ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ 2 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო.
"გამომდინარე იქიდან, რომ ოზურგეთმა მოიპოვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ჩემი, როგორც მერის და თითოეული თანამშრომლის საზრუნავი ქალაქის განვითარება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება, ინვესტიციების მოზიდვა, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცხოვრების აღორძინებაა. ყველაზე მთავარი მიზანი კი, სოციალური პრობლემების გადაჭრა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
ჩვენი საქმიანობა იქნება ღია და გამჭვირვალე მედიისა და მოსახლეობისათვის. თქვენ გექნებათ ინფორმაცია ჩვენ მიერ დაგეგმილ ნებისმიერი ღონისძიების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანი ურთიერთობა სასიამოვნოდ წარიმართება", _ თქვა შეხვედრაზე ბეგლარ სიორიძემ.
ბეგლარ სიორიძეს რამდენიმე დღეში, ჟურნალისტებთან ერთად, ქალაქის შემოვლა აქვს დაგეგმილი:
_ როგორც მოხერხდება, შემდეგ კვირაში, თქვენთან ერთად გავიაროთ ქალაქ ოზურგეთში და ვნახოთ, რა ხდება ჩვენს ქალაქში. ჩემი დიდი თხოვნაა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, თქვენი თვალით დანახული ყველა პრობლემა, სანამ პრესაში დაწერთ, მანამდე იქნებ მოგვაწოდოთ და ერთად დავსახოთ მისი გამოსწორების გზები ან დაწერის შემდეგ ვიმსჯელებთ პრობლემის გადაჭრის შესახებ.
ახალარჩეულმა მერმა ამ დროისთვის უკვე დანიშნული კადრების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვიცე-მერის ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი; მერის მოადგილე ალეკო ბურჭულაძე იქნება, თანაშემწე -კახა ღლონტი; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი _ მარიკა ნაცვალაძე; ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი _ მერაბ წივწივაძე; არქიტექტურის, ურბანული განვითარების, მშენებლობის სამსახურის უფროსი _ მამუკა მახარაძე; ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი _ ბესო მელუა; განათლების, კულტურის და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი _ მარინა ჯაფარიძე; შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი _ კობა ხაბალაშვილი; სამხედრო აღრიცხვა და გაწვევის სამსახურის უფროსი _ ბადრი მიმინოშვილი; სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი _ ვარდენ რუსიეშვილი.
_ ბატონო ბეგლარ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება საჯარო მოხელეების კაბინეტებში შესვლა, რადგან გუბერნია, ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკრებულოები, გამგეობები ერთ შენობაში ვერ ეტევიან.
_ გარკვეული პრობლემები არის _ საკმარისი არ არის ოთახების რაოდენობა, მაგრამ იმედია, დაჩქარებულად მოხდება ახალი ადგილსამყოფელის გარემონტება.
_ სავარაუდოდ თუა ცნობილი, სად მოგიწევთ გადასვლა?
_ სავარაუდოდ, ყოფილ სასტუმრო "გურიას" შენობაში განთავსდება მერია თავის სამსახურებთან და ა(ა)იპ-ებთან ერთად. სავარაუდოდ, 20 ა(ა)იპ-იდან დარჩება 15.
ბეგლარ სიორიძემ, პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტებს მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ანა მდინარაძე გააცნო.