ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და ახლა ტესტების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგებია ცნობილი. ამ საგანში, აბიტურიენტთა 11%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე, ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში აცხადებს, რომ უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვრად 24 ქულასთან ერთად, ოცდასამიც დაუშვეს.
"წინა წელთან შედარებით ტესტები საკმაოდ კომფორტულად შესასრულებელი აღმოჩნდა ჩვენი აბიტურიენტებისთვის, მათ ძალიან წარმატებით დაძლიეს სამუშაო. სამწუხაროდ, ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 11 % -მა ვერ გადალახა. ეს ნიშნავს, რომ ვერ დააგროვა საჭირო 24 ქულა. თუმცა მინდა დავამატო, მინიმალური ქულის განსაზღვრა წელს ხდება ახლებურად, გაიგივებული ქულებით და არა ნედლით, როგორც აქამდე იყო. ამიტომ მინდა, ვუთხრა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 23 ქულა მოიპოვეს , ისინიც ზღვრის ზემოთ აღმოჩნდნენ და მათ გადალახული აქვთ ბარიერი და აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. პირველი და მესამე ვარიანტისათვის ბარიერი 23 ქულაა, მეორე და მეოთხე ვარიანტისთვის 24 ქულა",_ ამბობს სოფო დოლიძე.
ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი კომპეტენციის ზღვარის ცვლილებების მიზეზებზე საუბრობს:
"აღმოჩნდა, რომ პირველ და მესამე ვარიანტებში 24 ქულის მოპოვება უფრო რთული იყო, ვიდრე მეორე და მეოთხე ვარიანტებში. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც პირველი და მეორე ვარიანტები შეხვდათ, რომ შეესრულებინათ მეორე და მესამე ვარიანტი, ისინიც აუცილებლად მოიპოვებდნენ 24 ქულას. ამიტომ, ეს უთანაბრობა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ აბიტურიენტებსაც მივეცით საშუალება, დარჩენილიყვნენ კონკურსში".
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შარშან ზოგად უნარებში 9% ჩაიჭრა. წელს ჩაჭრილი აბიტურიენტების რიცხვის ზრდა კი იმითაცაა გამოწვეული, რომ ზოგადი უნარების მინიმალური ზღვარი გაიზარდა.
"შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილიყო, რომ არ შემოგვეღო გათანაბრების მექანიზმი. გათანაბრების მექანიზმი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ტესტების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ანუ გათანაბრებული ქულა ის არის, თუ რას მიიღებდა აბიტურიენტი, ტესტის ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა", _ აცხადებენ ცენტრში.
ზოგადი უნარების შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გრანტის მოსაპოვებლად, თუმცა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული აბიტურიენტს სახელმწიფო დაფინანსება ექნება, თუ არა.
გარდა უნარებისა, გრანტის მისაღებად საჭიროა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და არჩევითი გამოცდების ქულა. ყველა ამ საგნის ქულის ჯამი არის საგრანტო ქულა და საგრანტო ქულა დადგინდება მას შემდეგ, რაც ყველა სხვა დანარჩენი გამოცდის შედეგი გახდება ცნობილი.
თუ მოხდა ისე, რომ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა გრანტი, ან ვერ მოხვდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ უფასო მიმართულებებზე, რომელთა რიცხვი წელს 20-მდე გაიზარდა, ასეთ შემთხვევაში, არსებობს სოციალური გრანტები და ამისთვის საჭიროა, აბიტურიენტმა სამინისტროს მიმართოს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ერთ სტუდენტზე წელიწადში 2250 ლარს იხდის. თუ სწავლის ღირებულება ჩარიცხულ ფაკულტეტზე მეტია, ასეთ შემთხვევაში, თანხის დამატება თავად სტუდენტს უწევს.
წელს, 30%-ანი გრანტი ისევ არ იქნება. გაიცემა მხოლოდ 100%-ანი, 70%-ანი და 50%-ანი გრანტი.
რაც შეეხება დანარჩენი გამოცდების შედეგებს, მათი გამოქვეყნება შემდეგი დროისთვის იგეგმება.
23 ივლისს გამოქვეყნდება უცხოური ენის გამოცდის შედეგები. შედეგების სანახავად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge. მაგთიკომისა და ჯეოსელის იმ აბონენტებს, რომლებიც არ იმყოფებიან კომპიუტერთან, შედეგის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით – ამისათვის მათ ბარათზე წითლად მითითებული კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.
ლიტერატურის პასუხები – აგვისტოს დასაწყისში, ფრანგულის, რუსულისა და გერმანული ენების შედეგები – ამ კვირაში, ხოლო გეოგრაფიისა და ქიმიის პასუხები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. უცხოური ენის შემდეგ კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შედეგი გამოქვეყნდება.
წელს მეორადი ჩარიცხვები აღარ იქნება. სამაგიეროდ, აბიტურიენტებს შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.
რაც შეეხება აპელაციას, თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს". ქულის დაკლების ან მომატების შემთხვევაში აპელაციისთვის გადახდილი თანხა (50 ლარი) უკან დაუბრუნდება.
რაც შეეხება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს, მათი გამოქვეყნება ამ კვირიდან დაიწყება. ხოლო სტუდენტთა საგრანტო გამოცდის შედეგები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი.