მოსახლეობა შეშის დასამზადებლად ბილეთების დროულად გამოყოფას ითხოვს. როგორც ბორჯომის მაცხოვრებლები აცხადებენ, ისეთ დროს აძლევენ ბილეთებს, როცა ტყეში შესვლა უკვე პრობლემას წარმოადგენს.
"თოვლი გვისწრებს და ვეღარ გამოგვაქვს შეშა. რატომ არ შეიძლება, რომ ახლა მოგვცენ ბილეთები? ", _ ამბობენ ბორჯომელები. იგივე სიტუაციაა სვანეთშიც. მათი სატყეო სამსახური ზუგდიდშია და შეშის პრობლემისთვის მოსახლეობას იქ უწევს ჩასვლა.
რაც შეეხება კახეთს, როგორც რეგიონის სატყეო სამმართველოს უფროსი ნოდარ პატაშური ამბობს, მსგავსი პრობლემა ჯერ-ჯერობით მათთან არ დგას. მისი თქმით, ახლა კახეთში გლეხს არ სცალია, ბაღჩას და ბოსტანს უვლის. ხოლო შეშის აქტიური მომარაგება სექტემბრიდან დაიწყება.
"დღეის მდგომარეობით, შეშის პრობლემა არ არსებობს. 95 ათასზე კუბზე უკვე გამოყოფილი გვაქვს მეორე ხარისხის შეშა და ასათვისებლად მზად არის. ერთ ოჯახზე 7 კუბია გამოყოფილი. შეუძლიათ მივიდნენ და დაამზადონ შეშა. ბილეთი რომ გამოიწერება, ბანკში გადაიხდის გადასახადს, შემდეგ შეშის მოსაჭრელად ტყეკაფში წავა მეტყევესთან. დაამზადებს შეშას და გამოიტანს ტყიდან.
მეორე ხარისხის კატეგორია ძალიან იაფია. 3 ლარი, 6 ლარი ღირს კუბი. ეს ის კატეგორიაა, სამასალედ რომ არ გამოდგება. თუ მეორე ხარისხის კატეგორია ღირს 6 ლარი, პირველი კატეგორია 66 – 64 ლარი. ათმაგი სხვაობაა მათ შორის. იმას არ იყიდის მოსახლეობა. პირველ კატეგორიაზე პირველი სექტემბრიდან დაიწყება ბილეთების გაცემა. ბილეთები ერთი თვის ვადაში უნდა გამოიყენონ", _ გვიხსნის ნოდარ პატაშური.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, ბიძინა გიორგობიანიც ადასტურებს, რომ მოსახლეობას ამ ეტაპისთვის უკვე შეუძლია ბილეთების შეძენა.
"ტყეკაფები არის ღია. მოსახლეობას ახლაც შეუძლია იყიდოს "ლიბერთი ბანკში" ბილეთები და ისარგებლოს მერქნული რესურსით. მუნიციპალიტეტებმა და გამგებლებმა გადმოგვცეს სია, ვის რამდენი კუბური მეტრი უნდა გამოვუყოთ და ამ სიებით ვმოქმედებთ.
შეხვედრები უკვე მიმდინარეობს მოსახლეობასთან, თუ როგორ უნდა ისარგებლონ გამოყოფილი ტყეკაფებით. ვაპირებთ გზების შეყვანას, მოსახლეობას რომ შეეძლოს შესვლა და ტყიდან შეშის გამოტანა. სამხარეულის დასკვნაც გავაკეთეთ გზების პროექტებზე 9 რეგიონში", _ ამბობს გიორგობიანი.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 30 ივლისს დაიწყო რეგიონული სემინარები – ეროვნული სატყეო პოლიტიკა – პრობლემატიკა, პრინციპები, მიმდინარე პროცესები და გეგმები, რომლის ფარგლებში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხების განხილვა იგეგმება, როგორც 2014–2015 წლების ზამთრის სეზონისთვის, ასევე გრძელვადიან ჭრილში.
CENN -ის ინფორმაციით, რეგიონების ინფორმირების პროგრამის მიზანი, რეგიონების წარმომადგენლებისთვის ეროვნულ სატყეო კონცეფციის წარდგენაა. შეხვედრების ჩატარება დაგეგმილია ამბროლაურში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, ახალციხეში, დუშეთსა და ბოლნისში. მსგავსი ტიპის შეხვედრები 7 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტი ავთანდილ გელაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს ტყეებში ხეების საკმარისი რაოდენობა აღარ არის:
"მოსახლეობისთვის ტყე გახდა მთავარი საშუალება სათბობით მომარაგებისთვის. არსებული რესურსი სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არ არის. ბოლო ორი წელია, თითქოს დაიწყეს მოსახლეობის ინტენსიური გაზიფიცირება, მაგრამ რატომღაც ისევ გაჩერდა ეს პროცესი. სამინისტრო იძულებულია, მოსახლეობის მოთხოვნილებისამებს, გამოჰყოს ტყეკაფები. გამოსავალი არ აქვს ხელისუფლებას და გაიზრდება ზეწოლა ტყეზე. სახელმწიფო ტყეს ვერ მართავს, ფაქტობრივად. ხეები იჭრება უმოწყალოდ", _ აცხადებს ავთანდილ გელაძე.
რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირებას, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პროცესი გრძელდება.
"გაზიფიცირების პროცესს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ახორციელებს, რომელიც ოჯახებს ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობს, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. გაზიფიცირების თანხა ჯამურად – 600 ლარს, ხოლო თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს", _ აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე გაზიფიცირდა 117 ათას 279 აბონენტი. ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კი დაიხარჯა 65 მილიონი ლარი.