ხვალიდან, გარკვეული სახეობის წამლების ყიდვა მხოლოდ რეცეპტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
კანონი ამის შესახებ, პარლამენტმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, თუმცა მოსახლეობაში აღნიშნულ რეფორმას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ეს ვნებათაღელვა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ტექსტური სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნა დაიწყეს, რომლითაც მოსახლეობას მედიკამენტების მარაგის შექმნისკენ მოუწოდებდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "გურია ნიუსთან" განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი ნამდვილად არ აქვს.
_ წამლების რეცეპტებით გაცემის მთავარი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ ერთი შეხედვით მარტივ ცვლილებას წინ უძღოდა გარკვეული სააფთიაქო ქსელების მიერ მოსახლეობისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მოწოდება, რომ მოიმარაგონ მდიკამენტები. ამან გარკვეული პანიკა შექმნა მოსახლეობაში და დადგა რიგები წამლების შესაძენად.
მინდა, განვუცხადო მოსახლეობას, რომ შიშის დ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია გარკვეულ მედიკამენტებზე, თითქოს, რეცეპტით გაიყიდება, მაშინ როცა 4 000-მდე მედიკამენტი რჩება თავისუფალ გაყიდვაში. ამასთან დაკავშირებით, ყველა საინფორმაციო საშუალებასთან სათხოვარი მაქვს, ინფორმაცია იმის შესახებ ესა თუ ის მედიკამენტი რეცეპტით იქნება თუ ურეცეპტოდ, აიღონ პირველწყაროდან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდიდან, სადაც მარჯვენა მხარეს არის საძიებელი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერ მედიკამენტზე მიიღებენ ინფორმაციას.
ასევე, მინდა განვაცხადო ისიც, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გარკვეული მედიკამენტები გაქრა და აღარ იყიდება. ეს მედიკამენტები გაყიდვაშია ჩვეულებრივ და პანიკის საფუძველი არც ამასთან დაკავშირებით არსებობს.
ეს არის ჩემი მოკლე გზავნილი მოსახლეობისთვის.
_ ბატონო დავით, მოკლე ტექსტური შეტყობინებები ფარმაცევტული კომპანიებისგან თითქმის ყველას მიუვიდა. ხომ არ გქონდათ ამასთან დაკავშირებით საუბარი აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელობასთან და რა განმარტებებს აკეთებენ ისინი?
_ ფარმაინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებთან ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა და ისინი დეკლარირებულად აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან ამ ცვლილებებს. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი ამ ტექსტური შეტყობინებების შესახებაც და ვუსაყვედურე ამის გამო. მათ განაცხადეს, რომ გააგზავნეს შეტყობინება მხოლოდ იმის შესახებ, რომ პირველი სექტემბრიდან რეცეპტები ამოქმედდებოდა. მათივე განმარტებით, რაც შეეხებოდა მოწოდებებს მარაგების შექმნაზე, ამის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ. თუმცა, ფაქტია ის, რომ ასეთ მესიჯებს იღებდნენ ადამიანები და მოდიოდა ჩემთანაც.
მე მათ პირდაპირ განვუცხადე, რომ ეს არ იყო პარტნიორული საქციელი, რაზეც მიპასუხეს, რომ ეს ალბათ საშუალო და ქვედა რგოლისგან მოდიოდა და არა მათი მითითებით.
დასკვნის სახით მინდა განვაცხადო, რომ რეცეპტების შემოღება არ იქნება დაკავშირებული მოსახლეობისთვის დამატებით ბარიერებთან და რიგების, ფინანსური და დამატებითი გადასახადების კუთხით მოსახლეობას ბარიერებს არ შეუქმნის. ჩვენ სწორედ ამ რისკების გაწერას და მომზადებას მოვუნდით ნახევარი წელი, რომ ყველა ეს რისკი დასულიყო მინიმუმამდე. მე ვფიქრობ, ეს პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვა.