გადაიხადა.