ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ზუგდიდის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნინო მიქენაიამ განაცხადა, რომ თვითმმართველო თემის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეები, პრემიებს იმ ფორმით ვეღარ მიიღებენ, რა ფორმითაც დღემდე ღებულობდნენ.
არსებული მონაცემებით, საჯარო მოხელეები დღემდე ხელფასის ოდენობის პრემიას წელიწადში 5-6ჯერ იღებდნენ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სანამ საკრებულო პრემიების გაცემის წესს არ დაამტკიცებს, პრემიების გაცემა არ მოხდება. რაც შეეხება პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის ვადას, უნდა დამტკიცდეს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე.
წესის დამტკიცებას არ ელოდება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი კახა მიქაია. ის უარს ამბობს საწვავისა და სატელეფონო საუბრისათვის გამოყოფილ ლიმიტზე და ამ თანხის, ზუგდიდში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, გოგოლა მაქაცარიასთვის ჩარიცხვას ითხოვს.
ცნობისთვის, კახა მიქაიას, როგორც ზუგდიდის თვითმმართველი თემის საკრებულოს წევრს, ყოველთვიურად 20 ლიტრი საწვავი და 10 ლარის სასაუბრო ლიმიტი უნდა გადაეცეს.