ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, საფინანსო სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ჩანტლაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 35 წელი მუშაობდა, შიდა აუდიტის სამსახურს უხელმძღვანელებს.
შიდა აუდიტის სამსახური რამდენიმე თვეა, შეიქმნა, თუმცა, ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
დებულების თანახმად, შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, მართვის პროცედურების წარმოების, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ასე გამოიყურება: გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა; გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტორული შემოწმება; მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მათი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა; გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება; გამგეობის სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; სხვა საქმიანობები, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
შიდა აუდიტის სამსახური გამგეობებში პრემიერ-მინისტრის მითითებით შეიქმნა და როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ეს სამსახური მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ახალი სამსახურის ახალი უფროსი, ზურაბ ჩანტლაძე ამბობს, რომ ახალი გამოწვევისთვის მზად არის:
_ ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ განდოთ ახალმა ხელისუფლებამ ფინანსები და რატომ ჩაგაბარათ აუდიტის სამსახური?
_ გადავიღალე.
_ თუ გადაიღალეთ, როგორც შეძლებთ უხელმძღვანელოთ სამსახურს, რომელსაც ძალიან დიდი ფუნქციები და, შესაბამისად, ბევრი სამუშაო აქვს?
_ ეს არის ჩემი სფერო და უცხო არაფერია. იგივე ფინანსურ კონტროლზეა საუბარი.
_ არ გაგიჭირდებათ ფინანსები უკონტროლოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდით?
_ სამსახურებს რა დარღვევები უნდა ჰქონდეთ? მათ ფინანსები არ აქვთ. რაც შეეხება ა(ა)იპ-ებს, ისინი უნდა ვაკონტროლოთ.
_ ა(ა)იპ-ები საკმაოდ მძიმე თემაა. მათ შემოწმებას დიდი ხანია, გთხოვდნენ…
_ ჩოხატაური პატარაა და ყველა ყველას კოლეგაა. სულ ახალიც რომ მოვიდეს, ისიც ჩემი კოლეგა იქნება, მაგრამ პრინციპი ერთია _ საქმე ყველამ უნდა აკეთოს და გაკეთებულ საქმეზე თუ რაიმე არასწორად იქნება, პასუხს აგებს. ეს ისეთი სამსახურია, რომელიც გააკონტროლებს ყველაფერს, რასაც ჩვენს ბიუჯეტთან შეხება აქვს.
_ მზად ხართ კონტროლისთვის?
_ არა მარტო მე, თანამშრომლებიც მეყოლება.
_ როგორც ვიცით, ორი თანამშრომელი გეყოლებათ. უკვე შეარჩიეთ კადრები?
_ ჯერჯერობით, ორი თანამშრომელი იქნება, მერე ვნახოთ. რაც შეეხება კადრებს, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, _ ამბობს ჩანტლაძე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლისა და გარე აუდიტის განვითარებას ავალდებულებს.
უფრო კონკრეტულად კი საქართველომ, სახელმწიფო უწყებებში უნდა უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება დეცენტრალიზირებული მართვის პასუხისმგებლობის პირობებში, რაც მოიცავს ფუნქციურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტს, საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და მეთოდოლოგიებთან და ევროკავშირის მოწინავე პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის გზით; უზრუნველყოს აუდიტის სასამართლოს გარე აუდიტის ფუნქციის შემდგომი განვითარება საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (INTOSAI); უზრუნველყოს ეფექტიანი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანოებთან, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის ჩათვლით, ევროკავშირის ფონდების მართვასა და კონტროლთან დაკავშირებულ, ადგილზე შემოწმებისა და ინსპექტირების შემთხვევაში, შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით.