საქართველოში აკრედიტირებული საპატიო კონსულები მაია ფანჯიკიძის უწყებას მათი უფლებების უხეშად ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.
როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი 14 აგვისტოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კონსულებმა წერილით მიმართეს და საკითხის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ითხოვენ. მიმართვას ხელს 22 საპატიო კონსულიდან 17 აწერს. მათ შორის: კანადის, ბელგიის, ფილიპინების, ინდონეზიის, ესპანეთის, სლოვაკეთის, დანიის, ავსტრიის, მექსიკის, ნორვეგიის, ფინეთის, ირლანდიის, სლოვენიის, სან მარინოსი და პორტუგალიის. როგორც განგვიმარტეს, 5 კონსულს ხელი იმ მიზეზით არ აქვს მოწერილი, რომ საქართველოში არ იმყოფებიან.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ქვეყნის საპატიო კონსული აცხადებს:
"2014 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც მოულოდნელად წარმოგვიდგინეს "პროტოკოლის სახელმძღვანელოს პროექტი (სწორედ ასე ეწერა- "First Draft") რა დროსაც შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მოხდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა, თუმცა მომდევნო დღეს, იმავე უწყებიდან მივიღეთ ვერბალური ნოტა №01/34/39/8, სადაც გვატყობინებენ, რომ უკვე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საპატიო კონსულებისათვის დაწესებული შეზღუდვები.
ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ცალსახად გააუარესებს ამ კორპუსის
სამუშაო პირობებს და ბუნებრივია ეს ზოგადად ნეგატიურად იმოქმედებს იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები."
საპატიო კონსულები შეშფოთებას გამოთქვამენ ვენის კონვენციის დარღვევის გამო და აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით საგარეო საქმეთა სამინისტრო კონვენციის იმ დებულებებს უგულებელყოფს, რომლის ხელმომწერია საქართველო 1994 წლიდან.
"გურია ნიუსმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 18 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "დიპლომატიური "წნეხი" საპატიო კონსულებისთვის?! _ 17 კონსულის მიმართვა ღარიბაშვილს"
ამავე დღეს კითხვებით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთა პასუხს უცვლელად გთავაზობთ.
_ საპატიო კონსულების განცხადებით, პირველი სექტემბრიდან მათ გარკვეული სახის შეზღუდვები უფინანსდებათ. რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი?
_ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელოზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. მასში გაწერილია ყველა ის კომპონენტი, რაც საქართველოში დიპლომატის ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ ქართული დიპლომატიური პროტოკოლის ისტორიაში, მსგავსი სახის ერთიანი დოკუმენტი, სადაც თავს მოიყრიდა დიპლომატიური/ საკონსულო სტატუსის მქონე პირის საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები, ამ დრომდე არ არსებობდა. მაშინ როცა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი სახის ნორმები და რეგულაციები. შესაბამისად მოცემული სახელმძღვანელოს შემუშავება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული დიპლომატიური პროტოკოლის საქმიანობაში.
დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევში მოცემულია საქართველოში დიპლომატიური თუ საკონსულო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებული რეგულაციები და ნორმები – მაგალითად როგორიცაა, ელჩის მიერ აგრემანის მიღების პროცედურა, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია, აკრედიტაციის წესები, დიპლომატისთვის არსებული შეღავათები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მისით სარგებლობა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, აეროპორტში ცალკეული მომსახურებით სარგებლობის საკითხები, დიპლომატიური მისიების და დიპლომატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ოფიციალური მაღალი დონის ვიზიტებთან დაკავშირებული წესები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ პირველად ქართული დიპლომატიის ისტორიაში ჩვენ მოვახდინეთ ამ რეგულაციების სისტემატიზირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში მოღვაწე უცხოელმა დიპლომატმა იცოდეს ამ ქვეყანაში საკუთარი უფლებები და ის ნორმები, რომლითაც ჩვენი სახელმწიფო ხელმძღვანელობს დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის დროს.
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოწესრიგდა აქამდე არსებული მიდგომები, გათვალისწინებული იქნა ვენის კონვენციის ნორმები და საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემის პრინციპები. სახელმძღვანელოს მუშაობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულტაციას აწარმოებდა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან, იქნება ეს ფინანსთა სამინისტრო, თუ სამართალდამცავი სტრუქტურები.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არანაირად არ ზღუდავს დიპლომატიური თუ საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში, აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ, მთელ რიგი ტექნიკური ხასიათის საკითხებს.
რაც შეეხება კონკრეტულად საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირებს, დოკუმენტში სრულად არის გათვალსიწინებული მათ მიმართ ვენის კონვენციით გაწერილი სხვადასხვა სახის შეღავათები. მოგახსენებთ, რომ საპატიო კონსულების საქმიანობას განსაზღვრავს 1963 წლის ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ მესამე თავი, სწორედ აქ არის გაწერილი მათი სტატუსი და პრივილეგიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ დიპლომატებს და კონსულებს, რაზეც ხაზგასმით მიუთითებს ვენის კონვენცია (თავი პირველი, დეფინიციები, პარაგრაფი მეორე), სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ კონსულებს ვენის კონვენცია არ ითვალისწინებს იმ პრივილეგიებს, რაც იმავე კონვენციით მინიჭებული აქვს კარიერულ კონსულსა და დიპლომატს.
კერძოდ, სწორედ საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მესამე თავში არის აღწერილი საპატიო კონსულის საქმიანობა და ასევე გაწერილია ის კონკრეტული შეღავათები რითიც სარგებლობის უფლება აქვს საპატიო კონსულს. დოკუმენტში ცალსახად არის მოცემული, რომ კონვენციით გათვალსწინებული შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობა საპატიო კონსულს შეუძლია, მხოლოდ მისი, როგორც საპატიო კონულის საქმიანობის დროს. მათ შორის საუბარია იმუნიტეტზე სადაც აღნიშნულია, რომ პირი სარგებლობის იმუნიტეტით მხოლოდ საპატიო კონსულის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
კონვენცია ასევე არეგულირებს საპატიო კონსულისთვის საგადასახადო შეღავათებს. კონვენციის მესამე თავში, პარაგრაფი 62 კონკრეტულად არსის გაწერილი ის შემთხვევები, როცა საპატიო კონსულს უფლება აქვს ისარგებლოს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და ეს პრინციპი და უფლებები ასევე დაცულია ჩვენს დოკუმენტში.
რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სპეციფიურ სანომრე ნიშნით სარგებლობას, საერთაშორისო ნორმებით არ არის გათვალისწინებული მათთვის განსაკუთრებული სანომრე ნიშნები, თუმცა საპატიო კონსულების საქმიანობისადმი ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მათ შევთავაზეთ საქარე მინაზე სპეციალიზირებული "სტიკერი", რომლითაც მოხდება მათი იდენტიფიცირება. რაც შეეხება ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, მიგვაჩნია, რომ საგზაო მოძრაობის წესებზე დამორჩილება ყველასათვის სავალდებულოა მიუხედავად მისი სტატუსისა, რადგან ავტოსაგზაო მოძრაობა დაკავშირებულია ადამიანების უსაფრთხოებასა და დაცულობასთან. ჩვენ შევისწავლეთ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, ავტოსაგზაო მოძრაობის წესებისადმი დამორჩილება ყველა ქვეყანაში არის სავალდებულო.
აეროპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათები ასევე მოვაქციეთ საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ საპატიო კონსულების ეფეტურ საქმიანობას, დავამკვიდრეთ წესი, რომლის თანახმადაც საპატიო კონსულის წერილის საფუძველზე გაიცემა ერთჯერადი საშვები, რითაც ისინი შეძლებენ ისარგებლონ აეროპორტის ცალკეული მომსახურებით, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი სპეციალური სადგომით და ასევე აეროპორტის რეჟიმულ ზონებში გადაადგილების უფლებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ვენის კონვენცია ცალსახად მიუთითებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას (ვენის კონვენცია თავი მეორე, პარაგრაფი 55-ე). აღნიშნულ სახელმძღვანელოზე მუშაობისას ჩვენ ასევე შევისწავლეთ ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და დავეყრდენით სწორედ იქ არსებულ მოდელებს.
_ რატომ გახდა საჭირო რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება?
_ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეზღუდვების დაწესება არ მომხდარა. ყველა ნორმა, რომელიც მოცემულია დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევში ეფუძნება საერთაშორისო კანონმდებლობას და ვენის კონვენციის პრინციპებს დიპლომატიური საქმიანობისა და საკონსულო საქმიანობის შესახებ. მოხდა ამ ყველაფრის სისტემატიზირება, მოწესრიგება და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
_ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, 7 აგვისტოს გამართულ შეხვედრას მხოლოდ ორი საპატიო კონსული ესწრებოდა, სან მარინოსა და ბელგიის, რადგან დანარჩენების ინფორმირება გვიან მოხდა, ნაწილი კი ქვეყნიდან იყო გასული. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ საერთო ჩართულობის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება?
_ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მანამ ვიდრე მოხდებოდა აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია, ცვლილებების თაობაზე წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე წერილობით აცნობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მათ შორის საპატიო კონსულებს. მ.წ. 7 აგვისტოს გზამკვლევის პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოხდა აღნიშნული დოკუმენტის განხილვა, სტუმრებმა პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და გაიზიარეს ჩვენი შეხედულებები, რის შემდეგაც მოხდა სახელმძღვანელოს გამოქვეყნება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
_ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა ვენის კონვენციას, რომლის თანახმად, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხორციელდება რათა საკონსულო დაწესებულებებმა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი ფუნქციები თავიანთი სახელმწიფოების სახელით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და მისი წესდების პრინციპებთან. მიღებული შეზღუდვებით, ხდება თუ არა აღნიშნული კონვენციის დარღვევა? რითი უნდა განსხვავდებოდეს საპატიო კონსული ჩვეულებრივი მოქალაქისგან, როცა ის ითვლება დიპლომატიური კორპუსის წევრად?
_ საპატიო კონსულის ინსტიტუტს განსაზღვრავს ვენის კონვენცია საკონსულო საქმიანობის თაობაზე. ყველა ის პრინციპი, შეღავათი თუ პრივილეგია, რაც არის გათვალისწინებული მათთვის ვენის კონვენციით, შენარჩუნებულია. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობისას ჩვენ ამოვედით სწორედ ვენის კონვენციის ნორმებიდან და მასთან შესაბამისობაში მოვიყვანეთ ყველა ის შეღავათი თუ პრივილეგია, რომელიც აქამდე არსებობდა საპატიო კონსულებისთვის.
_ გააუქმა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატიო კონსულებს ე. წ აიდი ბარათები, რომლითაც ისინი გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ?
_ საპატიო კონსულების ე.წ. აიდი ბარათები არ გაუქმებულა. ჩვენ შევცვალეთ არსებული ბარათები, მისი დიზაინი და ყველა საპატიო კონსულს ახალი ბარათები გადაეცემა.