თბილისში, ავლაბარში, სომხური "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის ჭიშკართან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, განცხადება გაავრცელა, სადაც ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ.
თუმცა, "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის უკან მდებარე არარატის ქუჩის მცხოვრებლები "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ ჩხუბი მხოლოდდამხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა და ეკლესიის არც ერთი მოძღვარისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მოსახლეობა არც ჯვარის ჩამოგლეჯის ფაქტს ადასტურებს.
"ხედავთ, რა ვიწრო ქუჩაა. მოვიდა ქალბატონი მანქანით. მაგრამ, ვერ გავიდა და საყვედური თქვა. ეკლესიიდან გამოვიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს _ ჩვენი ტერიტორიაა და ვინ გეკითხებაო. მათი ტერიტორია ჭიშკარს იქით არის, ქუჩა ყველასია. ჩვენ აქ წლებია, ვცხოვრობ და ასეთი რამე არ გაგვიგია. საქმის გარჩევა დაუწყეს. მოგვიანებით მოვიდა იმ ქალბატონის მეუღლე და მისი მეგობარი. ისევ გამოვარდნენ ეკლესიიდან და ცემა დაუწყეს. მიდით, არ გაინტერესებთ, ნახეთ იმ ქალბატონის მეუღლე, რა დღეშია? როცა დავინახეთ, 30 კაცი 2 ადამიანს ურტყამდა, ყველანი მივეშველეთ. ვინც იქ ვიყავით, უმეტესობა სომხები ვართ, ზოგს კი დედა გვყავს სომეხი. აბა სად, ვინ და როდის აგინა ვინმეს?! რა შუაშია აქ ეთნიკური დაპირისპირება? იქ, ეკლესიაში, სხვა პრობლემაა აქვთ. ახლა ცდილობენ მანქანის გამო მომხდარი ჩხუბით თავიანთი პრობლემები გადაფარონ. დარწმუნებული ვართ, ეკლესიის არც ერთი მამაო არ იტყვის ტყუილს. აბა, კითხეთ, ვინმემ თითი დააკარა ან შეურაცხყოფა მიაყენა? ასეთი რამე არ ყოფილა. კარგად გაიკითხეთ რა ხდება იმ ეკლესიაში, ვინ არის ლევონ ისახანიანი, რაში ჭირდება ტყუილი და თავად მიხვდებით ყველაფერს."
პირებს რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ, შევპირდით, რომ მათ ვინაობას არ დავასახელებდით. "გურია ნიუსი" პირობას ასრულებს. თუმცა, ჩვენი რესპოდენტი, გიორგი ელიბეგოვი, რომელიც ორგანიზაცია "გლობალბრიჯის" ხელმძღვანელია, ამბობს, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის, იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათა შორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმღვანელი, ლევონ ისახანიანი ეკლესიის ჭიშკართან მომხდარი ჩხუბით, ფინანსური პოლიციის მიერ ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობით დაინტერესების გადაფარვას ცდილობს და ამით ხელისუფლებას ევაჭრება:
_ არსებობს ფონდი "კეთილი სამარიელი", სადაც მუშაობს კარენ ირეტიანი. რომელმაც სომხურ ეკლესიასთან მომხდარი ჩხუბის დროს იარაღიდან ისროლა. იგი "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიაში სამეურნეო საკითხებს კურირებს. ფონდს ფორმალური დამფუძნებლები ჰყავს. "კეთილი სამარიელის" საქმიანობას ეპარქიის იურისტი, ლევონ ისახანიანი და მეუფე ვაზგენ მირზახანიანი მართავენ. რამდენიმე თვის წინ, ფინანსური პოლიცია ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობით დაინტერესდა, რის გამოც კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ქალბატონი დააკავეს, ამის გამო კი სომხურ ეკლესიას სერიოზული პრობლემები შეექმნა.
დღემდე ცდილობს მეუფე ვაზგენ მირზახანიანი თავისი "არხით" ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმე არ გახმაურდეს და ფინანსურმა პოლიციამ საქმე დახუროს. თუმცა, ვერანაირი გზა ვერ იპოვა.
_ რას საქმინობს ფონდი "კეთილი სამორიელი"?
_ ეს ორგანიზაცია უპატრონო ბავშვებისთვის საზღვარგარეთიდან საჩუქრებს აგზავნის. თუმცა, იმის მაგივრად, რომ საჩუქრები ბავშვებისთვის დაერიგებინათ, გასაყიდად მისცეს სწორედ კახეთში დაკავებულ ქალბატონს. როგორც ჩემთვის ცნობილია, მან სამართალდამცავებს უკვე მისცა ჩვენებები და ახსენა "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის მსახურები _ მეუფე ვაზგენ მირზახანიანი და იურისტი ლევონ ისახანიანი. ეს საქმე ისახანიანის წინააღმდეგ არის, მან ეს კარგად იცის. სწორედ ამიტომ, მისი მიზანია გამოიწვიოს ეთნიკური კონფლიქტი და ხელისუფლებასთან დაიწყოს ვაჭრობა.
ამ საქმეში ასევე ჩართულნი არიან პარლამეტის ყოფილი წევრი ვან ბაიბურთი და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი. სხვათა შორის კადრებში, რომელიც "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიამ გაავრცელა, რამდენიმე ქალი ჩანს. ისინი ისანი-სამგორის რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, რომლებსაც მიღებული აქვთ დავალება, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიტანონ.
დაწყებულია თუ არა ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობის შესწავლა, დაკავებულია თუ არა კახეთში ქალბატონი, რომელიც ამ ფონდთან თანამშრომლობდა, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ფინანსურ პოლიციას დაუკავშირდა:
"გიდასტურებთ, რომ ფონდი "კეთილი სამარიელის" საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხა, კახეთში და სხვაგანაც. ეს ორგანიზაცია არის რელიგიური დაჯგუფებათა გაერთიანება. ალბათ, ძალიან მალე დასრულდება ფონდის საბუთების რევიზია. დამერწმუნეთ, ყველა პირი დაიკითხება, ვისთან კითხვა გააჩნია გამოძიებას. ამის შემდეგ შემიძლია გითხრათ, ვის მივცემთ პასუხისგებაში," _ გვითხრეს ფინანსურ პოლიციაში.
როგორც "გურია ნიუსს" წყარომ უთხრა, ფონდი "კეთილი სამარიელი" იმის მაგივრად, რომ უპატრონო ბავშვებისთვის გადაეცა საჩუქრები, გაჰქონდა პროდუქცია და ყიდდა: _ ჰუმანიტარულ საქმიანობას ამოფარებულები ფონდის საქმიანობას არამიზნობრივად იყენებდნენ, _ გვითხრა წყარომ.
რა კავშირი აქვს ფონდი "კეთილი სამარიელის" სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიასთან, ამასთან დაკავშირებით ლევონ ისახანიანი აცხადებს:
_ ასეთი ფონდი ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ფონდი "კეთილი სამარიელი" რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციას ეხმარება.
_ ფონდ "კეთილი სამარიელის" საქმიანობასთან დაკავშირებით, მეუფე ვაზგენ მირზახანიანი და თქვენ დაგკითხათ თუ არა ფინანსურმა პოლიციამ?
_ არა, ჩვენ არ დავკითხულვართ. რჩევას მოგცემთ _ იპოვეთ საჯარო რეესტრში ვინ არის ამ ფონდში, ვის დაქვემდებარებაშია და ა.შ.
_ ამ ფონდთან ასევე დაკავშირებულია კარენ ირეტიანის სახელი.
_ მე უკვე გითხარით, ნახეთ ეს ფონდი ვის ექვემდებარება.
"გური ნიუსი" ეცადა კარენ ირეტიანთან დაკავშირებას. მაგრამ, მას ორივე ტელეფონი გამორთული აქვს. ჩვენი ინფორმაციით, "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიის ჭიშკართან მომხდარი ჩხუბის შემდეგ ირეტიანი ქვეყნიდან წავიდა.