განათლების სფეროში ცვლილებებია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით მასწავლებელთა სერთიფიცირების გამოცდები უქმდება. საჯარო სკოლის დირექტორებს ახალი წესებით ირჩევენ. მასწავლებელთა სახლი ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია.
აღნიშნული ცვლილებების შეფასება "გურია ნიუსმა" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს, განათლების სპეციალისტს თამარ მოსიაშვილს სთხოვა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
_ ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებდით განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?
_ამ ცხელ ზაფხულში იმდენი ცვლილება მოხდა, არც კი ვიცი, რომელი გამოვყო. კარგია, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მაგრამ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სკოლას სჭირდება კვალიფიციური მასწავლებელი და კვალიფიკაციურობის ერთ-ერთი სანდო მახასაიათებელს სერთიფიცირება წარმოადგენს.
კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედ მასწავლებელს უფლება აქვს, მოიპოვოს სერთიფიკატი. შესაბამისად, ამ თარიღის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ თარიღი შენარჩუნდება, ის 2 000- ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც მოიპოვეს სერთიფიკატი, შეძლებენ სკოლაში დასაქმებას. ისინი, ამჟამად, სისტემის გარეთ იმყოფებიან. კანონმდებლობის თანახმად, თუ ყველა მასწავლებელი ვერ მოიპოვებს სერთიფიკატს, მოქმედი მასწავლებლები მაინც აგრძელებენ მუშაობას, სკოლები პარალელურად აცხადებენ ვაკანსიას სერთიფიცირებულ მასწავლებლებზე. ანუ ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს: სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლების გაზრდა, ანუ იმ ადამიანების, რომლებმაც სახელმწიფოს დაუმტკიცეს საკუთარი კვალიფიკაცია და შემდეგ დღის წესრიგში დგება ეფექტურის სქემა, რომელმაც სკოლაში უნდა შეაფასოს მასწავლებლის საქმიანობა.
_ ანუ თქვენ სერთიფიცირება მასწავლებლის შეფასების მრავალკომპონენტიან სქემაში აუცილებელ კომპონენტად მიგაჩნიათ?
_ სერთიფიცირება მე აუცილებლად მიმაჩნია, როგორც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რგოლი. მასწავლებლის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, იყოს სერთიფიცირებული. სკოლაში მუშაობის დროს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტურ სქემას. ეს ორივე ავსებს ერთმანეთს.
_ თუმცა განათლების მინისტრის ახალი გადაწყვეტილებით, სერტიფიცირება უქმდება…
_ მინისტრს ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არავითარი ბრძანება არ გამოუცია. სერთიფიცირება რომ გაუქმდეს, კანონში ცვლილებაა საჭირო. ამის უფლებამოსილება კი პარლამენტს აქვს. სავარაუდოდ, ეს საშემოდგომო სესიაზე მოხდება. ჩვენ ამასობაში გადაწყვეტილებების მიმღებებს უნდა შევახსენოთ, გვჭირდება თუ არა კვალიფიციური კადრები სკოლებში. კვალიფიციურ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოს სკოლაში მუშაობა. ვინც აიღო სერთიფიკატი, მათთვის სკოლის კარი უნდა იყოს ღია, თუ გვინდა სისტემის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის პარლამენტი ვერ მოასწრებს ცვლილებებს. შესაბამისად, არც სერთიფიცირების დანამატს უნდა დაემუქროს საფრთხე.
_ მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდების გაუქმება ხომ არ გულისხმობს იმას, რომ დირექტორების სერტიფიცირების გამოცდებიც შესაძლოა გაუქმდეს?
_ ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. დირექტორობა, მასწავლებლობისგან განსხვავებით, პროფესია არ არის, თანამდებობაა.
_ თქვენი აზრით, რამდენად სწორად მიმდინარეობდა დირექტორების სერთიფიცირების გამოცდები?
_ ცნობილია, რომ გაუგებრობები იყო გაზაფხულზე, როდესაც დირექტორობის მსურველების ნაწილმა „ვერ გადალახა“ გასაუბრების ეტაპი და ვერ მოიპოვეს სერთიფიკატი. მაგრამ ახლა გამოქვეყნდა გასაუბრების შედეგები. მე გადავხედე ამ სიას და ჩემთვის ნაცნობი ადამიანებიც აღმოჩნდნენ იქ.
თუმცა ისინი გაზაფხულის სიაში არ იყვნენ. ეს მიმაჩნია მე წარმატებად. მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ზამთრის გასაუბრების პროცესში ჩაიჭრნენ და გაზაფხულის სიებში ვერ მოხვდნენ, კიდევ ხელმეორედ ჩაებნენ ამ პროცესში და ახლა უკვე ჩააბარეს გამოცდები. მე ამას ვეძახი ბრძოლას თუნდაც დეცენტრალიზაციისთვის და დემოკრატიზაციისთვის. ამ ადამიანებმა არ ჩაიქნიეს ხელი და გააგრძელეს იმ გზით სიარული, რომელიც აირჩიეს.
_ მასწავლებელთა სახლის დირექტორი გია მამულაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი?
_ სამინისტროს შიდა აუდიტმა დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამულაშვილს ბრალი ედება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. როგორც ბატონმა გიამ განაცხადა, ის სასამართლოში აპირებს ბრძოლას, რასაც მე მივესალმები. რადგან სერიოზული ბრალდებაა. ძალიან რთულია ადამიანი გაუშვა სამსახურიდან და მან ამ ბრალდებით იცხოვროს. სასამართლოში ამ საქმის განხილვა არის ძალიან კარგი და ლოგიკური გადაწყვეტილება.