საქართველოს უნივერსიტეტებს 26 ათასი სტუდენტი შეემატა. 35 500 აბიტურიენტიდან 6 – ათასმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა კი 9- ათასმა ვერ შეძლო.
მათთვის, ვინც დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ვერ მოიპოვა, 2014-2015 სასწავლო წლისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურ გრანტებს გასცემს. აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული ბაკალავრებისთვის – 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარი გამოიყო.
განათლების სამინისტროს ცნობით, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
ბაკალავრიატში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს; ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებს; ობოლ (უდედმამო) სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ.
მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს; სოციალურად დაუცველ მაგისტრანტებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
რაც შეეხება, უნივერსიტეტებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობის შევსებას, რომლის რიცხვი 45 ათასი იყო, ვერ მოხერხდა. რატომ ხდება, რომ უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა დიდია, ხოლო ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი დაბალი?
ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსს და ფსიქოლოგიის პროფესორ ზურაბ ვახანიას ესაუბრა.
_ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება. 2014 წლამდე ბევრი ცვლილება განიცადა უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის ამ წესმა. თქვენ აზრით, გაამართლა, თუ აბიტურიენტების შეფასების ამგვარმა სისტემამ? საკმარისია უნივერსიტეტებში მოსახვედრად მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება?
_ საქართველოში, 20 წელია, განათლების სისტემაში ყველაფერი უკან-უკან მიდის და ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც გაკეთდა 90-იანი წლების შემდეგ ამ სფეროში. მრავალი ხარვეზი ახლავს თან, მაგრამ რაც იყო, იმას ნამდვილად ჯობია. წესიერ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის ატესტატის ნიშნები, მაგრამ საქართველოში ვერ ენდობი სკოლის ნიშანს.
2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ვაანალიზებ ეროვნული გამოცდების შედეგებს და გეტყვით, რომ ახლანდელი ტესტები გაცილებით მარტივია, ვიდრე 2005-სა და 2006 წლებში. მაშინ ბარიერი 49 ქულა იყო, საშუალოდ. ახლა ძალიან ცოტაა.
გამოცდების ბარიერის შემცირებაც გვიჩვენებს, როგორ უარესდება განათლების დონე. თუმცა, მისაღები გამოცდების მთავარი ნაკლი სულ სხვაა. ასეთი ტიპის ტესტს აქვს თავისი ინსტრუქცია. თუ მას არ დაიცავ, ტესტი ხდება უაზრო. ინსტრუქცია მდგომარეობს შემდეგში: ასეთი ტიპის ტესტში ზღვარი უნდა იყოს 50-45%.40%-ზე ნაკლები არ შეიძლება. ახლა რომ არის ზოგიერთ საგანში 23 და 24 ქულა, ეს ნიშნავს, რომ ბარიერი არ არის. ამიტომაა, რომ ბევრი აკრიტიკებს ამ სისტემას. ტესტი თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს, როცა ასეთი დაბალია ბარიერი. ალალბედზე შემოხაზვით იოლად გადის ფონს აბიტურიენტი.
_ თუმცა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ მინიმალური ზღვრის შემთხვევით გადალახვის შანსი, ქულების გათანაბრების საფუძველზე, რომელიც დააწესეს, ახლა უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლებში იყო…
_ მართალია პასუხების რაოდენობას მოუმატეს, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია ალალბედზე შემოხაზული პასუხების რიცხვი. ვინც, მაგალითად, ზოგად უნარებში 40 ქულაზე მეტს ვერ იღებს, ის სტუდენტობისთვის არ არის მზად. ეგ ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება არის ფიქცია. ასე მოხვედრილი სტუდენტი სწავლისთვის არ არის მზად.
_ რაც შეეხება გრანტების განაწილების პრინციპს, იყო დრო, როცა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე იღებდა მას სტუდენტი. ეს პრინციპი შეცვლილია და ყველა გამოცდის შედეგები მონაწილეობს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისას. სამართლიანია, თუ არა გრანტის გაცემის ამგვარი მიდგომა?
_ ვფიქრობ, სწორია გრანტების ასეთი განაწილება. რატომ უნდა ენიჭებოდეს მარტო ერთ გამოცდას მნიშვნელობა? კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, ბარიერის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში. მაღალი რომ იყოს ბარიერი, მაშინ უმაღლესი სასწავლებლების 2/3 დარჩება ცარიელი. განათლების დაბალი დონეა ჩვენს ქვეყანაში და იმიტომ ვერ ივსება ადგილები უნივერსიტეტებში. სკოლა განათლებას ვერ იძლევა.
ეს მარტო სკოლის ბრალი არ არის, კომპლექსური პრობლემაა. 15 წლის მერე საქართველოს საშუალო მოსწავლე რომ იყოს სომხეთის და ყაზახეთის დღევანდელი მოსწავლის დონეზე, ეს ჩვენი განათლების სისტემის უდიდესი მიღწევა იქნება. არ ვედრები გერმანიას და ფინეთს, არც რუსეთს და ბალტიისპირეთს. მათ 15-ის კი არა 55 წლის შემდეგ თუ დავეწიეთ, ესეც კარგი იქნება.
_ როგორ შეძლო სომხეთმა და ყაზახეთმა განათლების ხარისხის გაუმჯობესება?
_სხვათაშორის, არ არის საუბარი ჯერ გაუმჯობესებაზე. ამ ქვეყნებში კომუნისტების დროს დაიწყო ეს პროცესი და ყოველი მომდევნო წელიწადი არის უკეთესი, ვიდრე წინა. მარტო იმას თუ მოვახერხებთ, რომ გაუარესება არ ხდებოდეს განათლებაში, ესეც მიღწევა იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ უკუსვლა ვერ შევაჩერეთ.
იქ მცირე გაუმჯობესება მოახერხეს. ჩვენ 90- 95-იან წლებში რა დონეც იყო, ის რომ შეგვენარჩუნებინა, ძალიან კარგი იქნებოდა. ვისაც რა სულელური აზრი მოუვა თავში და იმას აკეთებს განათლების სფეროში, ამან მიგვიყვანა ჩვენ ამ მდგომარეობამდე.
_ პრაქტიკამ აჩვენა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრილ სტუდენტებს უნივერსიტეტები ვეღარ სთავაზობენ იმგვარი ხარისხის სწავლებას, როგორი სტარტიც მათ აბიტურიენტობისას აქვთ აღებული. პირადად, მე ბევრი სტუდენტისგან გამიგონია, რომ გამოცდების ჩაბარებისას უფრო კარგად იცოდნენ უცხო ენა, ვიდრე უნივერსიტეტის დამთავრებისას. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
_ რაც შეეხება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს, თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ეკონომიკას, უცხო ენებს, ფილოლოგიას, იურიდიულს, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. თქვენ ახსენეთ უცხო ენა და ნამდვილად არის ეგ მდგომარეობა, მაგრამ, ნაწილობრივ, სხვა საგნებშიც ეგრეა. ზოგი საკითხი, რომელიც იცოდნენ პირველ კურსზე, აღარ იციან უმაღლესის დასრულების შემდეგ.
გეთანხმებით, აქ უმაღლესი განათლებაც სცოდავს, მაგრამ ამის მიზეზი ისიც არის, რომ ახალგაზრდები არ არიან მზად სტუდენტობისთვის, არამარტო ცოდნით, არამედ სწავლისადმი განწყობით.
თქვენ რომ გადახედოთ რომელიმე უნივერსიტეტის ეზოს საზღვარგარეთ და შემდეგ ჩვენსას, დაინახავთ, რომ ჩვენი სტუდენტები განწყობილები არიან სათამაშოდ და საღლაბუცოდ და არა – სამუშაოდ. არავის არ აქვს წიგნი და რვეული. ტიპური უნივერსიტეტის სტუდენტს კი დრო არ რჩება, კვირაში ერთხელ მაინც რომ გაერთოს.
უნივერსიტეტი ამაში ძალიან მონდომებულიც რომ იყოს, ვერ გარიცხავს სტუდენტს. მაშინ როგორ გადაუხადოს პროფესორებს ხელფასი?
_ რაც შეეხება უნივერსიტეტების რეიტინგს, როგორც სტატისტიკამ აჩვენა, აბიტურიენტების უმრავლესობამ თსუ-ზე, ილიას და თავისუფალი უნივერსიტეტების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. რეიტინგი ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ უნივერსიტეტებს კარგი განათლების მიცემა შეუძლიათ სტუდენტებისთვის?
_ გააჩნია, რომელ დარგზე ვისაუბრებთ. აკადემიური მეცნიერებების სწავლების კუთხით, ნამდვილად საუკეთესოა ჯავახიშვილი. ეკონომიკაში და მენეჯმენტის სწავლებაში იქ რა ხდება, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი უნივერსიტეტი. ეს საერთაშორისო კვლევამაც აჩვენა. ილიას უნივერსიტეტი ქართულ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე ბოლოს გავიდა. მასზე წინ იყო სამედიცინო და პოლიტექნიკური.
თუმცა, განათლებაში არაფერს არ ნიშნავს საბაზრო პრინციპები. რომელი თეატრი და ფილმიც მოსწონს ბევრ ხალხს, ის ხომ არ არის საუკეთესო? ასეა უნივერსიტეტებიც. ბევრი რომ აკეთებს არჩევანს, ეს არ ნიშნავს, რომ იმ უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხი მაღალია.