ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადასტურებს.
"ხანძარი 2 ადგილას, თელისა და ორმოცის ხეობაში იყო გაჩენილი. ხანძარს ებრძოდა ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური და შსს.
დაახლოებით 20 ჰექტარს მოეკიდა ხანძარი. ეს არ არის სრულად განადგურება. იქ ტყის დიდ ნაწილს შერჩა თვითაღდგენის უნარი. ვერტმფრენის საჭიროება ნამდვილად არ იყო. ამ 20 ჰექტრიდან ნაწილი ბუჩქოვანია დამწვარი, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები და არა ძველი მრავალსაუკუნოვანი ნარგავები. შიგა და შიგ კერები გაღვივდებოდა და ჩაქრებოდა.
ბოლო 3 დღეა, ხანძარი ლიკვიდირებულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მუშაობს ხანძრის გაჩენის ადგილას, აკეთებს შესწავლას, თუ რა ზიანი მიადგა გარემოს. საბოლოო ზარალი 2 კვირაში დაითვლება", _ აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
ხანძრის გაჩენისას, ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩიოდა. გორის მკვიდრი თამარ მურადაშვილი 8 აგვისტოს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე წერდა:
"ხალხნოო, ატენიდან 3 საათის სავალ გზაზე, უკვე 1 კვირაზე მეტია იწვის ტყე! განადგურდა მთელი ისტორია! 30 ჰექტარზე მეტი დაიწვა! დაიწვა საუკუნის ნაძვები და ნადგურდება ყველაფერი! ყველაფერი!
1 კვირაზე მეტია გორის, ხაშურის, და კასპის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს ჩაქრობას ყველანაირი უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე (მათ შორისაა ჩემი მამაც), ყველანაირი საკვებისა და დასალევი წყლის გარეშე, ძილის და მოსვენების გარეშე! მოვითხოვ ვერტმფრენს, რომელსაც ჟმოტავს ეს მთავრობა, იმის გამო, რომ 800 ლარის სალიარკას წვავს ერთ გზაზე და ამის საშუალება მათ არ აქვთ თურმე! მოვითხოვ, გადავარჩინოთ ყველამ ჩვენი ისტორია! გადავარჩინოთ საუკუნის ხე-ტყე! გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე, ვინც ამ ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს კვირაზე მეტი ყველანაირი უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე!"
ჩვენ თამარ მურადაშვლს დღესაც დავუკავშირდით და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ:
"ახლა ხანძარი ჩამქრალია. მაინც ადიან, რომ კერა არ გაღვივდეს და ისევ ამოწმებენ. ვერტმფრენის საჭიროება ზოგადად რომ იყო, იმიტომ გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში ხანძარი. მეხანძრეებს უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე უწევდათ მუშაობა. ვერტმფრენი რომ გაეშვათ, მაქსიმუმ 2-3 დღე შეიძლება გაგრძელებულიყო ხანძარი და ასეც აღარ გაღვივდებოდა.
ფაქტობრივად, ვერ მიუდგნენ, რომ ჩაექროთ. მიუვალი ტყეები იყო სამაშველო მანქანებისთვის. მარტო წიწვოვანი დაბალი ხე-ტყე რომ ყოფილიყო, ადვილად ჩაქრებოდა.
არანაირი აღდგენის უნარი არ შერჩა ტყეს. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მსმენია, რომ ეს არ იყო ბუნებრივად გაჩენილი ხანძარი. იქ ვინმე სპეციალურად თუ არ ავიდა და ცეცხლი არ წაუკიდა, საპიკნიკოდ ასული ამას არ გააკეთებდა. აქვე გვაქვს ატენის ხეობა და საპიკნიკოდ იქ ავდივართ", _ გვითხრა თამარ მურადაშვილმა.
ატენის ხეობის მკვიდრმა ნატო ხუციშვილმა კი "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ თელში ხანძარი თავად ატენელებმა ჩააქრეს.
"დაახლოებით, ჰექტარ-ნახევარზე ეკიდა თელში ხეებზე ცეცხლი. სოფელ ბოშურისკენ კი 40 ჰექტარი ძვირფასი ხე-ტყეა დამწვარი და ჯარმა ჩააქრო. როგორც მითხრეს, 260 მარტო ჯარისკაცი იყო. თელში არავინ არ გაჰკარებია, დაფეხვილ ვერტმფრენს გადაუვლია მარტო და წასულა, მოსახლეობის ძალისხმევით შეწყდა იქ ხანძარი", _ ამბობს ნატო ხუციშვილი.
ხუციშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ატენის ხეობაში მხოლოდ ბუჩქები და ახალგაზრდა წიწვოვანი ტყე განადგურდა. იგი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:
"როგორც ამბობენ, უნიკალური ჯიშის ხე-ტყე გაიჩეხა ატენის ხეობაში და გაჩეხის კვალი რომ დაერაფათ, წაუკიდეს ცეცხლი. აბა, თვითონ რატომ უნდა წაჰკიდებოდა? არ იყო იმის პირობები, რომ ცეცხლი წაჰკიდებოდა. იქ არის ღრმა ხეობა. სპეციალურად თუ არავინ ავიდა, ისე იქ ვერავინ მოხვდება. ვინ გითხრათ, რომ ბუჩქოვანი ხეებია დამწვარი? ასე არ არის, უნიკალური ჯიშის ხე-ტყე განადგურდა. რა ბუჩქოვანი, რის კენკროვანი! 5 დღე იწვოდა, მერე მე დავრეკე სახანძროში, გამგეობაში, ავტეხე ერთი ამბავი.
იცით, ატენის ხეობაში რა ხე-ტყე იყო? გაჩეხეს და ეს ტრიალი ველი გადაფარეს ხანძრით. აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა ჩამოაგდეს ბომბი. ბომბი კი არ ჩამოაგდეს, თვითონ წაუკიდეს ცეცხლი. ძვირფასი ხე-ტყის ადგილას ტრიალი მინდორი დარჩა და იმის დამალვა უნდოდათ", _ ამბობს ხუციშვილი.